აბრეშუმის გზა
ჯახი - ზურაბ მაღრაძის საავტორო ბლოგი
ჯახი მიდის ქვეყანაში, დიდი ჯახი. იგი პატარა კაცებისთვის პარტიული ჯახია. არადა რა დიდი ბიჭები შეებნენ ერთმანეთს, პატარა კაცების გონება ვერ შეწვდება ამას. მათი საქმე ჯერ მოქალაქეთა კავშირის, შემდეგ კი სხვა მმართველი პარტიების რიგებში ყოფნა იყო და არის. ხვალ რომ ახალი ხელისუფლება შედგეს, ვერავინ დაასწრებს მათ ვერაფერს. მაგათ კომუნისტები ჰქვიან.

არის კიდევ მეორე ნაწილი ხალხისა, რომელიც ძალადობას გმობდა ადრეც, ახლაც და მომავალშიც… მათ სამოქალაქო საზოგადოება ჰქვიან. მხოლოდ უდიდესი პატივისცემა მინდა მათ მიმართ გამოვხატო.

ჰო, ჯახს დავუბრუნდეთ, დიდ ჯახს. დიდი ბიჭები ჩხუბობენ თბილისში. თან ძალიან დიდები. ფორმულა 3+3 და ფორმატი ტრასეკა დაეჯახნენ ერთმანეთს. ვინმეს გაეცინება ამ ნათქვამზე. ჰო, ქვეშეთი-კობის გზა, ბაქო-თბილისი-ყარსის და აფხაზეთი-სომხეთის რკინიგზები დაეტაკნენ ერთმანეთს. და ეს ყველა ერთად კიდევ ცალკე ანაკლიას ეჯახება. მართლა რკინიგზის რელსები და პორტის საწყობები კი არ ჩხუბობენ, არამედ დიდი კაპიტალის მფლობელები არიან რინგზე შემდგარი.

ყველა მაყუთზე ზრუნავს. გაინტერესებთ ხომ, თუ რა შუაშია ეს ამბავი? პასუხის სიმარტივისთვის ასე ავხსნათ: ანკარა, ბაქო, პეკინი, კიევი, ერევანი, დუშანბე, მოსკოვი, ნურ-სულთანი, თეირანი, აშხაბადი, ტაშკენტი, ბიშკეკი და სხვები, რამდენჯერაც შეიკრიბნენ სადარბაზოდ, ხან სამ-სამი, ხან ოთხ-ოთხი და ხან ყველა ერთად, აღმოჩნდა რომ დიდი ფულის დერეფანი აღმოსავლეთში იწყება ჩინეთში, ყვითელი ზღვის სანაპიროზე და დასავლეთში სრულდება შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს პორტებში. მათ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, იმსჯელონ, ფაქტი ერთია: დერეფანში ტვირთების გენერირებას ახდენს პეკინი, ხოლო ტვირთების გადაცემას ევროპის კავშირში უზრუნველყოფს თბილისი. და მაგიდის ერთ ბოლოში თუ ზის პეკინი, მეორე ბოლოში აუცილებლად უნდა იჯდეს თბილისი. რამდენიც არ უნდა ეცადოს ვინმე, ამ მოცემულობას ვერავინ შეცვლის, მით უმეტეს მოსკოვი!

ამასობაში უკრაინამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა ვაშინგტონში. თან ისე რომ საქართველო იქ არავის უხსენებია. არადა როგორ გამყარდა ნატოს რაკეტებიანი გემების ყოფნა შავ ზღვაში… არადა როგორ ეშიანია ზევით ჩამოთვლილ ქალაქთა ქვეყნების მთავრობებს ამ გემების?! ამერიკული ფლოტის ისეთი ფლაგმანები დასეირნობენ შავ ზღვაში, მტრისას! გლახად არავინ გაინძრეს აქა!

თბილისი კი დუღს. მოსკოვიც დუღს. მათ განა აქამდე არ დაუდგამთ საქართველოს დროშისთვის ფეხი? ამაზე უარესებიც აქვთ ნაკეთები. უბრალოდ ახლა იმიტომ გააკეთეს ეს, რომ თბილისი მოსკოვზე ალაპარაკდეს. ბევრი თუ ცოტა იმუშავა ამ სიგნალმა. თბილისში ფიქრობენ, რომ მოსკოვი ხარხარებს თბილისის ამბებით. თბილისმა კი აწი უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორი არისტოკრატიული ღიმილი ამშვენებთ ვაშინგტონში დიდ ბიჭებს სახეზე. ვნახავთ ვინ იხარხარებს ბოლოს!
აქამდე ნაცებზე და ქოცებზე ვინც საუბრობდნენ, მათ უნდა გააგრძელონ ისევ… დროებით საქმეს ასე ჭირდება. ვაშინგტონს პარტიები კი არა, არამედ ჩემთვის ძვირფასი ქართული სამოქალაქო საზოგადოება აინტერესებს. მან უკვე ჩააბარა კიდევ ერთი ტესტი. ბოლო გასაუბრება დარჩა მხოლოდ.

ქარის მთესველი კი ქარიშხალს მოიმკის.

ნურავის ნურაფრის ნუ შეეშინდება.

ყველაფერი კარგად იქნება.

| Print |