აბრეშუმის გზა
სათავე - ზურაბ მაღრაძის ბლოგი
შენ შავშეთში უნდა წამოხვიდე, მოულოდნელად განმიცხადა ჩემმა სტუმარმა ჩემთან სახლში. რატომ? - ვკითხე მე. შენ ბიბლიოთეკას გადავხედე და ზუსტად ვიცი, რომ შენ იქ უნდა წამოხვიდე. მაშინ გაზაფხული იდგა.

ივლისის ბოლოა. მე და ჩვენებური თბილისიდან გავედით. ახალციხეში შევისვენეთ. ტაო-კლარჯეთს მივდივართ, ჩვენებურის მანქანით. საბაჟო გადავკვეთეთ და მანქანის გასაღები მომცა, შენ უნდა დაჯდე საჭესთანო. რატომ? გზად ბევრ რამეს შეხვდები და შენ თვითონ გადაწყვიტე სად გაჩერდები. საშუალო სიჩქარით საჭემბყრობელი ვცდილობ დეტალების შემჩნევას გზად. მარტო ძველ ნანგრევებთან ვაჩერებ. ყველას სახელი არ იცის, მაგრამ ყველა რომ ქართულია უპირობოდ მიმტკიცებს. უფლება მაქვს ისეთი, დიპლომატიური მანქანის მძღოლს შეშურდებოდა. თუ ვინმე გამაჩერებს, პასუხს ჩვენებური გასცემს. არც არავის გაუჩერებივართ.

არტაანის ციხის კარიბჭეს ზედ მივაყენე მანქანა. დაცვამ ნიშანი მომცა, ჩვენებურმაც მისცა ნიშანი. შევედით. დავდივარ შიგნით. რამდენიმე წრე დავარტყი, შიგნიდან, გარედან. ჩვენებური არ მტოვებს მარტო. მკითხა რას ეძებო?
ვუპასუხე - მე-15 საუკუნის შუაში დაიპყრო ოსმალეთმა აქაურობა. ციხე აღდგენილია, კედლის დამღას ვეძებ... ქართულს. შეჩერდა, შემომატრიალა და... თაღოვანი გასავლელი მაჩვენა, რომელიც ამოშენებული იყო. ასეთი თაღები ოსმალურ არქიტექტურას არ განეკუთვნება. გასასვლელი ამოუშენებიათ და როგორც ჩანს თაღი ჩაუყოლებიათ. თაღი ქართულია. დამშვიდებულმა დავტოვე არტაანი.

შავშეთი-არტანუჯის გზიდან მარჯვნივ შევუყევი, იმერხევს მივდივარ. გზაჯვარედინზე, ძველი ქარვასლის ადგილას ჩაიხანაში შევისვენეთ. სიძე მოვიდა მისი, ჯიპით. ამაღამ მოისვენეთ და ხვალ დილიდან ჩემი მანქანით ვივლითო. ავედით იმერხევს, სოფელ სურევანში მეჩეთთან ახლოს, ჩვენებურის სახლში დავბანაკდით. ხანძთის მოგზაურობა და ეზოს უშაქრო თუთის ისტორია ადრე მაქვს ნაამბობი.

მესამე დღეა. არტაანის, ართვინის, არტანუჯის, შავშეთის, ბორჩხას, არჰავის, ბაძგირეთის, რიზეს, იუსუფელის, სტამბოლის, ბურსას, ოლთისის, იზმირის, მაჭახელის და იმერხევის ქართველობა იკრიბება სათავეზე. ეს სათავე მაღალ მთაზეა. აქ ბევრი ბრძოლებია ადრე მომხდარი. თამარ მეფის ციხეც იქაა. იქ ყველა ციხე თამარისაა. ტაო-კლარჯეთის ქართველობა იკრიბება სათავეს ფესტივალზე. ვინ ავტობუსით მოდის, ვინ ჯიპით, ვინ ცხენით და ვინ ფეხით. ტყის სავალი ბილიკები საქარავნე გზას ჰგავდა. ჩვენებურმა გზად თავისი საკუთარი ტყეც მაჩვენა, ძალიან ფართოდ გადაჭიმული. ოთხი ძმისაა, ჩიტი ვერ გადაფრინდება უკითხავად. შუაგულ ტყეში ძველებური ლაზური სტილით ნაგებ ხის სახლში შევისვენეთ, მის გვერდით მისი ბიძის სახლი იდგა. სასწაულ ადგილას ვარ. თითქოს ხეობების კვანძი ამ მთაზე იკვრება. მთელი ტაო-კლარჯეთი ჩანს. მსგავსი განცდა აბულის შუა წელზე განვიცადე ერთხელ.
შავშეთის მთების კარიბჭეზე, დიდ ტყეში სიმღერის ხმა გაისმა. ტონალობა შორიდან მეცნო თითქოს...
ჯინველოს მღერიან...

