განათლება
პრობლემები, რომელიც სახელმწიფო ენის სტატუსს უკავშირდება
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგია განიხილეს. დეპარტამენტის თავმჯდომარე
პროფესორ–მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი დეპარტამენტის სტრატეგიისა და სამომავლო გეგმების გაცნობა იყო. აქცენტები გაკეთდა აბრებსა და სარეკლამო ბანერებზე ქართულენოვანი წარწერების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, სახელმწიფო ენის როლის განმტკიცებასა და კიდევ უფრო გაძლიერებაში, განსაკუთრებული როლი ახალგაზრდობას ენიჭება.

,,ყველაზე კარგად მათ იციან რა პრობლემები არსებობს ქართული ენის შესწავლის საკითხთან დაკავშირებით" – ირწმუნება დეპარტამენტის თავმჯდომარე.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ყველა დაინტერესებულ პირს, თვითმმართველობების და ბიზნესის წარმომადგენლებს საკონსულტაციო-საინფორმაციო მომსახურებას უფასოდ სთავაზობს. მათ შეუძლიათ მიმართონ სახელმწიფო ენის დეპარტამენტს და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღონ. სახელმწიფო ენის არცოდნა თუ რა ბარიერებს ქმნის, ამის შესახებ უნივერსიტეტის სტუდენტი საუბრობს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აქცენტს ინტეგრაციაზე აკეთებს. ანა არუთუნიანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია.

დეპარტამენტის თანამშრომლების განმარტებით, სადავო საკითხების დაზუსტების საქმეში ენათმეცნიერები და საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთვებიან, თუ როგორ უნდა იყოს ინტერპრეტირებული ქართულად, რომელიმე ბრენდი, სასტუმროს დასახელება და ა.შ. შეხვედრის დასასრულს ენის სახელმწიფო დეპარტამენტსა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. უნივერსიტეტის რექტორის მაკა ბერიძის განმარტებით, სათანამშრომლო სფერო ორივე უწყებისთვის ორგანულია.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მსგავსი შეხვედრები ახალქალაქის უნივერსიტეტსა და რეგიონის ხელმძღვანელობასთან გამართეს.

| Print |