აბრეშუმის გზა
ახალი ფორმატის აბრეშუმის გზა
დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და უკრაინის ნაუცბათევი ახალი შეთანხმება უფრო გასაგებად აბრეშუმის გზის ენაზე უკეთ ვერ აიხსნება. მაშ მივყვეთ.

გლობალური დღის წესრიგის ცვლილებები, მათ შორის ახალი მილსადენების და ახალი სატრანზიტო დერეფნების ინიცირებები ამერიკელ დემოკრატებს რომ ეკუთვნით, ეს ცნობილია.

მე-19 საკუნის ფაბრიკა ქვეყანა ბრიტანეთი იყო. მე-20 საუკუნის ფაბრიკა - აშშ. 21-ე საუკუნეში კი ჩინეთი უნდა გახდეს. ამისთვის ჩინეთს დერეფნები ჭირდება. მოსკოვი აკონტროლებდა კიდეც ჩრდილოეთის დერეფანს ჩინეთიდან ევროპამდე, რკინიგზის მაგისტრალით. რომელიც ბელორუსიის გავლით პოლონეთში გადადის. ტრანზიტების ევროპაში ეს გადასვლა ხდება ბრესტი-მალაშევიჩეს რკინიგზით. სადგური მალაშევიჩე არის ლუბლინის პროვინციაში, პოლონეთში. ეს ლუბლინის პროვინცია ესაზღვრება როგორც ბელორუსს ასევე უკრაინას.

ახლა დავაკვირდეთ ამ შეთანხმების აუდიენციის შინაარსს: “ჩვენ ვქმნით უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სარტყელს და ვაძლიერებთ ბალტია-შავი ზღვის ღერძს. ასე გაჩნდა ლუბლინის სამკუთხედი პოლონეთთან და ლიტვასთან, კვადრიგა — თურქეთთან, ასოცირებული ტრიო კი— საქართველოსა და მოლდოვასთან.”

ჩინეთი ევროპას ისევ ლუბლინის პროვინციით დაუკავშირდება, ოღონდ არა ბელორუსის (ბრესტის) გავლით, არამედ უკრაინის გავლით. ლუბლინიდან და ვარშავადან ისეც იქსელება ევროპის რკინიგზები. ესაა პოლონეთი-უკრაინა-საქართველოს ახალი მარშრუტი. პლუს “კვადრიგა თურქეთთან” რაც ითქვა უკვე ანუ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა.
ესეიგი ევროპაში აზიური ტვირთბრუნვა განხორციელდება საქართველოს გავლით და განაწილდება ორი მიმართულებით. პირველი ქართული პორტებიდან უკრაინის პორტებისკენ. უკრაინის პორტებიდან კოველის რკინიგზის სადგურში, ხოლო იქიდან უკრაინა-პოლონეთის სარკინიგზო გადასვლას განახორციელებენ კოველი-მალაშევიჩეს სადგურები. სადგური მალაშევიჩედან გაგრძელდება ტრანზიტი დანარჩენი ევროპისკენ.

მეორე, ბაქო-თბილისი-ყარსი-სტამბოლის რკინიგზა. სტამბოლს კი ევროპის სატრანზიტო კავშირების დიდი შესაძლებლობები აქვს. ახლა უკეთ გამოჩნდა ახალი აბრეშუმის გზის ფორმატი. აუდიენციის დროს ნახსენები “კვადრიგას” დანიშნულებაც უკეთ გადაითარგმნა.

ალბათ კითხვა გაჩნდება - თუ სამი ქვეყნის ფორმატია, რა შუაშია აუდინეციის დროს ნახსენები ლუბლინის სამკუთხედი ლიტვასთან?
ჰოდა ესეც აბრეშუმის გზის ენაზე ავხსნათ. ევროპაში არსებობს პროექტი „სამი ზღვის ინიციატივა“. ის აგრეთვე ცნობილია სახელწოდებით BABS-ინიციატივა (Baltic, Adriatic, Black Sea). ინიციატივა აერთიანებს 12 ქვეყანას: ავსტრია, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმუნეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ხორვატია და ჩეხეთი.
BABS-ინიციატივა აქტიურად თანამშრომლობს ორ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტთან რეგიონში:

ა) ავტომაგისტრალი ჩრდილოეთი-სამხრეთი «Via Carpathia», რომელიც კლაიპედას ლიტვაში აკავშირებს სალონიკთან საბერძნეთში;
ბ) ინფრასტრუქტურა გათხევადებული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისათვის, საზღვაო ტერმინალებით პოლონეთში და ხორვატიაში, აგრეთვე მაერთებელი მილსადენით.

სხვა პროექტებია: ბალტია-ადრიატიკის დერეფანი, ევროპული მარშრუტი E67, Rail Baltica და სარკინიგზო სატვირთო დერეფანი, რომელიც აერთიანებს პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის და სლოვენიის სარკინიგზო სისტემებს.
ინიციატივის მთავარი მხარდამჭერი და დამფინანსებლები არიან აშშ და ევროკავშირი.

აუდიენციის სიტყვებს კიდევ კარგად დავაკვირდეთ: “დიდი პოტენციალი სამმხრივი თანამშრომლობისთვის ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ენერგეტიკის…” ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ავხსნათ აუდიენციაში ნახსენები ენერგეტიკის პოტენციალი: საქართველო-თურქეთი ენერგომატარებლების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივიან.

ახლა გასაგებია, რატომ ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერი კიევში. მეორე დღესაც იგივე გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა და კიდევ უფრო გასაგებია რატომ ჩამობრძანდა ასე ნაუცბათევად პოლონეთის პრეზიდენტი თბილისში.
რაც შეეხება 21-ე საუკუნის ფაბრიკას, ჩინეთთან ერთად იქნება ინდოეთი, პაკისტანი, ირანი და შუა აზიაც… სატრანზიტო დერეფნის კონტროლი კი ლონდონის ქოლგის ქვეშ მოექცევა. ანუ ლონდონის საფონდო ბირჟა იქნება კონტინენტზე კაპიტალის მოძრაობის რეჟისორი. საქართველო კი თავის ისტორიულ კალაპოტს დაუბრუნდება.

არა ბიჭოს, მოსკოვს დაეკითხებოდნენ.

| Print |