განათლება
სასამართლოს მიერ სამსახურში აღდგენილი პედაგოგი, გაკვეთილებს ვერ ატარებს
სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის მასწავლებელი, გაკვეთილებს ამ დრომდე ვერ ატარებს.
დათა დათაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, დირექტორი შენობაში არ უშვებს.

სპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მასწავლებელი, პოზიციაზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პირველ ნოემბერს აღადგინა. მოსამართლემ მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად სცნო და სკოლას დათა დათაშვილისთვის განაცდურის ანაზღაურება დაავალა.

აღდგენილმა პედაგოგმა სასწავლო პროცესში ჩართვა რამდენჯერმე სცადა, თუმცა ამას ქეთევან ობოლაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა.

დათა დათაშვილის თქმით, დირექტორის მხრიდან სამეურვეო საბჭოს წევრებზე ზეწოლა ხორციელდება.

"მე–9 არხის" დატელეფონო ზარებს არ პასუხობს ქეთევან ობოლაშვილი. მისმა ადვოკატმა კი ჯერ არ იცის, გაასაჩივრებს თუ არა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სკოლის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან ობოლაშვილმა სპორტისა და საგზაო უსაფრთხოების პედაგოგი სამსახურიდან 10 ივლისს გაათავისუფლა. სამეურვეო საბჭომ დირექტორის ბრძანება და დათაშვილზე დაკისრებული დისციპლინური სახდელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და გააუქმა. მას შემდეგ მასწავლებლების ნაწილი დირექტორის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდა. პედაგოგმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართა.

| Print |