აბრეშუმის გზა
სააღდგომო საფლავები
მთელი წლის მიტოვებულ საფლავს დღეს უნდა გამოვაცალოთ ბალახი რომ ხვალ , ვინმემ ენა არ წაიგდოს და არ თქვას, რომ მოუვლელია. სწორედ რომ უპატრონოდაა აღდგომიდან აღდგომამდე! - ბურტყუნებდა ნინო სარკეში, მერე ცხენის კუდივით გამობმული კიკინა შეისწორა და ბოტასებს დაწვდა.

ჯემალა, ნინოს მამა ორშაბათს მიცვალებულების მოსახსენიებელ დღედ - არ ცნობდა.

- მამაჩემიც კვირა დღეს გადიოდა წინაპრების საფლავზე, იმის მამაც, იმის მამის მამაც და იმათი მამაც! სანამ ცოცხალი ვარ, მეც კვირას გავალ და რო მოვკვდები ჩემს საფლავზეც კვირას მოდით გაიგეთ თქვენა?'! მოიგონეს ორშაბათი და ოთხშაბათი! - ჩამოუყალიბა ნინოს ჯემალამ.

თუთის ხეზე ფეხით დაკიდებული ბატკანი მზის ამოსვლამდე ჩამოატყავა და ნორჩი ხორცით ჩაქაფულის სამზადისს შეუდგა.

- ამის წამოღებასაც აპირებთ? - თავზე წამოადგა ნინო მამამისს.

- მა რისთვის ვხარშავ ოხერო! - გაუკვირდა კაცს.

- რა უნდა ჩაქაფულს საფლავზე , სახლში დასხედით და აქ იქეიფეთ. კვერცხი , პასკა და სანთელი წავიღოთ მარტო - ვერ ჩერდებოდა გოგო.

- წერასა ყავხარ აყვანილი შენა ხო იცი! ეგღა მაკლია ხალხის სალაპარაკო გავხდე ჯემალა მარტო პასკით ავიდა საფლავზეო, მა მიცვალებულებს სული აღარ ვუხსენოთ? გასწი მარილი მომიტანე ნუ იღრიჯები აქა!- შემოსწყრა შვილს.

ოთხი მოწნული კალათა გაავსო ვერამ ნამზადით, მერე ჭურჭლის ნაქარგი ტილოები გადააფარა და მანქანის საბარგულში ჩაალაგა..

ჯემალას მშობლების საფლავთან ახლოს, ლევანია დაკრძალული... შავი ქვიდან ახალგაზრდა ბიჭის მომღინარე სახე ჩანს...

მეგობრები მოსულიყვნენ, ღია მანქანიდან ლევანის საყვარელი მუსიკა ისმის, მაღალ ხმაზე.

-ჩემი ლევუშა, - იწირპლება დიტო და საფლავს ზევიდან შამპანურს ასხავს. მიწაზე შავი, უსწორმასწორო სველი ზოლი გააჩინა სასმელმა.

უკვე მთვრალები ბოთლებიდან სვამენ და ხმამაღლა საუბრობენ, რამდენიმეს საკინძე ბოლომდე შეუხსნია. ლევანის სურათთან სასმელები და სიგარეტი დევს. ნაძვის ქვეშ მაგიდასთან ახლობლები სხედან.

შუადღისთვის უკვე შეზარხოშებული კაცები, საფლავებს შორის არეული ნაბიჯებით დადიოდნენ.

მზემ მთის წვერამდე მიაღწია. სასაფლაოს გვერდით წყლისთვის გაჭრილი თხრილი, ნაგვით და ძაღლებით გაივსო. ალაგდნენ ნინოსებიც.

-უი ბადრიჯანი არ ამომიღია - იკივლა დედამისმა .

- სახლში ამოიღე დედა, იქაც ხომ უნდა გავშალოთ მაგიდა?!

-სახლში ისეც არის, აქ კი ხალხთან უნდა გამოჩნდე შვილო..

ნინომ თითქმის დაცლილ სასაფლაოს გახედა. ჰაერში საჭმლის და ღვინის სუნი იდგა. ლევანის საფლავზე დედამისი იჯდა, მზით გამთბარ მიწაში ხელები ჩაეყო და ტიროდა....
| Print |