აბრეშუმის გზა
რისთვის სჭირდება აბრეშუმის გზა საქართველოს?!
რისთვის სჭირდება აბრეშუმის გზა საქართველოს?!

1. კლიმატის გლობალურ გამოწვევებს ქვეყნები კოლექტიური გადაწყვეტილებებით პასუხობენ. უპირველესია რკინიგზის, როგორც კლიმატის ნეიტრალურობისთვის მისადაგებული ტრანსპორტის სახეობა. საქართველო გლობალურ ეკონომიკებში ვერ ჩაერთვება, თუ იგი არ ჩაება მაღალი სტანდარტის საერთაშორისო სარკინიგზო ქსელს ჩინეთიდან ევროპამდე;

2. გადაზიდვებში მხოლოდ ტვირთები და მგზავრები არ მოიაზრება. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გადაზიდვაც ხდება. თუ მაგალითად იაპონია წარმოადგენს გამოგონებას, რომელიც სახმელეთო პორტიდან საზღვაო პორტზე ტვირთის გადაცემის ახალ ლოჯისტიკურ ტექნოლოგიას მოიცავს, მას დაჭირდება კონკრეტულ ქვეყნებში ამ გამოგონების დისტრიბუცია. საინვესტიციო გარემოც იქ ფორმირდება, სადაც მაღალტექნოლოგიური სისტემებია;

3. ეროვნული პროდუქციის ექსპორტს პირველ რიგში ხელმისაწვდომი ავტოსტრადები, რკინიგზები და პორტები ჭირდება. მის გარეშე ეკონომიკა ვერ მუშაობს;

4. აბრეშუმის გზა განაპირობებს თავისუფალი ეკონომიკური ზონების საჭიროებას. ასეთ ზონაში პროდუქციის ხარისხი, ასორტიმენტი და ფასები მრავალმხრივია. შედეგად არათუ სოხუმი და ცხინვალი, არამედ ნალჩიკი, ნაზრანი, გროზნო და ვლადიკავკაზი შეეცდებიან ვაჭრობას. აბრეშუმის გზა დეოკუპაციის შესაძლებლობაა;

5. ევროკავშირის და ჩინეთის ბაზრებს შორის, ასევე სამხრეთ კორეასა და თურქეთს შორის გეოგრაფიულად მოქცეული ქვეყანა ტვირთების, მგზავრებისა და გამოგონებების გზაგამტარია. ტვირთების და სხვა დანარჩენის გზად გატარებას კი მომსახურება ჭირდება. კარგი მომსახურება კი ძვირი ღირს. კარგ მომსახურებას კარგი დასაქმებაც თან ახლავს და თავისთავად კარგი შემოსავლებიც, აგროინჟინერისთვისაც და ავტოინჟინერისთვისაც;

6. სადაც დიდი საქონელბრუნვაა, იქ დიდი ფული ტრიალებს. ოღონდ ეს ფული საფონდო ბაზრებს წარმოქმნის, რასაც სასაქონლო ბირჟების აუცილებლობაც მოსდევს. ბაზრებს შორის ფასიანი ქაღალდების, ფინანსური ინსტრუმენტების, ბარტერული და ჩარტერული გარიგებების მთელი შეპირაპირებები ამ პატარა კარიბჭე ქვეყანაში მოიყრის თავს. ოღონდ ამას ქართველი მაკლერების, დილერების და ბროკერების მაღალკვალიფიციური და დიდი არმია უნდა დახვდეს;

7. ამ დიდ მიმოქცევებში ჩვენი ჩაკრულოსა და მრავალჟამიერის, დავლურისა და აჭარულის ექსპორტს უბრალოდ ვერ აუვლენ ეროვნული ანსამბლები. უბრალოდ დიდი ფული წამოვა. უბრალოდ ბიუჯეტის მწირ დაფინანსებიდან ეროვნული კულტურა საერთაშორისო ვალუტებს ეზიარება. თვითდაფინანსება თვითშემოქმედებას გაზრდის. ქართველებს კულტურის შექმნის მეტი სხვა რა ეხერხებათ?!

8. ტურიზმზე კომენტარი ზედმეტია.

9. ქართული ემიგრაცია დაიძრება. კი არ დაიძრება, აქეთ სხვებსაც გამოიყოლებენ, რადგან დიდი და ბევრი მუშახელი და სპეციალისტი იქნება საჭირო. ტვირთების შეფუთვისა და მარკირებიდან დაწყებული, ტვირთების განაწილების და მისი დაცვით დამთავრებული;

10. უსაფრთხოება იმიტომ კი არ გვჭირდება, რომ აბრეშუმის გზა მივიღოთ, არამედ აბრეშუმის გზა გვჭირდება იმისთვის, რომ უსაფრთხოება მივიღოთ.
და ბოლოს:

ფუნქცია დაკარგულ ქვეყანაში, ადამიანებიც იკარგებიან.
| Print |