აბრეშუმის გზა
კოხტას ციხე - ადგილი ასპინძაში, სადაც ცოტნე დადიანი შეთქმულებას გეგმავდა

 

ასპინძაში, სოფელ დამალასთან, კოხტასხევის ხეობაში მდებარეობს XIII-XVIII საუკუნეების ციხე, რომელსაც კოხტასთავის შექმულებას და ცოტნე დადიანის გმირობის ამბავს უკავშირდება.

ისტორიული წყაროების მიხედვით, მეცამეტე საუკუნის შუა წლებში მონღოლ დამპყრობთაგან შევიწროებული საქართველო უპატრონოდ დარჩა. ტახტზე ასული თამარის ასული რუსუდანი წინ ვეღარ აღუდგა იმ დროის მსოფლიოში ყველაზე მძლავრ საომარ ძალას. ქვეყანა დამპყრობლებმა მძიმედ დახარკეს.

კოხტასთავის შეთქმულება
ორი წელი უძლებდნენ ქართველები ბეგარას, მაგრამ მუდმივ ომებში სხვისი საქმისთვის თავგანწირვასაც საზღვარი ჰქონდა. ერისმთავრები ჯავახეთში, კოხტას ციხეში შეიკრიბნენ და „ბჭობად დასხდნენ“, თუ როგორ აღდგომოდნენ წინ მონღოლებს. გადაწყდა, რომ ერისმთავრები გაერთიანდებოდნენ და ერთიანი ძალით მოიშორებდნენ დამპყრობლის უღელს. შეთქმულთა შორის იყვნენ: ეგარსლან ბაკურციხელი, სარგის თმოგველი, ვარამ გაგელი, ივანე-ყვარყვარე ჯაყელი, კახაბერ კახაბერისძე, შოთა კუპრი, თორღა პანკელი, გამრეკელი თორელი და ცოტნე დადიანი.

მათი მიზანი დიდი ანტიმონღოლური აჯანყების მომზადება იყო. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს და მისი მონაწილეები დააპატიმრეს. გადარჩნენ მხოლოდ ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი კახაბერისძე, რომლებმაც ადრე დატოვეს ქვეყანა. დაპატიმრებულები ანისში წაიყვანეს, ხელ–ფეხი შეუკრეს, გააშიშვლეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მზეზე დაყარეს. ცოტნე დადიანმა გაიგო ქართველი დიდებულების შეპყრობის ამბავი. მან ორი მსახური იახლა და ანისში წავიდა. 

ჟამთააღმწერელი გვაუწყებს, რომ „ცოტნე დადიანი მოვიდა ორითა კაცითა და განიძარცვა სამოსელი თავისი და შეკრული დაჯდა ქართველთა თანა“ — მოახსენეს მონღოლებმა ნოინს. ცოტნემ მონღოლებს მოახსენა, რომ თუ ისინი უდანაშაულოებს ასე სასტიკად სჯიდნენ, მაშინ თავადაც მეგობრების გვერდით მოკვდებოდა. მონღოლებმა ცოტნე დადიანის სიტყვები ირწმუნეს და ქართველი დიდებულები გაათავისუფლეს.
კოხტას ციხის შესახებ

ციხე კლდოვან მთაზე დგას და მისი ზედაპირი განსაზღვრავს ციხის ფორმასაც - ის მართკუთხედია. ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული, ადგილობრივი ქვით. კედლების სიმაღლე 5 მეტრს აღწევს, სისქე კი საშუალოდ 1,5 მეტრია. ციტადელის კედლებში, გარდა აღმოსავლეთის კედლისა, დატანებულია სხვადასხვა ზომის სარკმლები, რომელთაგან ნაწილი მოგვიანებით იარაღის გამოსაყენებლად გაუფართოვებიათ.

ციტადელის დასავლეთით 20 მეტრზე დგას ციხის თანადროული ეკლესია, ნაგებია ქვითა და დუღაბით. ქონია დამუშავებული ქვის ფილების პერანგი, რომლისგანაც დღეს აღარაფერია შემორჩენილი. ტაძარი დარბაზული ნაგებობაა.
| Print |