განათლება
კარტიკამში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული საჯარო სკოლა იხსნება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლა,

19 აპრილს, გაიხსნება.  სკოლას საზეიმოდ გახსნიან ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია.

ამ ეტაპისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 6 საჯარო სკოლაა სრულად რეაბილიტირებული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვილი.

2016-2017 წლებში კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 70 ათას კვადრატულ მეტრ ფართს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 10 ათასზე მეტი მოსწავლისთვის.

პარალელურად მიმდინარეობს 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ჯამში რეაბილიტაცია უტარდება 62 ათას კვადრატულ მეტრ ფართს. სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 13 ათასი მოსწავლისთვის.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის დაფინანსებით. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.

| Print |