აბრეშუმის გზა
რა არის და რამდენად საფრთხის შემცველია პნევმატური იარაღი?
პნევმატური იარაღი სასროლი იარაღის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. პნევმატური იარაღის შემთხვევაში ტყვია წნევის ქვეშ არსებული აირის ზემოქმედების შედეგად გამოდის.

თანამედროვე პნევმატური იარაღი უპირატესად სპორტული და გასართობი დანიშნულებისაა, თუმცა მას ხშირად ფრინველსა და მცირე ზომის ცხოველებზე სანადიროდაც იყენებენ. თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე პნევმატურ იარაღს დიდი სიმძლავრე არ აქვს, მაგალითად სპორტულ-გასართობი პნევმატური იარაღის გასროლის სიმძლავრე, როგორც წესი, 7,5 ჯოულს არ აღემატება, სანადირო დანიშნულების პნევმატური იარაღის გასროლის სიმძლავრე კი 25 ჯოულს შეადგენს.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ XVII საუკუნიდან XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე მას სრული სერიოზულობით განიხილავდნენ ცეცხლსასროლი იარაღის ალტერნატივად, რომლითაც ჯარი უნდა აღეჭურვათ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ პრიმიტიული საფანტის ტიპის იარაღთან შედარებით მას ბევრი უპირატესობა ჰქონდა, მათ შორის ტყვიის სიჩქარე, სიზუსტე, ამინდისადმი ნაკლები მგრძნობელობა, ნაკლები ხმაური.

თანამედროვე მაღალი სიმძლავრის მქონე სანადირო პნევმატური იარაღის კალიბრი 12,7 მმ-ს შეადგენს. გასროლის სიმძლავრე 100 ჯოულს აღწევს და დიდ ცხოველებზე სანადიროდაც გამოდგება.

იმ შემთხვევაში, თუ 25 ჯოულზე მეტი გასროლის სიმძლავრის მქონე პნევმატურ იარაღს ვიყენებთ, დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული დაზიანებების მსგავსია. აღსანიშნავია, რომ პნევმატური იარაღის მიერ მიყენებული დაზიანებების განსაზღვრა დიდი ხნის განმავლობაში იყო ექსპერიმენტების მიზანი, რომლებსაც არაბიოლოგიურ ობიექტებზე ატარებდნენ.

წყარო: https://www.allnews.ge

| Print |