განათლება
უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიეს
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიეს. არჩევნებში მონაწილეობას მერაბ ბერიძე, თინა გელაშვილი და რომან გოგოლაური იღებდნენ.
ექვსი ხმიდან ხუთი მერაბ ბერიძემ, ერთი კი თინა გელაშვილმა მიიღო. აკადემიურმა საბჭომ, დახურულ კარს მიღმა იმსჯელა.

შედეგის გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს თინა გელაშვილი. კანდიდატი ეჭვქვეშ აყენებს ექვსკაციანი საბჭოს ლეგიტიმაციის საკითხს, რადგან მასში იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები არ შედიოდნენ.

პროფესორს პრეტენზიები აქვს მერაბ ბერიძესთანაც. მისი თქმით, 65 წელს გადაცილებულ პირს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ კონკურენტი არ ეყოლებოდა.

თინა გელაშვილის თქმით, უნივერსიტეტის რეიტინგი ეცემა და ეს ყოფილი რექტორის დამსახურებაა.

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, წევრებზე მერაბ ბერიძის გავლენას უარყოფს და ამბობს, რომ ხმის მიცემის პროცესმა, დარღვევების გარეშე ჩაიარა.

მერაბ ბერიძე აპირებს, რომ მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე, მისი 60–გვერდიანი პროგრამის ნაწილი შეასრულოს.

მოვალეობის შემსრულებელმა 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების ჩატარება, თუმცა თინა გელაშვილი ამ არჩევნებსაც ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ აკადემიური საბჭოს წევრების გადაწყვეტილებაზე, მერაბ ბერიძე გავლენას ამჯერადაც მოახდენს.



| Print |