აბრეშუმის გზა
ჩართვა მოსკოვიდან - ზურაბ მაღრაძის საავტორო ბლოგი
ერთი კრემლის გაქნილი ქართველი ერთგან მწერს - რას დაამსგავსეთ ამ 30 წელში ქართველი ერიო?!
პასუხი: ჩვენ და 30 წელი.

- ანტვერპენში, მიდელჰეიმის პარკში გია ყანჩელის ძეგლი იდგმება. ანტვერპენის ტაძარში ყანჩელის მელოდია ისმის. ვენის ისტორიულ ტაძარში გია ყანჩელის ხსოვნას საშობაო კონცერტს უძღვნიან. ყანჩელის მუსიკაზე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, კანადელმა მოციგურავემ კურტ ბრაუნინგმა ულამაზესი ნომერი აჩუქა მსოფლიოს. გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორისაა და ამერიკელი დიპლომატები ახალ წელს გია ყანჩელის მუსიკით ულოცავენ საქართველოს.

- შენ! ორჯონიკიძის მოციქულო. აწიე ერთი ადგილი. ჩადი ტაო-კლარჯეთში და საკუთარი თვალით ნახე აღდგენილი პარხალი და იშხანი. ნახე როგორ ნელა და ფრთხილად მიმდინარეობს ოშკის რესტავრაცია. ტბეთის საერისთავო კომპლექსშიც შეიარე და იხილე, ერთად როგორ მოასუფთავეს ქართველ და თურქ კოლეგებმა იქაურობა, მისი მომავალი სარესტავრაციო სამუშაოების დაგეგმვისათვის.

- მალე ნახავ! ჰო, მალე ნახავ ქართველების აღდგენილ და თანამედროვედ გამართულ, ისტორიულ - არწრუნის ქარვასლას, თეკლას ქარვასლას, სარქისოვის ქარვასლას, სარაჯიშვილის ქარვასლას, ბატონიშვილების ქარვასლას… და იცი რატომ მოხდება ეს? იმიტომ, რომ ჩინელებიც და ევროპელებიც, სწორედ ამ 30 წელიწადში დარწმუნდნენ, რომ ყველა პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგები თბილისში უნდა შეთანხმდეს, რადგან სტრაბონის დროსაც ასე ყოფილა და მაშინ ყველა ბედნიერი იყო.

კიდევ ბევრი რამ მოხდა ამ 30 წელიწადში შენდა შეუმჩნევლად, რადგან ჩუმი სიკეთის მკეთებელი კაცები მოძრაობდნენ საქართველოში მუდამ. მაგიტომაც ჩამოიტოვა უკან კარიბჭის გასაღების მფლობელმა ერმა ყველა იმპერია. ცოტაც დაიცადე და ნახავ, როგორ გახდებიან უკრაინა და საქართველო მოსაზღვრე ქვეყნები. და ისიც იცოდე, რომ აბრეშუმის გზა კოლხური თეთრის ეპოქებში აფხაზეთსა და ყირიმზე გადიოდა. ცოტაც დაიცადე და მე მეტი აღარაფერი მკითხო, რადგან აღარაფერს გეტყვი. მადლობა მითხარ რომ მესხური სიდარბაისლით გესაუბრები, რომელიც მეგრელმა კონსტანტინემაც დიდად შემივსო. რომელიც თავის ძაღლს რუსულად ესაუბრებოდა, რადგან თვლიდა რომ ძაღლს მის ენაზე უნდა ელაპარაკო.
| Print |