აბრეშუმის გზა
ძმები ახალციხელების ფიქრები მადროვეთ...
1202 წელს, ბასიანს, მეწინავე სადროშოს ძმები შალვა და ივანე ახალციხელები მეთაურობდნენ. სწორედ მეწინავე სადროშოზე მოდიოდა უმთავრესი დარტყმა, მათ უნდა გაეძლოთ სანამ დავით სოსლანი მტერს მარცხნიდან დაუვლიდა და გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებდა.

წარმოშობით შალიკაშვილები მესხი თავადები იყვნენ. თურქთა მიერ სამცხე–საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ მათი ერთი შტო ქართლში გადასახლდა და XVII-XVIII სს–ში დიდად დაწინაურდა სამხედრო–პოლიტიკურ ასპარეზზე.
სამი ძმა, სვიმონი, ივანე და ნიკოლოზი, რუსულ ჯარში მსახურობდა. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს კავკასიის ბრძოლებში, სადაც გამოჩენილი ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოებულნი იყვნენ წმინდა გიორგის ჯვრებით. გენერალი სვიმონ შალიკაშვილი რამდენიმე წელი იყო ზაქათალისა და მთიანი დაღესტნის ოლქის უფროსი. სამწუხაროდ, გენერალს არ დასცალდა განეხორციელებინა თავისი ჩანაფიქრი, ზაქათალის ოლქში ინგილოთა შორის ქრისტიანობის გავრცელების საქმეში. მანამდე, 1855 წელს ყარსის ციხე–სიმაგრის აღებისას დაიღუპა მაიორი ნიკოლოზ შალიკაშვილი. მათი შუათანა ძმა ივანეც გენერალი იყო...

სიღნაღის მაზრის თავად–აზნაურთა წინამძღოლს, სამხედრო მოსამსახურეს იოსებ შალიკაშვილს ჰყავდა სამი შვილი: დავითი, თამარი და დიმიტრი. უფროსი ვაჟი დავითი სამხედრო სამსახურში ჩადგა, ჩაირიცხა პეტერბურგის საკავალერიო გვარდიულ პოლკში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. იბრძოდა რუსეთ–თურქეთის ფრონტზე გენერალ ვრანგელის კორპუსში. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მაიორი დავით შალიკაშვილი თავის ლეგიონთან ერთად, რომელიც ჩრდილოეთ ირანში იბრძოდა თურქების წინააღმდეგ, სამშობლოში დაბრუნდა. ლეგიონმა მისი მეთაურობით აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისა და განმტკიცების საქმეში. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის პოლკის მეთაურად დანიშნეს და პოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საზღვარგარეთ მიმავალ დავით შალიკაშვილს მისმა მეგობარმა, საქართველოს ეროვნულმა გმირმა, პოლკოვნიკმა ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილმა მიაბარა თავისი ქამარ–ხანჯალი... ორჯერ დააპატიმრეს, შემდეგ იძულების წესით გაასახლეს საქართველოდან. სამი წელი სტამბოლში ცხოვრობდა, სადაც ქართულ კოლონიას თავმჯდომარეობდა, ეხმარებოდა საქართველოში დარჩენილ წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს.

1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ, დავით შალიკაშვილი თურქეთში დახვდა ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და მის შფიცულებს.

1925 წელს დავით შალიკაშვილმა ფრანგულ ლეგიონში განაგრძო სამხედრო სამსახური და ჩრდილოეთ აფრიკაში გაემგზავრა, თუმცა კვლავ აქტიურად მონაწილეობდა ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1939 წელს სამხედრო სამსახურს თავი დაანება და კაპიტნის წოდებით თადარიგში გადავიდა, მაგრამ 1940 წლის მაისში, როგორც კი დაიწყო გერმანია–საფრანგეთის ომი, 53 წლის ასაკში იგი კვლავ ჩადგა საფრანგეთის დამცველთა რიგებში. ემიგრანტი ოთარ ჯაყელი, რომელიც ასევე უცხელთა ლეგიონში მსახურობდა, აღნიშნავს, რომ საუკეთესო პიროვნული თვისებების გამო, ჯარისკაცები აღმერთებდნენ თავიანთ მეთაურს და მოფერებით "ჩვენს შალის" ეძახდნენ.

სამხედრო პირი იყო დავით შალიკაშვილის უმცროსი ძმა დიმიტრიც, საქართველოსა და პოლონეთის არმიების ოფიცერი. სიცოცხლის ბოლო ოცდახუთი წელი მან ამერიკაში გაატარა. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სამსახურში მოღვაწეობდნენ მისი ვაჟებიც. უფროსი, ოთარ შალიკაშვილი გენერლის ჩინით გავიდა თადარიგში, ხოლო უმცროსი ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის მთავარი სამხედრო მრჩეველი, ოთხი ვარსკვლავის მქონე გენერალი.
ლაშა ბერიძე გახლავთ აშშ-ს თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრი. მსახურობდა შეიარაღებული ძალების ოცეულის, ასეულის, ბატალიონისა და ბრიგადის მეთაურად. იყო თავდაცვის ატაშე აშშ-ში. საქართველოს წარმომადგენელი აშშ-ს ცენტრალურ სარდლობაში, სადაც მის მოვალეობას ახლო აღმოსავლეთი წარმოადგენდა.
ლაშა ბერიძე გახლდათ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი. პირველი ქართული კონტიგენტის მეთაური ავღანეთში... კურირებდა NATO-სთან ურთიერთობის საერთაშორისო მისიებს. შეიარაღებული ძალები დატოვა 2014 წელს. მისი ძმაც სამხედრო პირია, ისიც მონაწილეობდა საერთაშორისო მისიებში.
დღეს! ამერიკის გვარდიაშია ორი ძმა ახალციხიდან. გიორგი ჩილინგარაშვილის ნათქვამიდან: "წოდება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, განსაკუთრებით ის რომ ქვეითთა ოფიცერი გავხდი. ყოველთვის მინდოდა სამხედრო სამსახურში ყოფნა, განსაკუთრებით თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ისტორიულად მესხები ყოველთვის წინა ხაზზე ვიბრძოდით და უცხო ხილი არ არის ჩვენთვის ბრძოლის ველზე ყოფნა". გიორგის ძმაც ამერიკის ეროვნულ გვარდიაშია.
ცნობისთვის, 1791-1799 წლებში ალჟირის მმართველი მესხი ჰასანი იყო. 8 წლის განმავლობაში "ბაბა ჰასანმა" როგორც მას უწოდებდნენ, დაამყარა წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობები და მას მიმოწერა ჰქონდა ისეთ სახელმწიფო ლიდერებთან, როგორიც იყო აშშ-ს პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი, საფრანგეთის მონარქი ლუი მე-16 და სხვები.

გინდათ ბატონებო საქართველოს არმიამ გაუსწროს ისრაელისა და შვეიცარიის არმიებს? მაშ, თქვენ სამცხეში გქონიათ რაღაც მოსაძებნი... მერწმუნეთ, იპოვით... ბევრს, ჯარისკაც ძმებს იპოვით და ბევრს, სარდალ ძმებსაც იპოვით.

ჩოლოყაშვილისა არ იყოს - ეს საჭიროა საერთო საქმისათვის. დანარჩენს შემდეგში შეგატყობინებთ, მელანოსა და გლახოს მეშვეობით.
| Print |