აბრეშუმის გზა
ჰარვარდში საქართველოს შემსწავლელი კვლევითი ცენტრი გაიხსნა - ბექა კობახიძე
მეგობრებო, დღეს (23.09 რედ.) ჰარვარდში გაიხსნა საქართველოს შემსწავლელი კვლევითი ცენტრი. მისი ხელმძღვანელი იქნება საქართველოს და ჩემი მეგობარი - პროფესორი სტივენ ჯონსი. ეს ძალიან დიდი ამბავია - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბექა კობახიძე.

,,ამერიკაში ასეთი ცენტრი მანამდე არ არსებობდა. უკვე, ფაქტობრივ დონეზე, აღარ არსებობს არც ევროპაში. ისტორიაში პირველი ასეთი ცენტრი 1909 წელს შექმნა ოლივერ უორდროპმა, ოქსფორდის უნივერსიტეტში. საქართველოს გარეთ თუ ქართველოლოგია არსებობს და ამ მხრივ რამე გაკეთებულა, ამაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ მარჯორი უორდროპის სახელობის ოქსფორდის კვლევით ცენტრს მიუძღვის. მან „გაზარდა“ თავად სტივენ ჯონსიც და ქართველოლოგთა მთელი პლეადა. ახლა მისი შესაძლებლობები მწირია, მაგრამ მაინც ახერხებს ოქსფორდის სტუდენტებისთვის ქართული ენის სწავლებას.

ჩვენს მეზობელ სომხებს დასავლეთის თითქმის ყველა დიდ უნივერსიტეტში უდიდესი კვლევითი ცენტრები აქვთ. ამასწინათ, აზერბაიჯანელებმა გადაიხადეს 10 მილიონი ფუნტი და ოქსფორდში შექმნეს ნიზამი განჯელის სახელობის კვლევითი ცენტრი, რომლით სარგებლობის საშუალება არამხოლოდ აზერბაიჯანელ მეცნიერებს, არამედ ქართველებსაც აქვთ. ფანტაზია არ გვეყოფა თუ რამდენ ფულს ხარჯავენ რუსები დასავლეთის აკადემიურ სივრცეში საკუთარი თავისა და ნარატივების დასაკვიდრებლად. რუსი ოლიგარქების სახელობის კოლეჯები და ბიბლიოთეკები არსებობს დიდ უნივერსიტეტებში. უკრაინელებს დიდი ცენტრები აქვთ კემბრიჯში და ჰარვარდში, ჰყავთ თავიანთი პროფესორები, არის გაცვლითი პროგრამები და ერთი ამბავი.

ჩვენ სად ვართ? ჩვენ არსად არ ვართ. ამიტომაც არის, რომ ზემოხსენებულ ქვეყნებზე, მათ ისტორიაზე ძალიან ბევრ ხარისხიან ინგლისურენოვან ლიტერატურას ნახავთ. საქართველოს ისტორიაზე დაწერილი ხარისხიანი ინგლისურენოვანი წიგნებით კი ერთ მომცრო თაროსაც ვერ გაავსებთ. რაც დაწერილა, უმრავლესობის ავტორები ისევ სტივენი და ჩვენი უცხოელი მეგობრები არიან. რამდენიმე თვის წინ იყო შემთხვევა, რომ დუბლინის უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ ჩატარდა დისკუსია და სპიკერად კრემლის პროპაგანდისტი სერგეი მარკედონოვი მოიწვიეს. ამაზე ატეხა ირლანდიაში ჩვენმა საელჩომ ამბავი, ეს რა ქენითო.

აღნიშნულ პროტესტზე ძალიან ლოგიკური რეაქცია ჰქონდა დუბლინის უნივერსიტეტს და ირლანდიის განათლების სამინისტროს - მათ ეს პროტესტი აკადემიურ თავისუფლებაში ჩარევის მცდელობად შეაფასეს. ძალიან პროვინციულად მოვიქეცით. არ შეიძლება დასავლურ სახელმწიფოში საელჩო ერეოდეს ვის მოიწვევს სპიკერად ესა თუ ის უნივერსიტეტი. მარკედონოვი რომ არ უნდა ალაპარაკონ საქართველოზე ეგ გასაგებია, მაგრამ ამის პრევენციის გზა არ არის საელჩოს პროტესტი. შენ უნდა გქონდეს ქართველოლოგიური სწავლებები ისე განვითარებული, რომ მოიცვა დასავლური აკადემიური სივრცე. სომხეთზე დისკუსიას არმენოლოგების ისტორიკოსების გარეშე უბრალოდ ვერ ჩაატარებ, რადგან ისინი ყველგან არიან. ჩვენ სად ვართ?

