აბრეშუმის გზა
საუბარი არაბთან (შაბათ-კვირის საკითხავი)
არაბი: კაი გამარჯობა შენი.
მე: ღმერთმა გამარჯვება მოგცეს.
არაბი გაკვირვებული მიყურებს - საინტერესო სალამი დამიბრუნე?!
მე: საინტერესო ისაა, შენ რომ სალამი გამიქართულე.
არაბი: შენ ქართველო, ბევრი რამ არ იცი.
- მაინც რა არვიცი.
- ის, რომ არაბები წინათ ქრისტიანები იყვნენ და ეგვიპტებიც.
- არაბო, ქართველების დამსახურებაა მაგი;
- რაო? როგორ? საიდან მოიტანე?
- მე არაფერი არ მომიტანია, ეს რეალობაა;
- ეჰ, ჩემო მეგობარო, ნუ მიწყენ და ძალიან გაქვთ ქართველებს თავში ავარდნილი;
- ცდები არაბო. რადგან ის არ იცი, თუ რატომც გვაქვს ავარდნილი თავში - როგორც შენ ამბობ;
- მაინც რატომ ქართველო, შეგიძლია ერთი მაგალითი მითხრა;
- არაბო, თუ უწინ ქრისტიანები იყავით, ისიც გეცოდინება თუ სად გამოეცხადა მოსეს ღმერთი;
- დიახ, ვიცი, სინას მთა იყო ეს;
- ჰოდა აი მაგ მთაზე აღმაშენებლის აშენებული ტაძარი დგას დღემდე, მაგ ტაძარმა გადაგირჩინათ თქვენ ადამიანური წარსული. არც ის დაგავიწყდეს ჩემო არაბო, რომ იერუსალიმში ქართველები გაშლილი დროშებით შედიოდნენ ცხენებზე ამხედრებულნი. დიახ თავში გვაქვს ავარდნილი, როგორც შენ ამბობ. თუმცა ამას სხვა სახელი ჰქვიან. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვი, მეჩქარება.
- მოიცა ქართველო, ასეთი პასუხი არავისგან მომისმენია;
- როდის ჩამოხვედი აქ?
- მესამე დღეა;
- გირჩევ საქართველო მოიარო, კიდევ ბევრს გაიგებ, არათუ საქართველოზე, არამედ ამ სამყაროზეც;
- კარგი რა ნუ მეხუმრები, მართლა გეკითხები - აქ საქართველოში სამყაროს შესახებ რა უნდა გავიგო?
- სამხრეთში ჩემო არაბო, ზღვის დონიდან 3303 მეტრის სიმაღლის მთასთან ციხე გვიდგას, რომელიც ეგვიპტის პირამიდების ხნისაა. აბული ჰქვიან ამ ადგილს მეგობარო. და მაშინ ამ ადგილას ქურუმები ჩამოდიოდნენ და ასტროლოგიურ დაკვირვებას აწარმოებდნენ. შენ თუ კი მართლა გინდა სამყაროს შეცნობა საქართველოდან, ადი იმ მთაზე და იქიდან გადმოიხედე, მიხვდები ნამდვილი სამოთხე სადაა და საიდან მოდის უძველესი ცივილიზაციები. იმასაც გეტყვი, რომ მარტო ეგ ერთი არაა იქ. გარშემო მეგალითური ნაგებობებია, რომლებიც კავშირში იყვნენ დიდ აბულთან. სამყაროს შეცნობა თუ მართლა გინდა, ეცადე დაადგინო როგორია ეს კავშირები და მერე მიხვდები რატომ გვაქვს ქართველებს თავში ავარდნილი;
- ქართველო, რასაც შენ მეუბნები, დიდი განაცხადია მაგი;
- ჰოდა დიდ განაცხადს დიდი ხალხი აკეთებს, დიდი ხალხი კი დიდ წარსულზე დგას;
- კარგი ჩემო ქართველო, იქნებ ისიც ამიხსნა წეღან რომ მითხარი თავში ავარდნას სხვა სახელი ჰქვიაო;
- ეგ ყველაზე მარტივია ტურისტო. ქართველების გონება ოდითგან ღმერთთან იყო ახლოს, ღმერთი ყოველ ქართველთაგანშია. ღმერთთან დიალოგი ყველას არ ძალუძს და ჩვენთან არს ღმერთი, ამიტომ ვინც ნამდვილი ღმერთი არ იცის ის ვერ მიხვდება ვერსადროს ამ გონებრივ კავშირს და ამიტომ თავში ავარდნას გვაბრალიან;
- შენ ქართველო, რომელი კუთხიდან ხარ?
- საქართველო ერთი კუთხეა!!!
- არ ვიცი, როგორ გკითხო, მაშინ ის მაინც მითხარი რომელი რეგიონიდან ან ისტორიული პროვინციიდან?
- ჯავახეთიდან.
- სიმართლე გითხრა არ გამიგია.
- აკი გითხარი კიდევ ბევრს გაიგებ საქართველოზე თქო!
- კარგი, მაშინ ასე რომ მეტრაბახები შენი ქვეყნითა და მხარეებით ერთი კაცი დამისახელე მსოფლიოში ცნობილი მაგ შენი ჯავახეთიდან.
