აბრეშუმის გზა
განწყობანი
განწყობა რომ გვაწყობინებს საკუთარ ცხოვრებას, არ ახალია. ამ განწყობებზე წინაპრების ისტორიებიც მოქმედებს და არსებული გარემოებებიც. ქართველთა განწყობების ჩამოყალიბებაზე კუთხურმა ინდივიდუალობებმაც იმოქმედა. სვანისა და ჯავახის, რაჭველის და მოხევის განწყობები სხვადასხვაგვარია. საინტერესოა როგორ მოხდა ჩვენი ერთიანობა, ფსიქოლოგიურად, სოციალურად... ამ ერთიანობის მიზეზი თავად თითოეულის ინდივიდუალობაშია. განსხვავებულობა ქმნის საერთოს.

ერთხელ უცხოელებმა შვიდხმიანი სიმღერის ჩაწერისას რეკომენდაცია მისცეს ერთ-ერთს: აი გუშინ რომ მღეროდი, ისე იმღერეო...

- კაცო, გუშინ ისე მინდოდა და ისე ვმღეროდი, დღეს ასე მინდა და ასე ვმღერიო...

არადა, გუშინდელიც კარგი იყო და დღევანდელიც, თავად უცხოელები ადასტურებდნენ ამას.

ესე იგი შვიდხმიანი ნამღერი ასეთი კი არ ყოფილა თავიდან, როგორსაც ვისმენთ ხოლმე, არამედ სხვაგვარი. სრულიად სხვაგვარი და მრავალგვარი. საბჭოეთში მოხდა მისი გაკლასიკურება. ანუ დავალების მიცემა გუნდისთვის... ვის პირველ ხმაზე უნდა ემღერა, ვის მეორე...

თორემ სანამ შემოვიდოდა მუსიკალური სკოლა, მანამდე ერთი დაიწყებდა, მეორე აყვებოდა, მესამე შეუხამებდა, მეოთხე ხმას გაპრანჭავდა, მერე ისევ შეცვლიდა და ასე ერთობოდა ქართველი. ერთობოდა იმიტომ, რომ ინდივიდუალურად წყვეტდა თავისი ხმა როგორი უნდა ყოფილიყო, თანაც ისე, რომ საერთო პოლიფონია გამოსულიყო. გამოდიოდა კიდეც.
ძალიან სხვაგვარია ქართველი განწყობებით, ძალიან... შუქნიშანთან წითელზე გერმანელი რომ მანქანას გააჩერებს, ის მხოლოდ წინ იყურება, ავსტრიელიც ასეა... ქართველიც გააჩერებს მანქანას, მაგრამ ის აუცილებლად გაიხედავს მარჯვნივ, მარცხნივ, შესაძლოა უკანაც... იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ ასეა, არამედ იმიტომ, რომ სიტუაციურია ის და სრულიად სხვა, თავისებურ განწყობასა ქმნის. სხვა დროს შესაძლოა მხოლოდ მარჯვნივ გაიხედოს. გუშინ ისე უნდოდა და დღეს ასე უნდა... ასეა და მორჩა.

ასეა და სხვაგვარად ვერ იქნება.
| Print |