განათლება
რატომ ვერ აირჩიეს რექტორი? – პროფესორების მოსაზრებები და ვარაუდები
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები რექტორის არჩევნების ჩაშლის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ. შედეგების მიხედვით, ვერ მოხდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელის არჩევა. პარალელურად მოქმედ რექტორს უფლება–მოსილების ვადა ამოეწურა.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების მოულოდნელმა შედეგმა წესდებაში ცვლილების შეტანის აუცილებლობა დღის წესრიგში დააყენა. არჩევნები ჩაიშალა, ხოლო სასწავლებლის ხელმძღვანელს უფლება–მოსილების ვადა ამოეწურა. უნივერსიტეტის იურისტის განმარტებით, სამართლებრივი ჩიხიდან გამოსასვლელად აკადემიურმა საბჭომ წესდებაში ცვლილება უნდა შეიტანოს, რომლის მიხედვითაც მას უფლება მიეცემა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიოს.

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საარჩევნო კოლეგია რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ირჩევს. თუ უნივერსიტეტის ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, კანონი შემდგომ პროცესებს ვერ არეგულირებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მსგავს სიტუაციაში სასწავლებელი არასდროს აღმოჩენილა, შესაბამისად, ეს დეტალები არც მათ წესდებაშია გაწერილი.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 3 ივლისს ჩატარდა. 4 გაბათილებული ბიულეტენის გამო, პროცესი ჩაიშალა. 4 ივლისს მოქმედ რექტორს მერაბ ბერიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მოვალეობის შემსრულებლის დასახელებას დრო სჭირდება, შესაბამისად უმაღლეს სასწავლებელს რექტორი არ ჰყავს.


| Print |