თავი ავწიე ამაყად, წელში გავიმართე, სუნთქვაც შევიკარი, პირისპირ დავუდექი და თვალებში ჩავხედე.
- შალიკაშვილი!!!
- რაა?!
- რაც მკითხე ის გიპასუხე?!
- როგორ?
- როგორ და შენ მხარგრძელების ქვეყანას რაღაც კარგად არ იცნობ არაბო, ბირთვული ღილაკის მფლობელი აშშ-ს პრეზიდენტისა და თავდაცვის მდივანთან ერთად ჯავახი კაცი იყო. ადმინისტრაციულად ასპინძის რაიონიდან წარმოშობით და ამ რაიონის ნაწილი კი ისტორიული ჯავახეთია. გააქვს კითხვები?
არაბი დუმს...
- ქართველო, ძალიან დამაფიქრე;
- ჰოო?!... ჩვენ თავში გვაქვს ავარდნილი;
- ქართველო... მითხარი თუ ძმა ხარ, ჯავახეთის მაგვარი მხარე კიდევ რამდენი აქვს საქართველოს?
- ნამდვილი თუ რეალური?
- .........
- კარგი, რადგან ვერ ხვდები ჯერ მხოლოდ რეალურს გეტყვი.
კიდევ უფრო ღრმად ჩაფიქრდა, ისე რომ მხოლოდ ერთი რამ ვიგრძენი - დანა რომ დაერტყა ვინმეს მისთვის სისხლი არ გამოუვიდოდა..
- ოცდაერთი არაბო!
- ოცდაერთი?!
- დიახ, სულ ოცდაორია!
- შეგიძლია ჩამოთვალო?
- მე, რომ ჩამოგითვალო, გზას აღარ გააგრძელებ საქართველოში. გირჩევ შენ თვითონ მოინახულო!
- პირობას გაძლევ ქართველო, ყველა მხარეს მოვინახულებ!
- კარგი დავიწყოთ - აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი, ჰერეთი, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი, ხევი, მთიულეთი, ერწო-თიანეთი, თორი, თრიალეთი, სამცხე და ჯავახეთი.
- ქართველო!!!
- გისმენ!
- და რით განსხვავდებიან ეს მხარეები ერთმანეთისგან?!
- სიმღერით, ცეკვით, ტანისამოსით, ქცევით, ტრადიციებით, კულინარიით, ენით...
- წარმოვიდგინე, რომ საქართველო მეორე შვეიცარიაა.
- ძალიან ცდები სტუმარო.
- არ ვცდები, მისმინე ქართველო... შვეიცარია ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოთხ ენაზე საუბრობენ - გერმანული, ფრანგული, იტალიური და რეტორომანული. შენ ხომ მითხარი ენითაც განსხვავდება საქართველოს მხარეებიო.
თავი ავწიე ამაყად, წელში გავიმართე, სუნთქვაც შევიკარი, პირისპირ დავუდექი და თვალებში ჩავხედე.
- საქართველოში ხუთ ენაზე საუბრობენ - ქართული, მეგრული, სვანური, აფხაზური და ლაზური... და ამას გარდა სამი უძველესი დამწერლობა ცალკე - ასომთავრული, ნუსხური და მხედრული!!! რა შვეიცარიაზე მელაპარაკები.
სახეზე ემჩნეოდა, ნელ-ნელა როგორ ეყინებოდა სისხლი ძარღვებში.
- აკი გითხარი სამყაროს შეცნობა მარტო აქაა შესაძლებელი, ჩვენთან, სწორედ თავში ავარდნილ ქართველებთან! გააქვს კითხვები?!
- ............
- გაქვს თუ არა კითხვები?
დაბალ ხმაზე, ომში დამარცხებული სარდალივით და დამნაშავე ბალღივით, ისე რომ თვალებში ვეღარ მიყურებს, მოკრძალვით შემომიბედა:
- ქართველო, შეიძლება ნამდვილ საქართველოზეც მითხრა, რას გულისხმობდი?
თავი ავწიე ამაყად, წელში გავიმართე, სუნთქვაც შევიკარი, პირისპირ დავუდექი და თვალებში ჩავხედე.
- მე გეტყვი და შენ დაითვალე - ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, ლაზეთი, კოლა, არტაანი, სპერი, ნიგალი, ჩრდილი, ლორე, ბორჩალო, ჰერეთი, ქლუხორი, დვალეთი, ჯიქეთი...
- მოიცა ქართველო...
- რა იყო?
- შენ ალბათ უცხოეთის მიწაზე ქართულ ნაღვაწლსაც ითვლი...
თავი კვლავ ამაყად ავწიე, წელში კიდევ უფრო გავიმართე, სუნთქვა კი აღარ შევიკარი, არამედ ერთი ამოსუნთქვით მივაყარე პირისპირ - ლევილი, სინას მთა, პეტრიწონი, ათონი, იერუსალიმი, ასტრახანი, მირგოროდი, ტოვენა...
არ დამასრულებინა.
- მოიცა ქართველო, ნამდვილ საქართველოს დაუბრუნდეთ. ეს ტერიტორიები, რომ თქვენი აღარაა?!