როდესაც ზემოთ ქვეყნები ჩამოვთვალე, არც ერთ მათგანს ბიუჯეტიდან არ გადაუხდია ამ ცენტრების შესაქმნელი ფული. მათი მსხვილი ბიზნესები თუ ოლიგარქები არიან ამით დაინტერესებულები. მაგალითად, კერკ კერკორიანმა 200 მილიონი დოლარი ჩაურიცხა ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტს, პინჩუკი აფინანსებს კემბრიჯში უკრაინის კვლევებს და ა.შ. საქართველოს შემთხვევაში, ჯერ კიდევ 2011 წელს იგეგმებოდა ოქსფორდში საქართველოს ახალი კვლევითი ცენტრის შექმნას, 7 მილიონი ფუნტი იყო გადასახდელი, ერთ ჩვენთვის ნაცნობ მილიარდერს გადახდის პირობაც ჰქონდა დადებული, მაგრამ არ გადაიხადა. ჰარვარდში ცენტრის შექმნაზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო, 3 მილიონი დოლარი იყო გადასახდელი. იმავე მილიარდერს ამის გადახდის პირობაც ჰქონდა დადებული და არ გადაიხადა.

და აი ახლა, პირველად ისტორიაში, იქმნება საქართველოს კვლევითი ცენტრი აშშ-ში, ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში. ჩვენს სამეზობლოსთან შედარებით, მასშტაბები ძალიან ძალიან მოკრძალებულია - სულ რაღაც ნახევარი მილიონი დოლარი დაიხარჯება ამ საქმეზე. სამწუხაროა, რომ არა მსხვილმა ბიზნესმა, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტმა გადაიხადა ეს ფული, მაგრამ ძალიან კარგია რომ ეს საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა.

პროფესორი სტივენ ჯონსი: ის 1970-იანი წლებიდან სწავლობს საქართველოს, არაჩვეულებრივად საუბრობს ქართულად, ილია ჭავჭავაძის დაბადების 150 წლისთავზე გაჩენილ საკუთარ შვილს ილია დაარქვა, იმაზე მეტი წიგნი და სტატია აქვს უცხო ენაზე დაწერილი საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკაზე, ვიდრე ვინმეს მთელს ისტორიაში; ხოლო ახლა ის სრულიად უფასოდ ასწავლის და გზაზე აყენებს ილიაუნიში ჩვენს სტუდენტებს . აი, ეს კაცი თითქმის უკვე 10 წელია ცდილობს ჰარვარდში საქართველოს კვლევითი ცენტრის შექმნას. თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ კვლევით ცენტრს, ეს ზემოთ უკვე ვახსენე და მას სტივენის გარდა ვერავინ შექმნიდა. უდიდესი მადლობა მას ამ დაუღალავი შრომისთვის! ეს ცენტრი ახალ სტივენ ჯონსებს გაზრდის ამერიკაში და, ამასთანავე, ქართველ სტუდენტებს მისცემს ჰარვარდში წასვლის საშუალებას.

დიახ, მოხდა ისე რომ ამ დროს პრემიერმინისტრი ღარიბაშვილია, მაგრამ შეიძლებოდა ყოფილიყო მელია, გახარია ან სიკინჭილაშვილი. რა ვქნათ ახლა? ასე ტრაიბალურად ვუყუროთ ამ ამბავს და არასდროს გავხსნათ ცენტრი? მესმის, დროში ძალიან ცუდად მოხდა ამის წინასაარჩევნოდ დამთხვევა. მოხდა კი არა, დაამთხვიეს. რა ვქნათ, ასეთი პოლიტიკოსები გვყავს და ამას ვერ ავცდებოდით, ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, აუცილებლად გამოიყენებდა ამ საკითხს წინასაარჩევნოდ. მაგრამ საარჩევნო ვნებათაღელვები ჩაივლის და ეს ცენტრი დარჩება. იმედია დარჩება ათწლეულობით. ეს არ არის ღარიბაშვილის ცენტრი, ის საქართველოს ბიუჯეტმა დააფინანსა, ჩვენი ფულით დაფინანსდა და ეს არის ჩვენი - საქართველოს კვლევითი ცენტრი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ახალი ხელისუფლება ტრაიბალისტურად არ შეხედავს ამ ამბავს და არ დახურავს ცენტრს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლა არაფერი გვეშველება. აუცილებელზე აუცილებლად გვჭირდება, რომ ასეთი ცენტრები მსოფლიოს მასშტაბით გამრავლდნენ და გაძლიერდნენ. თუ პოლიტიკით დაუინტერესებელი ბიზნესები გაიღებენ თავიანთ წვლილს, საჩოთირო პოლიტიკურ მანიპულაციებსაც ავცდებით. ამიტომ, გილოცავთ ამ ცენტრის გახსნას, რომელიც ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ღარიბაშვილის იმიჯის ერთდღიანი გაპიარებაა".
| Print |