აბრეშუმის გზა
ჩაიხანა
შავშელი და ჯავახი საბაჟოს გავცდით. იმერხევს მივდივართ, ღამეა. ჰანაკი-არტაანის გზად, მარცხნივ გამახედა - აქეთ ისტორიული კუთხე ჩრდილიაო. არტაანიდან ქალაქ შავშეთს შევედით. ქალაქში შესვენება ვთხოვე, ქალაქგარეთ ჯობიაო მითხრა. ვიარეთ ნახევარი საათი და სადღაც თითქოს ყრუ ადგილას, გზაჯვარედინზე გააჩერა მანქანა. კი გამიკვირდა, მაგრამ მასპინძელი ის იყო და რა გაეწყობოდა. მსუბუქად სანაყრი შეუკვეთა და ჩაი განსაკუთრებულად გამოყო. შევისვენეთ და ერთ საათში სოფელ სურევანში, მის სახლში დავბანაკდით. მასპინძლად შინ მამა დაგვხვდა მხოლოდ. აგვისტოს შუაღამე იყო და სად ვიყავი არა ჩანდა... გვიან დავიძინეთ. ალიონზე ქართულად ყვირილმა გამაღვიძა. ცოტა კი გამიკვირდა. ვეღარ გავჩერდი, გარეთ ეზოში გავედი... პატარა კიბეს ჩავცდი და რას ვხედავ... მასეთი მთაგრეხილები ტელევიზორშიც არ მენახა. თან უკიდეგანოდ გადაჭიმული, შავშეთის მთები.

უკნიდან ბერიკაცი მომესალმა, მივტრიალდი და...
- მიირთვი გეამება. ჩვენი ეზოსია, შენთვის დავარხიე. უშაქრო თუთას ვეძახით, ასეთს ვერსად ნახავ...
თუთა მართლაც სხვა გემოსი იყო, თან გემრიელი იყო თან უშაქრო.
როგორც ამიხსნა, ბევრი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ სოფელში.

მეგობარმაც გაიღვიძა.
- დროულად ვისაუზმოთ, ბევრი სასიარულო გვაქვს. ტბეთის საერისთავო, სათლეს ციხე, ნინოწმინდის ხიდი და ხანძთა დღეს უნდა მოვასწროთ. ხვალ არ გვეცლება, ჩვენებურები მოდიან ბურსადან, იზმირიდან და სამსუნიდან...

დავეშვით სოფლიდან, გავივაკეთ და ისევ გუშინდელ ჩაიხანასთან გააჩერა მანქანა, ჩაი დავლიოთო. კი მარა ოცი წუთის წინ ვისაუზმეთ და... დავლიეთ ჩაი. სათლეს ციხის მერე ტბეთისკენ გავწიეთ, უკანა გზაზე ისევ იმ გზაჯვარედინზე გავჩერდით. ჩემთვის ვფიქრობ - კი მარა თუ ჩაი უნდა ამ დალოცვილსა, სხვაგან არ ასხავენ კაცო...? ავედით ხანძთას. იქ როგორ ავედით, ეგ ცალკე დასაწერი ისტორიაა კიდევ. ვბრუნდებით უკან. გზად ღია ფარდულები დავინახე, ვიფიქრე მაინც კიდევ ჩაიზე უნდა გავჩერდეთ და ახლა აქ დავლიოთ. გააჩერა მანქანა, შევისვენეთ. წამოვედით უკანა გზაზე, სადღაც 20 წუთში უნდა გავიაროთ ისევ ის ჩაიხანა, სულ რომ ყველა გავლაზე აჩერებდა. ვფიქრობ ჩემთვის ახლა აღარ გააჩერებს თქვა. მივედით, ხალხმრავლობაა, კვლავ გააჩერა მანქანა... გადმოდიო მითხრა. ვკითხე ჩაი რომ არ დავლიო რა იქნება თქვა. არც არაფერიო მიპასუხა, სიგარეტს მოვუკიდე, თვითონ კვლავ მიირთვა ჩაი. დავბრუნდით შინ.

მეორე დილით კვლავ ადრე გამეღვიძა. მითხრა რადგან აქ პირველად ხარ, არ გამოვა ის ციხე არ ნახო, სადაც პირველად სიტყვა საქართველო დაიბადაო. გაკვირვებული დავრჩი. დილიდანვე გავედით, ისევ იმ გზაჯვარედინზე კიდევ გააჩერა, კიდევ ჩაი...
არტანუჯი ვნახე, მთამსვლელი რომ ვერ მიუდგება ისეთია... ის დღე სხვანაირი იყო... უკანა გზაზე არც მითხოვია ქალაქში შესვენება, ვიცი უკვე რომ ჩაიხანა გზაჯვარედინზეა. ამ გზაჯვარედინზე არტაანის, ართვინისა და იმერხევის გზები იყოფა.

მიხვდა, რომ კითხვა მაქვს და ჩაის სმისას თავად დაიწყო საუბარი:
ოდესღაც თამარ მეფე ტაო-კლარჯეთს სტუმრობდა. უკან მობრუნებისას გზად შემოაღამდა. ამ გზაჯვარედინზე მდიდრული ქარვასლა მდგარა. ეს ქარვასლა ინდოეთიდან წამოსულ მდიდარ ვაჭრებს ემსახურებოდა და ისინი ხშირად აქ იდებდნენ ბინას. იმ ღამეს თამარ მეფეს ამ ქარვასლაში მოუსვენია...

უცებ შეწყვიტა საუბარი და ჩაიხანაში გარედან შიგნით თურქულად რაღაც გასძახა. საშუალო აღნაგობის კაცი გამოვიდა, მომესალმა. ჩემი მასპინძელი მიუბრუნდა და ახლა ქართულად მიმართა - გაიცანი ეს კაცი, გურჯისტანიდან არის. ხელი ჩამომართვა და მითხრა, როცა აქ მოხვდები მიკითხეო, მე მალაყმაძე ვარ გვარადო.

ჩემ მასპინძელმა განაგრძო საუბარი: მეფეს კმაყოფილად მოუსვენია იმ ღამეს, დილით იმერხეველები დაულოცია და თავისი ამალით ახალციხისკენ წასულა... მას შემდეგ, როცა იმერხეველები ამ გზაჯვარედინს გავივლით, წუთით ვჩერდებით თამარ მეფის საპატივსაცემოდ. როგორც არ უნდა გვეჩქარებოდეს, ერთი წუთი აქ ყველა იმერხეველი ჩერდება. ჩაიხანა კი ჩვენებური მალაყმაძის იდეა იყო, რადგან ქარვასლა სწორედ ამ ადგილას იდგაო.

იმ საღამოს ძილისპირულზე მითხრა - ხვალ დილით ადრე გავიდეთ, სათავეზე თამარ მეფის ციხეებთან რაღაცას გაჩვენებო. იმ საღამოს უშაქრო თუთა კიდევ უფრო სხვანაირი იყო. მას შემდეგ ყოველი გავლისას იმ გზაჯვარედინზე და იმ “ქარვასლაში” ყოველთვის ვჩერდები...
| Print |