აბრეშუმის გზა
შეეშინდა საქართველოს? - ზურაბ მაღრაძის საავტორო ბლოგი
მითქმა-მოთქმა მოედო ოღრო-ჩოღრო საქართველოს, ირანული ექსკურსიებისა გამო. არც პანიკიორობას უკლია რამე ნახიჩევანის ახალი დერეფნისა გამო, აქაოდა კარგავს საქართველო ფუნქციასო. და კიდევ რაღაც მსგავსები.
ისე კი გულიანად გაეღიმებოდა ქართველსა, რომ იცოდეს სად იმყოფება რეალურად მისი ქვეყანა.
ჰოდა გავარკვიოთ.

ჯერ ერთი იმით დავიწყოთ, რომ დიდი რისკები უფრო დიდ შესაძლებლობებს აჩენს.
მეორე - თუ ირანს აინტერესებს ევრობაზარი, უნდა ვიცოდეთ, რომ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა საქართველოა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან.
მესამე - თუ ჩინეთს აინტერესებს თურქული ბაზარი, უნდა ვიცოდეთ, რომ მთელ რეგიონში მხოლოდ საქართველოა, ვისაც ჩინეთთანაც და თურქეთთანაც გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. თურქეთს არ აქვს ასეთი შეთანხმება, არც ჩინეთთან და არც ევროკავშირთან.
მეოთხე - თუ ნახიჩევანის გზით სატრანზიტო დერეფანი განვითარდება, შესაძლოა ეს ჩვენთვის ახალი შესაძლებლობაც იყოს. ერთი იმიტომ, რომ სატრანზიტო სერვისები უფრო დაიხვეწება ჩვენში და მეორე, აზიიდან ტვირთები ძალიან ბევრია. ევროპისკენ რუსეთი-ბელორუსია-პოლონეთის რკინიგზით გადაიზიდება ჩინური ტვირთების მხოლოდ 3%, დანარჩენი 97% საოკეანო გზით. საქართველოს გზით ჩინეთის ქალაქ სიანიდან პრაღაში ტვირთი 9 დღეში ჩადის, ხოლო ოკეანის გავლით 45 დღე უნდება. იმ 97%-დან 4-5% რომ კავკასიაზე გადმოერთოს, უბრალოდ ვერ აუვალთ მომსახურებას.
მეხუთე - ნახიჩევანი კი არა და ირანი-თურქეთის ახალი რკინიგზის მაგისტრალზეცაა საუბარი. ტვირთები კი იმდენია, რომ მათაც ეყოფათ.
მეექვსე - სატრანზიტო გზის მოწყობა სომხეთის გავლით, რთული რელიეფის გამო არაა მიმზიდველი. ამასთან, სომხეთის სამხრეთით, ირანის საზღვართან, უზარმაზარი ჰესი ააშენა ირანმა და ძველი სარკინიგზო მაგისტრალის ნაწილი წყლის ქვეშაა მოყოლილი. ამას ემატება ისიც, რომ ნახიჭევანი-თურქეთის საზღვარი სულ 13 კმ-ია, რელიეფიც რთული. კიდევ ის, რომ სომხეთის სამხრეთში 5 კმ სიგანის დერეფანში რკინიგზის, ავტობანის, მილსადენების, ბოჭკოვანი ინტერნეტის მშენებლობას ერთად არავინ მოაქცევს, დივერსიული რისკების გამო. ერთი აფეთქება და ყველაფერი ერთად პარალიზებული იქნება.
მეშვიდე - თუ სომხეთი ჩაერთობა აქტიურად აბრეშუმის გზის პროექტში, ეს კავკასიის შეკავშირებულობასაც შეუწყობს ხელს. სომხეთის დერეფნით შემოსული ტვირთები, რომელიც უკრაინა-რუმინეთის პორტებისთვისაა განკუთვნილი, წავა ჩვენი პორტების გავლით. რაც სტამბოლის პორტთან არ მოდის წინააღმდეგობაში.
მერვე - არავის დაავიწყდეს, რომ კასპიის ბუნებრივი აირი საქართველოს გავლით მიეწოდება ევროპას. პლუს რეგიონის ქვეყნებთან ჩართული საქართველო - ლაპის ლაზულის, ინოგეითის და ტრასეკას პლატფორმებით.
მეცხრე - როგორც აფხაზეთი-სომხეთის რკინიგზას აქვს მომავალი, ისეთივე მომავალი აქვს ირანელი დიპლომატის კრემლისტურ იდეებს. დეოკუპაციამდე ვერავინ ვერაფერს ვერ გაიყვანს აქ.
მეათე - ერთხელ შევარდნაძეს ამბავი მიუტანეს - მრეწველთა პარტია (თოფაძე) და ლეიბორისტები (ნათელაშვილი) გაერთიანებას აპირებენ და სერიოზული ოპოზიციური ძალა იქნებაო... შევიმ ჩაიცინა და უპასუხა - ერთი მთიულია, მეორე მოხევე, საერთო ენას მაგენი ვერასდროს გამონახავენო...

ჰოდა, ჩვენც შეგვიძლია ჩავიცინოთ... საქართველოს იმპერიათა გზაჯვარედინობა უბრალოდ მეზღაპრეობაა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა კონტინენტზე, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს ჩინეთთან, ევროკავშირთან და თურქეთთან და თან ამ უზარმაზარ ბაზრებს შორის შუაშია მოქცეული. ყველამ იცოდეს და ყველამ გაითავისოს, რომ რეგიონის გეოპოლიტიკური ლიდერი საქართველოა და ყველა ჭკვიანად იყოს. დანარჩენი თეთრი სახლის აუდიენციიდან დაემატება.

ჰო, მართლა რუსეთი არ მიხსენებია და აგერ ვახსენე. არც არავის არაფრის არ ეშინია კიდე. სიმშვიდე და ღიმილი არ მოგკლებოდეთ და როგორც ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოდიოდა, ისე ამ ბრძოლაშიც გამარჯვებული გამოვა საქართველო.
| Print |