ჩამოვჯექი.... ჩავფიქრდი.... ტირილი მომინდა.... ის იყო ყელში რაღაც მომაწვა... მერე თითქოს რაღაც გამახსენდა..... ძალიან ქართული..... ძალიან ღვთიური.... გამახსენდა, რომ ერთი ბოთლი ღვინო მანქანაში სულ ყოველთვის მიდევს ორი ლამაზი სანთლის ფიალით... ერთზე ახალციხის ციხეა გამოსახული, მეორეზე თბილისის. უკვე ვმშვიდდები ნელ-ნელა, ძალას ახალად ვიკრებ და მივხვდი, რომ ქცევით თუ გავაკვირვებ ამ სამყაროს, თორემ ამ არაბის დარდი სულაც არ მქონდა...
შევავსე ორივე ფიალა, ერთი გავუწოდე სტუმარს და კიდევ ერთხელ, ახლა უკვე ფიალით ხელში უფრო მეტად წელშიც და მხრებშიც გამართულმა არაბს გავხედე უკვე მოკრძალებული თვალითა, რადგან ის სტუმარია და მივაგებე:
- იცოდე მეგობარო - ის, რაც ჩემი ნებით არ დამითმია, დაკარგულად არ ითვლება!!! კეთილი იყოს შენი მობრძანება საქართველოში. ისიც იცოდე, რომ ტაო კლარჯეთშიც შეგიძლია წასვლა და კიდევ ყველგან სადაც საქართველოა.
ფიალა დაბლა დაწია, ჩაფიქრდა, თვალები გაუწყლიანდა, დაპატარავდა.... მერე კი.... როგორც მე.... მანამდე რამდენიმეჯერ რომ გავიმართე წელში ცასა და მიწას შორის.... ზუსტად ისე გაიმართა, სახეც ოდნავ გაუნათდა... დოინჯიც შემოირტყა და უცებ ხმაც შეიცვალა:
- მე ქართველი ვარ!!!
ახლა მე დავუშვი ქვევით შესმული ფიალა...
ვერ მივხვდი....
მხარზე ხელი დამადო და ჩაილაპარაკა - მე ქართველი ვარ ქრისტიანი, ოთხასი წელია წასული ვარ აქედან... საქართველოს მოქალაქეობას ვითხოვ, უარს მეუბნებიან... მაპატიე, რომ აქამდე არ გითხარი, პირველად ვარ საქართველოში და მრცხვენია იმის თქმა, რომ მეშინოდა აქ ჩამოსვლის...
* * *
(II ნაწილი)
სამი თვის შემდეგ.
სატელეფონო ზარი სტამბულიდან.
- გისმენთ?!
- გამარჯობა, მეგობარო გურჯო!
- გაგიმარჯოს, მეგობრობის ბურჯო!
- ყოველთვის როგორ განსხვავებული მოსალმება იცი?!
- ჩვენებურები იმსახურებთ და ამიტომ ჩვენებურო.
- როგორ ხარ, როგორაა ჩემი გურჯისტანი?
- კარგად ჩვენებურო და საქართველოსაც არა უშავს ჯერ-ჯერობით.
- გურჯო, შენ რომ არაბი გამოგვიგზავნე...
- დიახ!
- გავაგზავნეთ მისი დნმ და სხვა ანალიზები ამერიკაში და პასუხიც მოვიდა.
სუნთქვა შემეკრა, დავიძაბე, წამის პაუზა საუკუნედ მომეჩვენა...
- გურჯო!
- გისმენ...
- დამტკიცდა - ქ ა რ თ ვ ე ლ ი ა!!!
- ..............................
უპეზე ცრემლი ვიგრძენი...
- ზუსტად ისეთივე ქართველია, როგორც ჩვენებური ლაზი, შავშელი, იმერხეველი და მაჭახელელი. წვეთი სისხლი არ აქვს აღრეული სხვა ერში. ამერიკულმა ლაბორატორიამ დაადასტურა მისი ქართულ-იბერიული გენეტიკური კოდი და საბუთიც გადმოაგზავნა. მოვიდა თუ არა პასუხი, იმ წამსვე დაგირეკე;
- ჩვენებ... ჩვენებურო - ძლივს აღმომხდა...
- გისმენ?!
- მადლობა.... ახლა ვეღარ გესაუბრები... მერე დაგირეკავ.
- გურჯო მოიცა!!!
- რა იყო?
- სხვა რამ მინდა გითხრა... ეგ არაბი... არაბი კი არა და ძირძველი ქართველი... სად იპოვე ან როგორ?
- რად მეკითხები?
- ყური კარგად დამიგდე გურჯო! მაგი არა მხოლოდ ქართველია... ის, ცისფერსისხლიანიცაა!
- ეგ საიდან მოიტანე, ეგეც ლაბორატორიამ დაადგინა?
ჩვენებური სტამბულიდან იცინის...