ფესტივალი დაიწყო. ლაზური ქოხი დავტოვეთ. ქოხი კია, მაგრამ 20 კაცს გვიმასპინძლა იმ ღამით. სათავეზე ასვლამდე ჩვენებურმა გამაფრთხილა - მე მარტო ერთ კაცს გაგაცნობ. ის არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და ფესტივალის მხარდამჭერიო. მე და ის ძმებივით ვართ გაზრდილები. დანარჩენი იმერხევი თავად გაიცანიო.
ხალხი ფუტკრებივით ტრიალებდა. შუაგულ უზარმაზარ მოედანზე დიდი ცეკვა მიდის. შემაღლებულზე სამთავრობო და საპატიო ხალხისთვის ფარდული იარუსივით გადმოსცქერის მოედანს. მოპირდაპირედ დიდი სცენაა მოწყობილი, სადაც ანსამბლები მორიგეობით საცეკვაოს არ წყვეტენ. მუსიკა ქართული მისამღერებითაც ივსება, მაგრამ ცეკვა არ გავს ქართულს. ჩვენებურები კია, მაგრამ არავის უსწავლებია მათთვის ცეკვა ქართული. ცივი და ცოტაც სიმწრის ოფლი არ შევიმჩნიე...

მოედნის გარშემო კი აღებ-მიცემობაა გამართული. ვის ხელნაკეთი ლაზური აკვანი გამოუტანია, ვის ძველებური სპილენძის თუნგები, ვის საშაურმე გაუხსნია, ვის რა და ვის რა...

ჩვენებურმა ხელი სადღაც ვიღაცის ნიშნად აწია. იარუსიდან ერთი წამოდგა, მას გვერდიდან ბიჭები ამოუდგნენ და ჩვენკენ გამოემართნენ. ის და ჩვენებური გადაეხვივნენ ურთერთს. ჩვენებურმა ჩემი თავი წარადგინა. დურსუნამ ხელი გამომიწოდა და პირველივე სიტყვა ეს მითხრა - თავი იგრძენი როგორც საკუთარ უბანში, აქ ოცი ათასამდე ჩვენებური ვიკრიბებით ყოველ წელს. ამჯერად ბევრმა ვერ მოახერხა ამოსვლა.

მხოლოდ ერთი რამ ვუპასუხე - ღვინო მაქვს წამოღებული და აქ არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე თქო...
გაეღიმა, ბიჭებს გახედა და მეგობრულად უბრძანა - ნახევარ საათში ჩემ ფაცხაში ვიკრიბებითო...
რამდენიმე ჩვენებური სხვადასხვა მიმართულებით გაემართა.

შეკრებისას დასაწყისში ერთი რამ მითხრეს - რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს, რა თანამდებობაც არ უნდა გეკავოს, ვინც არ უნდა იყო და რაც არ უნდა იყო, იცოდე, რომ აქ სათავეზე არავინ არ ხარ. მაგრამ რადგან შენ ჰამზასთან ერთად მოხვედი, დღეიდან შენ აქ სტუმრად აღარ ითვლები...

იმ საღამოს სათავეზე ის ფაცხა შიგნითაც და გარეთაც ხალხით იყო სავსე. ალყაში ჰქონდათ ჩვენებურებს ფაცხა მოქცეული. ის ფაცხა ყველაზე დიდია იმ არემარეს. იმ საღამოს სათავეს ფესტივალზე საქართველოდან მარტოდ ვიყავი. ორი ღამისთევით ფესტივალი არ შეწყვეტილა. ტაო-კლარჯეთი ძალიან დიდია. ტაძრებია ძალიან დიდი და ხალხი კიდევ უფრო დიდი. დამშვიდობებისას გზაჯვარედინზე იმ “ქარვასლაში” კვლავ შევჩერდი. მალაყმაძეებმა გაისად გელოდებითო.
| Print |