განათლება
ველოდებით, რომ მაისში რეაბილიტაცია დასრულდება – ალექსანდრე ჯეჯელავა პირველ სკოლაზე
ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაციის დასრულებას მაისის თვეში ველოდებით – ეს განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მესხეთში ვიზიტის დროს გააკეთა. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მშენებლობა დროში გაჭიანურდა, თუმცა კონტრრაქტორები ირწმუნებიან, რომ მუშაობას მაისის თვეში დაასრულებენ.

"მოგეხსენებათ, რომ კონტრაქტორების შერჩევა ხდება ტენდერით და სამწუხაროდ ხანდახან არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორები ან ისეთი კომპანიები, ვისაც არ აქვს საკმარისი გამოცდილება ახერხებენ ასეთი კონკურსების მოგებას, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამჯერად დაპირება იქნება შესრულებული და მაისში მშენებლობა სრულად დასრულდება" – განაცხადა მინისტრმა.

ტელეკომპანია "მეცხრე არხის" მიერ ბოლოს მომზადებულ სიუჟეტში მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი ირწმუნებოდა, რომ სამუშაოები აპრილის თვეში დასრულდებოდა. მინისტრისთვის მიცემული პირობის თანახმად კი ირკვევა, რომ
მშენებლობის დასრულების თარიღმა კიდევ ერთი თვით გადაიწია.

სკოლის რეაბილიტაციას ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი" აფინანსებს. სამუშაოები 2016 წლის 20 იანვარს დაიწყო. კომპანიას მშენებლობის დასასრულებლად ვადა გასული წლის 30 სექტემბრამდე ჰქონდა. თუმცა რეაბილიტაციის დასრულების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. ამის გამო, კომპანიას პირველი დეკემბრიდან ყოველდღიურად 500 დოლარის ოდენობის ჯარიმა ერიცხება.

რეაბილიტაციის დასრულებამდე მოსწავლეებს გაკვეთილები მესამე და მეექვსე სკოლაში უტარდებათ.

პირველი საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობაზე პასუხისმგებელი განათლების სამინისტროა.


| Print |