- არა, გურჯო შემოგევლე, მთავარი არ მითქვამს ჯერ... შენ ხომ იცი აქ სტამბულში ჩვენებურები - შავშები, ტაოხები და ლაზები ცოტანი არა ვართ. მათ შორის თავადური გვარების შთამომავლებიც არიან. საქმე ისაა, რომ ეგ დალოცვილი ყოფილი არაბი და ახლა უკვე ძირძველი ქართველი აქ როცა ჩამოვიდა, კლინიკაში ანალიზების ჩაბარების შემდეგ, მთხოვა სტამბულში ერთი კაცისთვის დამერეკა და თარჯიმნობა გამეწია, ის კაციც ქართველია, ოღონდ ენა არ იცის. მასთან ტელეფონზე დარეკვიდან ერთ საათში, ოთხი ჩვენებური ბიზნესმენი მოვიდა და ეს ჩვენი ძირძველი და მეც, ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში აღმოვჩნდით, პირდაპირ გენერალური დირექტორის ოფისში, თან კიდევ ორი ჩვენებური მეწარმეც იქ დაგვხვდა... ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იქ ისეთი საუბარი შედგა აქ ტელეფონში ვერ გეტყვი... დამშვიდობებისას იმ „არაბმა“ ჩვენებური, სტამბულის ქართველი ბიზნესმენების პირით მთხოვა - როცა ანალიზის პასუხები ჩამოვა, შენზე მითხრა, იმ ჯავახ გურჯს გადაუგზავნეო... მე არაფერში მჭირდებაო... მანამდე კი არავის არაფერი უთხრაო... მეც მაგიტომ ვერ შეგეხმიანე, ამერიკიდან პასუხის მოსვლამდე.... და აქ რა საუბარიც შედგა, იქიდან მხოლოდ ერთს გეტყვი. მისი ცისფერსისხლიანობა იმ სასტუმროს ცისფერსისხლიანმა ხლმძღვანელმა შეატყო ძირძველს ქცევაზე.
- და რა ქცევა იყო ეს ჩვენებურო?
- ძირძველმა მისალმებისას, წელში გამართულად, ოდნავ და ცალ-ცალკე დაუკრა თავი იმ შვიდივე ჩვენებურს... შემდეგ მათთან მოლაპარაკების წარმოებისას ჯდომის მანერა ყველასგან განსხვავებული ჰქონდა... მას მარჯვენა ფეხი შიგნით სკამისკენ ჰქონდა შეწეული და ზედ მარჯვენა იდაყვით ეყრდნობოდა, ხოლო გაშლილ მარცხენა ფეხს მისკენვე შეტრიალებული ხელის გულით მუხლს ეხებოდა. თანამოსაუბრეებისკენ გულმკერდით იყო წინ ოდნავ გადახრილი, თვალებში უყურებდა ყველას თითქოს ერთდროულად და გვერდის შეცვლისას მორიგეობით იცვლიდა ხელისა და ფეხის მდგომარეობას ზუსტად იგივე ფორმით...
- ჩვენებურო... მადლობა... მერე კიდევ დაგირეკავ.
აღარ მახსოვს რამდენ ხანს ვიდექი უაზროდ გაშეშებული, არც ის მახსოვს თუ რატომ ვიდექი. ჩამოვჯექი... ვფიქრობ რა უნდა გავაკეთო.... მაგრამ... ვხვდები, რომ ჯერ ვერაფერს ვფიქრობ... ერთადერთი, რაც მოვიფიქრე იყო ის, რომ სანთლის ის ორივე ფიალა გადმოვიღე და ზედ დავაცქერდი... ვცდილობდი აღმედგინა სამი თვის წინანდელი საუბარი... ვერაფერი ვერ აღვიდგინე გარდა ერთისა, თუ როგორ ეყინებოდა სისხლი ძარღვებში ჩემს საუბარზე... ისიც აღვიდგინე, რომ ვერანაირი იარაღი ვერ გამოიყვანდა მისგან სისხლს იმ მომენტში... და ბოლოს... ისევ სანთლისგან დამზადებული, ჩემი ფიალები დამეხმარნენ დასკვნის გამოტანაში... ის ხომ მხოლოდ მას შემდეგ გამომიტყდა ქართველობაში, როცა ფიალა გავუწოდე... რად მინდოდა ამერიკა და ლაბორატორიები... შემრცხვა ჩემი თავის...
წამოვდექი... რაღაც გამახსენდა...მე ხომ „თავში ავარდნილი ქართველი ვარ“... გამეღიმა... რაც იქნება, იქნება...
ვრეკავ ტელეფონზე...
- გისმენთ?!
- კაი გამარჯობა ძირძველო..
- ღმერთმა გამარჯვება მოგცეს ჯავახო...
გავიფიქრე, რა ნაცნობი საუბარია... ისიც გავიფიქრე, რომ მიხვდა იგი ლაბორატორიის პასუხი რომ უკვე ვიცი, თორემ თვითონ კი იცის ვინც არის, არ ჭირდება სხვისი დასკვნები.
- შენი ნახვა მინდა ძირძველო;
- ჩემო ჯავახო, თუ გახსოვს სამი თვის წინ პირობა მოგეცი - რომ ყველა მხარეს მოვინახულებდი საქართველოში. შენ რომ ჩამომითვალე, იქიდან ოცდაერთი მხარე უკვე მოვიარე... ახლა კი, ზეგანზე ავდივარ ჯავახეთს... ჩემი ნახვა თუ გინდა, ხვალ დილით შვიდ საათზე, იმ დიდი აბულის ძირას დაგელოდები...
