აბრეშუმის გზა
ათი სიფრთხილე
1. დედამიწაზე 25 მლნ ქურთი ცხოვრობს და მათ საკუთარი სახელმწიფო არ გააჩნიათ. დედამიწაზე ასევე 10 მლნ ქართველი ცხოვრობს. საქართველოს სახელმწიფოებრიობას გაფრთხილება უნდა;

2. პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის აღდგენა იყო უმთავრესი სამართლებრივი აქტი, რამაც დაადასტურა საქართველოს ანექსია და სსრკ-ს ძალადობრივად შექმნა. ამით სამართლებრივი ლეგიტიმაცია დაკარგა თავად სსრკ-მ და ვეღარ იარსებებდა საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში. ლეგიტიმაცია დაკარგა ასევე ყველა კანონმა და შეთანხმებებმა რაც იყო გაფორმებული სსრკ-ს დროს. სამართლებრივად არალეგიტიმურია ყველა ის რუკაც რომელიც იქნა შედგენილი სსრკ-ს მიერ. ზვიად გამსახურდიამ საქართველო სრულად გამოიყვანა იმპერიის სამართლებრივი სივრციდან და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო გახდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. ამას გაფრთხილება უნდა;

3. ბენილუქსის სამი პატარა ქვეყანა, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მასშტაბებს ქმნიან. უზარმაზარ ეკონომიკებს აყალიბებენ სკანდინავიის და ოთხი “აზიური ვეფხვის” ქვეყნებიც. ამ გზაზე დგას ბალტიისპირეთიც. კავკასიის ეკონომიკას მოდელირება უნდა... გაფრთხილება უნდა;

4. ამერიკელი დემოკრატების გლობალიზაციის პოლიტიკა იცავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და მეტიც, მათ აბრეშუმის გზის აღდგენა ახალ გლობალურ წესრიგად გამოაცხადეს, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგებიან მოსკოვი და მისი მოკავშირეები. გაფრთხილება უნდა;

5. მზისა და წყლის ენერგია მსოფლიო ეკონომიკების მომავალია. საქართველო 26060 მდინარეს, 856 ტბას და 315 კმ სიგრძის ზღვის სანაპიროს ფლობს. არც მზის მცხუნვარება დაიწუნება ამ ქვეყანაში. გაფრთხილება უნდა.

6. საზღვაო ქვეყნების მჭიდრო განსახლებათა განლაგება ძირითადად ზღვის სანაპიროებზეა. აღმოსავლეთისკენ იხრება საქართველოს დემოგრაფიული სასწორი. საპორტო რეგიონს კი გაფრთხილება უნდა;

7. ქართული ემიგრაცია ყველანაირია, რიგითი პატიოსანი მუშა ხელიდან დაწყებული, მაღალ კვალიფიციური დარგობრივი სპეციალისტებით დამთავრებული. მათ დასაბრუნებელ გზებს წმენდა უნდა... გაფრთხილება უნდა;

8. დავით ყიფიანმა უცხოელ ჟურნალისტს, მათხოვრულად ნაჩუქარი ფულის კუპიურაზე საკუთარი კალიგრაფია გამოუსახა და უკან დაუბრუნა - გამოგადგებაო... ირანის შაჰის ზურგზე დადებული ფალავანის სანახაობისას, შაჰის მიერ ნაბრძანები, გამარჯვებულისთვის ერთი სურვილის შესრულების საჩუქარზე, ლევან თედიაშვილმა ციხეში მყოფი ირანელი მოჭიდავის გათავისუფლება ითხოვა. ათასი სპარსელის ზურგზე დადებას ნიშნავდა ეს თხოვნა. ქართულ ღირსებას გაფრთხილება უნდა;

9. იშხანი აღდგა, პარხალიც აღდგა, ოშკიც აღდგება... ტბეთიც... დოლისყანაც... სტამბოლში ქართული რადიოც გაიხსნა... ქართულ დიასპორას ყველგან გაფრთხილება უნდა;

10. ქვეყანა მარტო ლოცვებით არ შენდება... შრომა უნდა! არ აქვს მნიშვნელობა რამდენს, ვისთვის და რისთვის შრომობს კაცი. მკეთებელს გაფრთხილება უნდა.
| Print |