აბრეშუმის გზა
ქარავანი მიდის, ის არ ჩერდება!
ახლახანს აშშ-ავსტრალია-დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პაქტი – AUKUS-ი გაფორმდა. საერთაშორისო დღის წესრიგის სიმძიმის ცენტრიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონზე ფოკუსირდა.

აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაუზიარონ ბირთვული ტექნოლოგიები ავსტრალიას. აშშ მიაწვდის ავსტრალიას მაღალგამდიდრებულ ურანს და დიდ ბრიტანეთთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ავსტრალიის ბირთვული წყალქვეშა ნავების მშენებლობაში. გარდა ამისა, სამი ქვეყანა გააღრმავებს თანამშრომლობას მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით.

პაქტი გაფორმდა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი ამბიციების დასაბალანსებლად.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად მიესალმა ამ შეთანხმების გაფორმებას. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც დაადასტურა, რომ აშშ-ს ინდოეთთან ამ საკითხის ირგვლივ მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა.

ეს გადაწყვეტილება ავსტრალიისთვის ისტორიულია და ნიშნავს, რომ ავსტრალიის ტვირთები ინდოეთის პორტებისკენ დაიძრება. იქიდან კი ირანის გზით კავკასიას მოადგება. ამასობაში სომხეთის პრემიერი საქართველოში ჩამოდის და ზუსტად ამ პერიოდში სატრანზიტო მიმოსვლის საკითხებს განიხილავს.

თავის დროზე კი ერეკლე მეფემ რაფიელ დანიბეგაშვილი მიავლინა ინდოეთში დიდვაჭრებთან მოსალაპარაკებლად. მაშინ გაჩნდა გეორგიევსკი და ის ახლა ვეღარ გაჩნდება.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშეკრულება გააჩნია ევროკავშირთან და ჩინეთთან და თან ის ბუნებრივად შუაშია მოქცეული ამ ორ უზარმაზარ ბაზრებს შორის. პლუს იგივე ხელშეკრულება თურქეთთან. რასაც მალე დაემატება მსგავსი შეთანხმება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.

ქარავანი მიდის, ქარავანი არ ჩერდება. აბრეშუმის გზაზე კიდევ ბევრი სიახლე იქნება.

| Print |