ახლა კი მე გამეყინა სისხლი... ყველაფერს წარმოვიდგენდი და მის ასეთ პასუხს არა...
აბულთან შეხვედრისას ხელი პირდაპირ და მყარად გამომიწოდა, მხარზე ისეთი მეამბორა, რომ მეც იგივე გამომივიდა მასთან. გამახსენდა მისი არისტოკრატიულობა და ისიც, თუ ნამდვილი ქართული სალმის ღვთაებრიობა რაში მდგომარეობდა... სალამი ხომ ღვთისაა ისეც... აი, მართლაც და თურმე რატომ გვქონია ჩვენ ქართველებს თავში ავარდნილი.
მეგალითს მივუახლოვდით და იქვე, თითქოს დაბარებულივით აღმართის დასაწყისში ბუნებამ ორი თანაბარ სიმაღლეზე მიშენებული ციკლოპის ნატეხი დაგვახვედრა, ზედ მოვკალათდით და საუბარი განვაგრძეთ:
- ძირძველო, გუშინ ჩვენებურებმა სტამბულიდან ბევრი რამ მითხრეს შენზე, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე წესიერად... თუ ღმერთი გწამს ამიხსენი, ვინ ხარ? რა გვარის ხარ? საიდან? ან აქ რამ მოგიყვანა?
ყოფილმა არაბმა, აწ უკვე ქართველმა, ძირძველმა იბერიელმა თავი ასწია ამაყად, წელში გაიმართა, სუნთქვაც შეიკრა, პირისპირ დამიდგა და თვალებში ჩამხედა.
- ჩემი ნამდვილი გვარია ქარავანიძე!!! იცოდე ჩემო ჯავახო, საქართველოსკენ მალე დიდი ქარავნები დაიძრება ქართველებისა!!!
აბულივით გავშეშდი ზედ აბულზე...
ძირძველმა ზურგჩანთიდან ღვინო ამოიღო და თიხის ორი პატარა ფიალაც ამოაყოლა. წელშიც და მხრებშიც გამართულმა ორივე ქართველმა ღვინით სავსე ფიალები კიდევ უფრო მაღლა ავწიეთ, თანაც ისე, რომ თითქოს ცამდე ხელმისაწვდენად მხოლოდ აბულის მთა, ჩვენი მაღლა აწეული მარჯვენა და ზედ სავსე ფიალა იყო საკმარისი.
ძირძველი: ახლა კი ვხვდები ჩემო ჯავახო, თუ რატომც აქვთ ქართველებს თავში ავარდნილი, რომელსაც მართლაც სხვა სახელი ქვიან!!! განზრახი უნდა აღსრულდეს!!!
ფიალები დავცალეთ. თითქოს გონებაც გაიხსნა და სამყაროშიც ყველაფერი თავის ადგილას დადგა.
- ძირძველო ვინ მოდის, როდის და რისთვის, ან კიდევ და საიდან მოდიან?
- ჩემო ჯავახო, ოდესღაც საქართველოში დიდი გზა გადიოდა. „ბიზანტიის დაცემის შემდეგ, როცა ოსმალებმა შავი ზღვა ჩაკეტეს, აბრეშუმის გზამ საქართველოს გვერდი აუარა... სულხან-საბას მიზნად ჰქონდა ვაჭრობის შესახებ წინადადების შეთავაზება საფრანგეთისთვის, რათა გატარებულიყო აბრეშუმი, რომელიც გილანიისა და შემახიის პროვინციებში იწარმოებოდა. ისინი აბრეშუმის ერთადერთი მწარმოებლები იყვნენ სპარსეთში. ამ ორი პროვინციიდან სმირნამდე აბრეშუმის მიტანით, სადაც თითქმის მთლიანად იყიდებოდა, საქართველოს გავლით გზა სამი მეოთხედით შემცირდებოდა. ამას დაემატებოდა ვაჭრობა ცვილით, მატყლით, ტყვიით, თაფლით და ენდროს ფესვით, რომელიც წითელ საღებავს იძლევა და ის, როგორც ამბობენ, უხვად მოიპოვებოდა საქართველოს ბაზრებზე, რაც საფრანგეთისთვის ასევე ხელსაყრელი იქნებოდა გაესაღებინა თავისი მაუდის ნაწილი სხვა საქონელთან ერთად...“ მაგრამ მაშინ, ევროპელ მეფეს საქართველოსთვის არ ეცალა...
- ძირძველო, აღარ იტყვი საიდან ხარ ან აქ რამ მოგიყვანა?!
