განათლება
განათლების სამინისტრო მცირე სკოლების გაძლიერებას გეგმავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მცირე სკოლების გაძლიერებას გეგმავს. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, უწყება თანხებს პირველ რიგში იმ სკოლებზე დახარჯავს, რომელშიც 200 ბავშვზე ნაკლები სწავლობს. მინისტრის ინიციატივით, ასეთ სასწავლო დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ საუკეთესო შენობა, ინფრასტრუქტურა და სასკოლო ატიბუტები.

"რახან ყვალაფერზე ფული არ გვყოფნის, ვამბობთ, რომ პატარა სკოლებს უნდა მივხედოთ. მივხედოთ ნიშნავს ინფრასტრუქტურას, ანუ ყველაზე მაგარი შენობა, ყველაზე მაგარი მერხი, კომპიუტერი, ინტერნეტი, უნდა ჰქონდეს მცირე სკოლას. იმიტომ, რომ იქიდან ბავშვი აქეთ კი არ უნდა მოდიოდეს, არამედ შეიძლება აქედან მიდიოდეს იქით" – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამინისტროს მიზანს, საქართველოში, შიდამიგრაციის შეჩერება წარმოადგენს.

"საკითხი გადის შემდეგზე: პატარა სოფლები გვექნება თუ აღარ გვექნება" – განმარტა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრი მცირე სკოლებში კულტურული ცენტრების შექმნას გეგმავს:

"მაგალითად: გვინდა, რომ იქვე იყოს, იმავე შენობაში, კონო, კინოჩვენება, ბიბლიოთეკა, საბავშვო ბაღი, ზრდასრულთა განათლების ცენტრი, უცხო ენების სწავლება და ა.შ. გვინდა, რომ ვინც მცირე სკოლებში იმუშავებენ, ამ პედაგოგების ფუნქციები თანდათან გავაფართოვოთ, ანუ ერთი შეითავსებს ბიბლიოთეკარობას, მეორე ინტერნეტს ასწავლის და კომპიუტერულ პროგრამებს ზრდასრულებს, ასევე ზრდასრულებს უცხოენებს ვასწავლით. საზოგადოებრივი ცენტრები რომ არის, გვინდა, რომ ეს ცენტრები მცირე სკოლების ნაწილი გახდეს. საბოლოო ჯამში, მივდივართ იქითკენ, რომ მცირე სკოლაში მუშაობაც და სწავლაც, უნდა იყოს ყველაზე კარგი" – განაცხადა მინისტრმა.

მცირე სკოლებში მომუშავე პედაგოგებისთვის, ალექსანდრე ჯეჯელავა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის "შემსუბუქებას" გეგმავს. მინისტრი თვლის, რომ ამ გზით პედაგოგებს მოტივაცია შეექმნებათ, სოფლის სკოლებში იმუშავონ.

"მოკლედ ჩვენ გვინდა, რომ მოტივაცია ჰქონდეს ადამიანს და წავიდეს მცირე სკოლაში. მასწავლებელიც და მოსწავლეც გვინდა, რომ იქით მივიზიდოთ. ამას თუ არ ვიზამთ, სოფლის სკოლები გაქრება და ყველა ჩამოვა ახალციხეში, აქედან თბილისში და ა.შ. საბოლოო ჯამში, ჩვენ დაკვკარგავთ იმას რაც გვაქვს. ვაპირებთ, რომ ამას შევეწინააღმდეგოთ" – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საგანმათლებლო პროგრამებში დაგეგმილი სიახლეებზე, განათლების მინისტრმა, ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში პედაგოგებთან და დირექტორებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ალექსანდრე ჯეჯელავა ქალაქს 19 აპრილს სტუმრობდა.
| Print |