განათლება
ოქროს მედლის გარეშე დარჩენილი მედალოსნები
რატომ შეიქმნა პრობლემა, ვინ დაუშვა შეცდომა და ვის ევალება ხარვეზის გამოსწორება?

წარჩინებულმა მოსწავლეებმა 12 წლის შემდეგ, შესაძლებელია ოქროს მედლები ვეღარ მიიღონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მშობლებმა შემთხვევით გაიგეს.

ნიშნებთან დაკავშირებული პრობლემა, სამცხე–ჯავახეთის შვიდ სკოლაში დაფიქსირდა. ხარვეზის გამოსასწორებლად, წარჩინებული მოსწავლეების მშობლებმა, წერილით განათლების სამინისტროსა და ახალციხის რესურსცენტრს უკვე მიმართეს.

მდგომარეობა ტრაგიკული არ არის – აცხადებს ახალციხის #6 საჯარო სკოლის დირექტორი. გია კაპანაძე იმედოვნებს, რომ წარჩინებული მოსწავლეები, კუთვნილ მედლებს მიიღებენ. პრობლემის მოსაგვარებლად სკოლის დირექტორი 28 ნოემბერს განათლების სამინისტროში წერილს კიდევ ერთხელ გააგზავნის. გია კაპანაძე განმარტავს, რომ პედაგოგების მიერ დაშვებული შეცდომის გამო მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა პასუხი არ უნდა აგონ.

184 შემთხვევიდან, მხოლოდ 18–ზე გაიცა უარყოფითი რეკომენდაცია – განმარტავს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილა ეკა ლეჟავა. მისი განცხადებით, მოსწავლეებს კუთვნილი მედალი იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ სკოლა წერილობით დაადასტურებს, რომ ფაქტი ნამდვილად სკოლის ბრალი იყო.

პრობლემა სამი წელია არსებობს და წარჩინებული მოსწავლეების მშობლებმა ამის შესახებ მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეიტყვეს. არაინფორმირებულობის გამო თავის წილ პასუხისმგებლობას ეკა ლეჟავა მშობლებსაც აკისრებს და აცხადებს, რომ სასწავლო ჟურნალის მიმართ, მშობლებს მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ, რასაც არ ეთანხმება სკოლის დირექტორი.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები კუთვნილ ოქროს მედლებს ვერ მიიღებენ, მშობლები მზად არიან პრობლემის მოსაგვარებლად, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს მიმართონ და ბრძოლა სამართლებრივი გზით გააგრძელონ.

განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გადასწორებული შემთხვევების ძირითადი ნაწილი სამცხე–ჯავახეთში, ხოლო სკოლების შემთხვევაში მეექვსე საჯარო სკოლაზე მოდის.




| Print |