- შავშეთში ჩემო ჯავახო, არტაანის, ართვინის და იმერხევის გზაგასაყარზე ოდესღაც დიდი ქარვასლა იდგა... თამარ მეფე, რომელიც ტაო-კლარჯეთს სტუმრობდა გზად შემოაღამდა და მას ამ ქარვასლაში მოუსვენია... ამ ქარვასლის ადგილას ახლა ჩაიხანაა, რომელსაც იქაური ჩვენებურები ამუშავებენ... დღესაც კი, იმერხეველები, როცა ამ ადგილს გაივლიან, წუთით ჩერდებიან დიდი მეფის საპატივსაცემოდ და შემდეგ აგრძელებენ გზას... მე ძირძველს რომ მეძახი, წარმოშობით იქაური ვარ... ჩემი წინაპარი, თამარ მეფის დროიდან მოყოლებული ქარვასლებს ფლობდა აქ ნამდვილ საქართველოში... ეს ქარვასლები, ძირითადად ორსართულიანები ყოფილა, შემდგომში სამიც... მისი დანიშნულება იყო ინდოეთიდან და ჩინეთიდან მომავალი და უკან მიმავალი ქარავნების მომსახურება... ამისთვის ქარვასლა გარკვეულ კომპლექსს წარმოადგენდა, რომელშიც შედიოდა - საიმედოდ დაცული საწყობი ტვირთებისთვის, აქლემებისა და ცხენების სადგომი, სასტუმრო ოთახები, სასადილო, მოსასვენებელი და სხვა... უწინ, ქარვასლებით იყო გავსებული მთელი საქართველო... და ეს ქარვასლები ქმნიდნენ ქართველთა ქვეყნისა და ხალხის სიმდიდრეს... ტვირთის მოცულობიდან ოცდაათ პროცენტსაც კი აღწევდა ასეთი ქარვასლის მომსახურების საფასური... მთელი ჩემი საგვარეულო დაკავებული იყო ამ საქმიანობით და მაშინდელ სამეფო კარის ყოფა-ცხოვრებაშიც ღირსეული წვლილიც შეჰქონდა...
ამასობაში, დიდი აბულის მთაზე, საიდანაც კავკასიონიც კი თითქოს დაბლა ჩანს, ცა სრულიად გაიხსნა, ვაზის ჯვრის ქვეყანა, მისი მწვერვალებიც და მისი ღვთიური ცა მთლიანად ლურჯ ფერში იდგა...
კიდევ უფრო ღრმად ჩავფიქრდი, ისე რომ მხოლოდ ერთი რამ ვიგრძენი - დანა რომ დაერტყა ვინმეს ჩემთვის სისხლი არ გამომივიდოდა...
ძირძველმა წინაპრების სადღეგრძელოც დამალევინა და მუსაიფს დაუბრუნდა.
- მე არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი საამიროებში, მხოლოდ ის ვიცი გადმოცემით, რომ... როდესაც შაჰინ-შაჰები საქართველოში ლაშქრობდნენ, კახელებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა მხარის შვილებიც გადასხეს ფერეიდანში... სავარაუდოდ, იქიდან გადავიდა ჩემი წინაპარიც არაბთა გაერთიანებულ ემირატებში...
უცებ რაღაც გაახსენდა ძირძველს და ფეხზე წამოვარდა, ფიალები შეავსო, თავი ასწია ამაყად, წელში გაიმართა, სუნთქვაც შეიკრა, პირისპირ დამიდგა და თვალებში ჩამხედა.
- სისხლის ყივილს გაუმარჯოს!!!
- ღვთის განაჩენი უნდა აღსრულდეს!!! - მეც მხარი ავუბი.
ომში დამარცხებული სარდალივით და დამნაშავე ბალღივით, ისე რომ ლამის თვალებშიც ვეღარ ვუყურებდი მანამდე... შემდეგ... შემდეგ სისხლი კი აღარ მეყინებოდა... არამედ... დავინახე... ``დავინახე გარემოების საყვირი ადამიანი, რომელმაც რაღაცა მანქანებით ფუნქცია დაკარგა, თუმცაღა რესურსი მასში დარჩა``... და მერე სად, როგორ ადგილას გავიგე ეს მე... სამოთხის მწვერვალზე... ღმერთივით ბუმბერაზ აბულზე... დაილოცოს ღმერთო შენი განგება.
- ძირძველო, შენი ნაამბობის მიხედვით მესხი ყოფილხარ!
- ჯავახო, შენ მესხეთი არ გიხსნებია იმ ოცდაორ დასახელებაში;
- დიახ, საქმე ისაა, რომ მეც მესხი ვარ და იგი საქართველოს ულამაზესი მხარეების ერთ დიდ გაერთიანებას წარმოადგენდა ბაგრატოვანთა ერთიან სამფლობელოში;
- და რომელია ეს გაერთიანება?
- ტაო და კლარჯეთი, აჭარა და შავშეთი, სპერი და ნიგალი, კოლა და არტაანი, ჩრდილი და ჭანეთი, თორი, სამცხე და ჯავახეთი - ეს მხარეები მესხეთის ნაწილებია. ისიც იცოდე, რომ პირველად სიტყვა „ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო“ მესხეთში იშვა;
- კერძოდ რომელ ადგილას?
- არტანუჯის ციხეზე!
- რა საინტერესოა ეს ჩემი ქვეყანა?!
- მესხო ძირძველო, ყველაფერი გასაგებია. მაგრამ ვხვდები, რომ მთავარი სათქმელი ჯერ კიდევ არ გითქვამს ჩემთვის და კიდევ ის, თუ რომელ ქართველთა ქარავნებს უნდა ელოდოს, ეს თითქმის გათითოკაცებული ყოფილი ერი?!
ქართველმა არისტოკრატმა ოლიმპიური სიძლიერით ამოისუნთქა და მესხური სიდარბაისლით გამიღიმა...
