აბრეშუმის გზა
მოსკოვიას გავლენები
უკრაინის კრიზისის ფონზე, ვიდრე დიდი შვიდეული რუსეთს სრულ ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქცევს, პარალელურად სხვა მოვლენებიც ვითარდება. რომელთაგან საყურადღებოა შემდეგი:

1. ევროპაში არსებობს პროექტი „სამი ზღვის ინიციატივა“. ის აგრეთვე ცნობილია სახელწოდებით BABS-ინიციატივა (Baltic, Adriatic, Black Sea). ინიციატივა აერთიანებს 12 ქვეყანას: ავსტრია, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმუნეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ხორვატია და ჩეხეთი.
BABS-ინიციატივა აქტიურად თანამშრომლობს ორ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტთან რეგიონში:

ა) ავტომაგისტრალი ჩრდილოეთი-სამხრეთი «Via Carpathia», რომელიც კლაიპედას ლიტვაში აკავშირებს სალონიკთან საბერძნეთში;

ბ) ინფრასტრუქტურა გათხევადებული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისათვის, საზღვაო ტერმინალებით პოლონეთში და ხორვატიაში, აგრეთვე მაერთებელი მილსადენით.

სხვა პროექტებია: ბალტია-ადრიატიკის დერეფანი, ევროპული მარშრუტი E67, Rail Baltica და სარკინიგზო სატვირთო დერეფანი, რომელიც აერთიანებს პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის და სლოვენიის სარკინიგზო სისტემებს.
ინიციატივის მთავარი მხარდამჭერი და დამფინანსებლები არიან აშშ და ევროკავშირი.
მთავარი მიზანი: 2025 წლისათვის ევროპაში მოთხოვნილება რუსეთის ბუნებრივ აირზე უნდა განულდეს. (წყარო: პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი)

არ დაგვავიწყდეს, რომ ზემოთ აღნიშნულის პარალელურად კასპიის ბუნებრივი აირი აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის და ალბანეთის გავლით, იტალიაში უკვე ტრანსპორტირდება (TANAP).

2. აქტიურად ჩნდება ინფორმაცია თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთის (TAPI), იგივე ტრანს-ავღანური გაზსადენის მშენებლობის დაჩქარებული წესით გაგრძელების თაობაზე. 1,814 კილომეტრიანი მილსადენი თურქმენეთის გალკინიშის ბუნებრივი აირის საბადოებიდან ავღანეთისა და პაკისტანის გავლით, ინდოეთის ქალაქ ფაზილკამდე მივა. გაზსადენის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 33 მილიარდი კუბური მეტრია. პროექტის სავარაუდო ღირებულება 9 მილიარდი აშშ დოლარია. ყაზახეთისა და თურქმენეთის ნავთობკომპანიებს სჭირდებათ დამოუკიდებელი საექსპორტო მარშრუტი, რომელიც თავიდან აიცილებდა როგორც ირანთან, ასევე რუსეთთან ურთიერთობას.

აქამდე რუსეთი აკონტროლებდა შუა აზიის მილსადენებს. COVID-19 პანდემიის შემდეგ ბევრი ქვეყანა ახალი ტიპის პრობლემის წინაშე დადგა. დედამიწა ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა. მსოფლიო იძულებულია ენერგიის მიღების ახალი წყაროების მოძიება დაიწყოს. ხსენებული კრიზისი მწვავედ შეეხო პაკისტანს, ინდოეთს, ავღანეთს. ინდოეთის ეკონომიკაც სწრაფად მზარდია და მისი იაფი და საკმარისი ენერგიით უზრუნველყოფა სულ უფრო რთულდება. ხსენებული გაზსადენის პროექტის წარმატებით განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება ქვეყნისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთ-პაკისტანს შორის ორმხრივი პრობლემები არსად გამქრალა და გასათვალისწინებელია თალიბანის ფაქტორიც, საერთო ინტერესი მჭიდრო თანამშრომლობაზე უბიძგებს ხსენებულ ქვეყნებს. (წყარო: energynews.ge)

3. კავკასიაში ორი მთავარი რეგიონული პროექტი ვითარდება, ესენია: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა (BTK) და ირანი-სომხეთი-საქართველოს ავტოსტრადი, რომელიც ანაკლიამდე მივა, იქიდან კი ტვირთბრუნვა ევროპისკენ წარიმართება. BTK რკინიგზა თურქეთს შუა აზიის ქვეყნების ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას აძლევს, რაც ჩინეთის გავლენას აბალანსებს რეგიონში გარკვეულწილად, რადგან ჩინეთის ინტერესია რკინიგზებით ექსპორტის განვითარება ევროპისკენ. ხოლო საქართველო-სომხეთის სატრანსპორტო დერეფნით ირან-ევროპის საქონელმიმოქცევა თეთრი სახლის გადაწყვეტილებასა და მის სანქციებზეა დამოკიდებული. ამასთან,
აზერბაიჯანი, ირანი და საქართველო აამოქმედებენ სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც სპარსეთის ყურეს შავ ზღვასთან დააკავშირებს. შეთანხმებაც მიღწეულია.

რომ შევაჯამოთ წარმოდგენილი ეს სამი მოცემულობა: პირველი ფაქტორით ევროპის დამოკიდებულება რუსეთის ენერგო რესურსებზე მცირდება და ის ბოლოს თითქმის განულდება; მეორე ფაქტორით მცირდება ასევე რუსეთის გავლენა შუა აზიის ქვეყნებზე, რაც თანამედროვე აბრეშუმის გზის მშენებლობას ნიშნავს და რაც ასევე რუსეთის მსოფლიო ეკონომიკური რუკიდან გაქრობის ტოლფასია და მესამე ფაქტორით კი კავკასიაში რუსეთს მალე აღარავინ დაელაპარაკება. რადგან აქ ტრასეკას წევრი ქვეყნების ტვირთების, მგზავრების და ვალუტების გზაჯვარედინი იჭედება. გზაჯვარედინზე კვეთის ქარვასლები კი ბაქო, ერევანი, ანაკლია და ახალქალაქია.
| Print |