აბრეშუმის გზა
საქართველო უფრო ლამაზია - ზურაბ მაღრაძის საავტორო ბლოგი
ლამაზი ქვეყანაა შვეიცარია. დიახ, ლამაზი… მაგრამ, ამ სილამაზეს წინ უძღოდა ამ ქვეყნის საქმიანი წრეების დაკვეთები. საქართველო უფრო ლამაზია, შესაძლოა ეს არ ჩანს…

მაინც რა დაკვეთა ჰქონდათ შვეიცარიელ ბანკირებს, მწარმოებლებსა და ვაჭრებს?

ბანკირები მარტივ გადაწყვეტამდე მივიდნენ მეორე მსოფლიო ომის მერე. მათ დაიწყეს მიმზიდველი პირობებით, ანუ იაფი სესხებით ექსპორტის დაფინანსება. ოღონდ ასეთ სესხებს რეზიდენტ კომპანიებს კი არ აძლევდნენ, არამედ სხვა ქვეყნების კომპანიებს აფინანსებდნენ, რომლებიც აიღებდნენ სესხს შვეიცარიულ ბანკში, შეიძენდნენ შვეიცარიულ პროდუქტს და გაიტანდნენ თავიანთ ქვეყანაში.

მოკლედ მთელი ევროპა მიაწყდა მაშინ ასეთ მიმზიდველ სესხებს. შვეიცარიელი მწარმოებლები ვერ ასწრებდნენ პროდუქციის მიწოდებას. გაფრინდა უმოკლეს ვადაში შვეიცარიის ეკონომიკა ზევით, რადგან ექსპორტმა ქვეყნების ეროვნული ვალუტების შემოსვლა მოიტანა. ამას მოყვა ბანკებში კონვერტაციები, აკრედიტივები, ანაბრები, ფასიანი ქაღალდები და ა. შ.

ლამაზი ქვეყანაა ნიდერლანდებიც. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ ფული იმიტომ აქვთ ჰოლანდიელებს, რომ დიდი საქონელგაცვლაა იქ. რაც მეტია ასეთი გაცვლა, მით მეტია ვალუტებიც ხალხის ჯიბეში. ბევრი რომ არ ვამტკიცოთ და მარტივად ავხსნათ: 17 ათასი ნავმისადგომი აქვს მარტო როტერდამის პორტს. თან ყველა კერძოა ეს ნავსადგომები. ეს მარტო როტერდამი… ახლა ამსტერდამი მიათვალეთ?!

მთელი ჩინური ექსპორტის ის ნაწილი, რაც სარკინიგზო გადაზიდვებით ხვდება ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე, სწორედ ჰოლანდიის პორტებიდან ნაწილდება. ჰოდა ამ ტვირთებს იმხელა და იმდენი მომსახურება ჭირდება, როგორიცაა ტვირთების შენახვა, შეფუთვა, გადაფუთვა, მარკირება, დაზღვევა, ლიზინგი, განაწილება…

რომ მთელი საბანკო, სადაზღვევო, სალიზინგო, ლოჯისტიკური და ათასი სხვა დასახელების კომპანიათა თანამშრომლები სულ ფუტკრებივით ტრიალებენ ქვეყანაში. ამიტომ მიაღწევს ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობა მალე 18 მილიონს, რომლის ეკონომიკაც მსოფლიო ათეულშია. და რომელიც ხმელეთის ტერიტორიით 2,5-ჯერ პატარაა საქართველოზე. დიახ, ლამაზია ჰოლანდია.

გიფიქრიათ საქართველოს რა შეუძლია აბრეშუმის გზაზე?
| Print |