აბრეშუმის გზა
სულ ესაა, რისი თქმაც მინდოდა - ზურაბ მაღრაძის საავტორო ბლოგი
1999 წელია... ახალციხეში მაღალი რანგის უცხოელ დიპლომატს შეხვედრა ჰქონდა ადგილობრივ თემთან. მე მაშინ მესამე სექტორს წარმოვადგენდი გაეროს საერთაშორისო ახალგაზრდული ასოციაციიდან. შეხვედრაზე დიპლომატმა ასეთი კითხვა დასვა: ახლა მე რომ ახალციხის ქუჩებში გავიარო და ნებისმიერ შემხვედრ მოქალაქეს ვკითხო, თუ რა არის მათი მთავარი პრობლემა დღეს, თქვენი აზრით რას მიპასუხებენო?

შეხვედრის მონაწილეებმა თავისთავად განსხვავებული პასუხები გასცეს. ძირითადად ყოფით პრობლემებს შეეხნენ მონაწილეები. ერთ-ერთი პასუხი რაიონის მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის ნიკო ინასარიძისგან კი შემდეგი იყო - დასმულ კითხვაზე მოქალაქეები გიპასუხებდნენ, რომ მთავარი პრობლემა აფხაზეთიაო...

დიპლომატმა ეს პასუხი უცებ ჩაინიშნა.

ეს ამბავი ჩემთვის დიდი სკოლა იყო. დიდი მიხვედრა არაა საჭირო იმისთვის, რომ გაითვალისწინო მთავარი - ვინ სვამს კითხვას? უცხოელი, რომელიც სადღაც სხვაგანაც წავა შეხვედრებზე და იტყვის, რომ აფხაზეთი საქართველოს ყველა ქალაქის ტკივილია...

გავიდა დრო. 2012 წელია. ახალქალაქში სამუშაო ოფისთან საღამოს ორი უცხოელი ტურისტი ჩინელების მაღაზიიდან გამოვიდა. ცოტა გაურკვევლობაში იყვნენ ენის ბარიერის გამო. მივაქციე ყურადღება. აღმოჩნდნენ პარიზის დიდი თეატრის მსახიობები, ფრანგი ახალგაზრდები. ცოტაოდენი ლაფსუსით მოცული ჩემი ინგლისურის ფონზე ყავაზე დავპატიჟე იქვე კაფეში. დამთანხმდნენ. იმ საღამოს ისე მოხდა, რომ ჩემ მეგობრებთან ერთად საღამოს ჩემს ოჯახში აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა ფრანგული ღვინის სიამაყის სტუმრებს, ქართული ბრენდული ღვინოც დავაჭაშნიკებინეთ და საინტერესო თემებთან ერთად ოკუპაციასაც შევეხეთ. როცა სასტუმროში მივაცილე, დალოდება მთხოვეს. პარიზიდან წამოღებული ფრანგული წიგნით და სუვენირებით ჩემი ბავშვები დაასაჩუქრეს. მეორე დღეს ტურისტებმა ერევნისკენ გააგრძელეს გზა.

ამის წინ, ერთმა აზერბაიჯანელმა აფხაზეთის “მოქალაქეს” ონლაინ ჩაწერილ საუბარში მტკიცედ უთხრა, რომ აფხაზეთი საქართველოა! შარშან უკრაინელმაც იგივე გააკეთა ერთ-ერთ აფხაზთან საუბრისას. ჩვენი ქართული ინტერნეტ სივრცე კი დაპყრობილი ჰქონდა ამ ჩანაწერებს. ძალიან კი მოგვწონდა, მათი ასეთი მხარდაჭერა.

გავითვალისწინოთ, რომ უცხოელები საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში კიდევ შემოვლენ. მათ უნდა გაიგონ, რომ სოხუმი და ცხინვალი ტკივათ საქართველოს მოქალაქეებს თბილისშიც, გორშიც, ამბროლაურშიც და ახმეტაშიც...

2018 წელს უკრაინიდან ტურისტებით დატვირთული დიდი ავტობუსი შემოვიდა თბილისში. უახლოესმა ადამიანმა მთხოვა უკრაინიდან, ერთი დღე შევხვედროდი და მიმექცია ყურადღება ჯგუფისთვის, როცა სამცხე-ჯავახეთს ესტუმრებოდნენ, რადგან ამ ჯგუფთან ერთად მისი რამდენიმე მეგობარი სტუმრობდა ვარძიასა და ახალციხეს. ვარძიიდან გამოსვლისას დიდ ავტობუსში ავიღე გიდის მიკროფონი და მივმართე სტუმრებს: ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა! დნესტრი მოლდოვაა! აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა!

ავტობუსი გაჩერდა... უკრაინელებით სავსე ავტობუსში მძღოლი მოლდოველი აღმოჩნდა...

ტერიტორიებს მარტო მთავრობა ვერ დაიბრუნებს, ვერც მარტო ჯარი... ის ერმა უნდა დაიბრუნოს. ტერიტორიები კი ყველა და ნებისმიერ შემთხვევაში დაბრუნდება. უბრალოდ მისი დაჩქარება ჩვენ ხელშია. ნათქვამია ხე შეძახილით გახმაო.

სულ ესაა, რისი თქმაც მინდოდა..
| Print |