- ჩვენი დიდი პაპა სულ გვეუბნებოდა ხალხურ ნათქვამს - შვილმა უნდა იცოდეს სად გაჩერდა მისი მამა, რომ იქიდან ზიდოს ცხოვრების ჭაპანიო... საკუთარმა სისხლმა და გენმა მაინც თავისი ქმნა... ჩვენ ჩვენი საგვარეულო საქმიანობა არასოდეს შეგვიჩერებია... თანამედროვე ენაზედ ქარვასლას ლოჯისტიკური ჰაბი ქვია... დიდი ხნის წინ ქარავანიძეების მიერ დუბაიში დაფუძნებულ დიდ კომპანიას, ჩემი უფროსი ძმა ხელმძღვანელობს... სწორედ მან გამომგზავნა აქ, საქართველოში... მისი დავალებით ვიყავი სტამბულშიც იქაური ჩვენებურების, როგორც სამომავლო პარტნიორების მოსაზიდად საქართველოში... ჩვენი კომპანია ფლობს ლოჯისტიკურ ტერმინალებს დუბაიში, ყატარსა და ჩინეთში... კომპანიაში არაერთი ქართველიც მუშაობს... როდესაც საქართველოზე გამავალი, პირველი გაზსადენისა და ნავთობსადენის პროექტები იწერებოდა, მაშინ მიიღო გადაწყვეტილება ჩემმა პაპამ, რომ მე ქართული ენა მესწავლა... წლების შემდეგ კი ორი რამ დაემთხვა ერთმანეთს, ანაკლიის პროექტის გახმაურება და ჩემი საყვარელი პაპის უჩვეულო პარალიზება... კაცი, რომლის ხელშიც, რამდენიმე ასეულ მილიონიანი კაპიტალი შექმნა ქარავანიძეების კომპანიამ... კლინიკაში სიკვდილის წინ მან ფურცელი და კალამი მოითხოვა... და ზედ მხოლოდ ერთი სიტყვის დაწერა მოასწრო...
- და რა სიტყვა იყო ეს?
მკითხველო მოგეხსენება, რომ აბული ყველაზე ცივ მხარეში დგას, საქართველოს დანარჩენ მხარეებთან შედარებით. მის მწვერვალზე კი ორი ქართველის სისხლი მხოლოდ დუღდა და ჩქეფდა. მხოლოდ ცრემლი იყინებოდა ორივეს სახეზე უგრძნობლად...
- ფ ე ს ვ ე ბ ი !!!
- ნუთუ?
- დიახ, ფესვები ეწერა, ოღონდ ქართულად... და ჩემს მეტი ვერავინ გაიგო რა ეწერა იმ ფურცელზე, რადგან ქართული მხოლოდ მე ვიცოდი. მისი სიკვდილის მერე მივხვდი, რომ მან ქართული იცოდა და არ ამჟღავნებდა... კომპანიის ინტერესების გამო...
დედამიწის ზურგზე არ არსებობს ეროვნება, რომლის ენაზეც შეიძლება დაიწეროს ან აიხსნას იქ დაუფლებული ჩემი განცდა. თუმცა, მე ხომ იმ მთაზე ვდგავარ საიდანაც რუსთველის მხარეც კარგად ჩანს და ზეზვას და მზიას დაბადების ადგილიც. ვის შეუძლია და რომელ ერს, ასე ერთად ორი მსგავსი რამ დამისახელოს მე, თავში ავარდნილ ქართველს. ნურც ის დაგვავიწყდება სად შეიკრა ვაზის ჯვარი... და წარმოვიდგინე სამი ღვთაებრივი საუნჯე - პირველყოფილი იბერიელი, ვაზის ჯვარი და ვეფხისტყაოსანი. როდის გვითხრა ილიამ ამის თაობაზე - ვეფხისტყაოსანი ხომ ღვთიურ ენაზეა დაწერილი, ვაზის ჯვარი ხომ ჩვენი რწმენისაა და მამულიც ხომ ადრეული საწყისებიდან მხოლოდ ჩვენია. აკი ვეუბნებოდი ჩემს ყოფილ არაბს, ეცადე დაადგინო ეს კავშირები დიდ აბულთან და მერე შეიცნობ სამყაროს საიდუმლოებებს თქო...
ძირძველმა განაგრძო
- ჩემ დიდმა ოჯახმა პაპის დაწერილი სიტყვა ელექტრონულ საძიებო სისტემაში მოიკვლია და მთხოვეს გადამეთარგმნა იქ მოცემული ინფორმაცია...
სისტემის პირველ ველში შემდეგი ეწერა: „არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“ გენერალი გიორგი კვინიტაძე.
მეორე ველში კი ქართული კინოფილმი „ფესვები“ იყო ატვირთული...
უყურეს მთელმა ქარავანიძეებმა ფილმს, მე ვუთარგმნიდი...
ამასობაში ლურჯმა მწვერვალებმა ნელ-ნელა ფერი იცვალეს. თითქოს სათქმელს აცდიდნენ ძირძველს... მოსაღამოვდა.
- ჯავახო, ერთი რამ მინდა შენგან;
- გისმენ;
- ქართველი ახალგაზრდები მჭირდება, ოღონდ ისეთები, თავში რომ ჰქონდეთ ავარდნილი. მე ერთი ძმა კიდევ მყავს, რომელიც ნიდერლანდებში ლოჯისტიკის კოლეჯს ხელმძღვანელობს. ახალგაზრდების სწავლას ჩვენ დავაფინანსებთ, რადგან საქართველოში წამოსულ ქარავნებს დახვედრა ჭირდება... ამისთვის კი ცოდნა და უნარებია საჭირო ადგილზე.
- მაინც რა უნარები ძირძველო?!
- მენეჯერული და ლიდერული.
- ძირძველო, ცოდნა კი ბატონო, მაგრამ უნარები ქართველს ისეც აქვს, ახალს მაინც ვერ ასწავლის ვერავინ;
- ეგ როგორ?
- როგორ და აბა დაუკვირდი. შენ ხომ იცი, რომ ყველა ქართველი ბუნებით თამადაა?!
- კი!
- მაშ მიპასუხე - ლიდერი უნდა იყოს თუ არა წარმოსადეგი?
- კი.
- და თამადა?
- დიახ!
- ლიდერი უნდა იყოს თუ არა განათლებული და კარგი ორატორი?
- კი.
- და თამადა?
- დიახ!.
- ლიდერს უნდა ჰქონდეს თუ არა იუმორის გრძნობა?
- კი.
- და თამადას?
- დიახ!.
- ლიდერმა უნდა მისცეს თუ არა გუნდის წევრებს მონაწილეობის თანაბარი საშუალება?
- კი.
- და თამადამ?
- დიახ!.
- ლიდერმა უნდა შექმნას თუ არა დელეგირება ჯგუფში?
- კი.
- და თამადამ?
- დიახ და მაშ ალავერდის გადასვლა სხვა რაღაა თუ არა დელეგირებით გუნდის წარმართვა?!
- ჰოდა, ჩემო არისტოკრატო, ვერ დაასახელებ ვერც ერთ წიგნს, ვერც ერთ ენაზე და ვერც თანამედროვე აკადემიას და კოლეჯს, რომელიც ქართული სუფრის აკადემიასთან ახლოს მოვა. ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩვენ, ქართველებს თავში რატომ გვაქვს ავარდნილი?! ახლის სწავლა კი ქართველს ნამდვილად არ ეზარება, გააჩნია რის სწავლას სთავაზობენ. შენს ჰოლანდიელ ძმას კი ჩემგან გადაეცი, რომ ლიდერული უნარების სწავლებისას ევროპელებს უთხრას, რომ ლიდერსა და თამადას შორის ერთი განსხვავებაც არის.
- რა?
- თანამედროვე ლიდერი ფხიზელ გუნდს წარმართავს, ქართველი თამადა კი... ნასვამს!!!
ძირძველის არისტოკრატიული ღიმილი მეც გადმომედო...
ბოლოს მეგობარმა უბიდან პაპისეული არაბული ქისა ამოიღო, ციკლოპური ციხის ნაპირიდან ერთი მუჭა მიწა ქისაში მოათავსა და ჩაილაპარაკა - ეს დიდი პაპის საფლავისთვისო... თან გამომხედა, თითქოს მეკითხებოდა - ჰქონდა თუ არა უფლება ერთი მუჭა მიწის წაღებისა...
ამ დროს თავი კვლავ ავწიე ამაყად, წელში გავიმართე, სუნთქვა შევიკარი, პირისპირ დავუდექი და თვალებში ჩავხედე.
- არ დაგავიწყდეს ძირძველო, რომ მსოფლიოში 52 ტიპის ნიადაგია აღიარებული და აქედან 49 საქართველოში მოიპოვება!!! ამდენი მხოლოდ რეალურ საქართველოშია, ნამდვილში კი ორმოცდათორმეტივეა!!! ახლა ხომ გაიგე ძირძველო, თუ როგორ დააბერტყა ზეციერმა სრულიად საქართველოს ღვთიური კალთა!!! ჰო და ჩვენ თავში გვაქვს ავარდნილი!!!
- გასაგებია ჩემო ჯავახო ყველაფერი. შენ ახსენე - გათითოკაცებული ყოფილი ერი. ჩემგან კი იცოდე, რომ საქართველო დაიბრუნებს თავის ისტორიულ სახელმწიფო ფუნქციას და გახდება იგი ევროპა-აზიის მთავარი სავაჭრო კარი!!! ქარავანი არ ჩერდება, ქარავანი მიდის!!!
და ქართველების ქარავანი არ გაჩერდება არასოდეს!!!
-----------------------------------------------------------------
მე თქვენ მხოლოდ შეგახსენეთ
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო !!!
რანი ვიყავით... რანი ვართ... და საით უნდა წავიდეთ...
არ დაგავიწყდეთ არასოდეს, რომ ქართველების გონება ოდითგან იყო კავშირში ღმერთთან... და ეს ქვეყანა მალე ოლიმპიური სიმშვიდით ამოისუნთქებს.
განზრახი უნდა აღსრულდეს!!!
გამარჯვებით გევლოთ თავში ავარდნილო ქართველებო!!!
გმადლობთ.
ზურაბ მაღრაძე
დიდგორობა 2018
გააზიარეთ :