აბრეშუმის გზა
სამცხე-ჯავახეთის გაყინული ტბები
Georgian Travel Guide - ის ფოტო
სამცხე-ჯავახეთი ტბებით მდიდარი რეგიონია. საქართველოში ყველაზე მეტი – 80-მდე ტბა სწორედ ამ მხარეშია. თითოეული მათგანი სანახაობრივად, ნებისმიერ სეზონზე მიმზიდველია.
ფარავნის ტბა
სამცხე-ჯავახეთში ყველაზე დიდი ტბა ფარავანია. იგი ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბაა. მდებარეობს ზღვის დონიდან 2073 მ. სიმაღლეზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. ტბა ზამთარში გაყინულია, ყინულის სისქე 47-73 სმ-მდეა.
საღამოს ტბა
ტბა მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ფარავნის აუზში, ზღვის დონიდან 1996 მ. სიმაღლეზე.
ტბას აქვს ტრაპეციის ფორმა. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. მაქსიმალური დონე მაისშია, მინიმალური — სექტემბერში. ტბაზე გაედინება მდინარე ფარავანი. ზამთარში იყინება 4,5 თვით. ტბასთან გაშენებულია სოფელი საღამო.
ბუღდაშენის ტბა
ბუღდაშენის ვულკანური წარმოშობის ტბა მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჯავახეთის ზეგანზე, მდინარე ფარავნის აუზში, ზღვის დონიდან 2040 მ. სიმაღლეზე. ტბა უკიდურესად მეჩხერია, საშუალო სიღრმე 0,42 მ, მაქსიმალური სიღრმე 0,85 მ.
თებერვალში ბუღდაშენის ტბის წყლის დონე ყველაზე დაბალია. ყველაზე მაღალი - მაისში, თოვლის დნობის დროს და ძლიერი წვიმების პერიოდში აღინიშნება. ზამთარში ტბა იყინება, რაც ხუთ თვეს გრძელდება.
ტბა ბუღდაშენის აღკვეთილის ნაწილია. 2020 წლის 8 ივლისს საქართველოს წარდგინებით, ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ რამსარის კონვენციის სამდივნომ ბუღდაშენის ტბა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეიტანა.
ხანჩალის ტბა
ხანჩალის ტბა ზღვის დონიდან 1928 მეტრზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ის ხანჩალის აღკვეთილის შემადგენლობაში შედის. ხანჩალის ტბას კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას ფრინველთა მრავალფეროვნება და სიმრავლე მატებს.
ხანჩალის ტბა ჯავახეთის მთიანეთის ტბებს შორის ყველაზე დაბალი სიღრმეებით ხასიათდება. მისი სარკის ფართობია 13,3 კმ², უდიდესი სიღრმე კი - 0,8 მ.
ტბის ირგვლივ გაშენებულია ქალაქ ნინოწმინდის რამდენიმე უბანი და სოფლები - დიდი ხანჩალი და პატარა ხანჩალი.
კარწახის ტბა
კარწახის ტბა, იგივე ხოზაფინი სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 1799 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
სახელმწიფო საზღვრით ტბა ორ ნაწილად იყოფა. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი საქართველოს ფარგლებშია, სამხრეთ-დასავლეთი - თურქეთში. ტბა გაუმდინარია. დეკემბრიდან მარტის მეორე ნახევრამდე დაფარულია ყინულით.
ტაბაწყურის ტბა
ტაბაწყურის ტბა ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე ზღვის დონიდან 1991 მეტრზე მდებარეობს. მისი სარკის ფართობი 14,2 კმ²-ა, მაქსიმალური სიღრმე - 40,2 მ, საშუალო სიღრმე კი - 15,5 მ.
ზამთარში ტბა გაყინულია. გარშემორტყმულია ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილით. წყალი მტკნარია და თევზით მდიდარი, მოიპოვება კიბორჩხალებიც. ტბის გარშემო ორი სოფელია, ტაბაწყური და მოლითი. სოფელი ტაბაწყური ნაწილობრივ ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზეა გაშენებული, რაც კიდევ უფრო მატებს ამ ადგილს საინტერესოობასა და მიმზიდველობას.
გააზიარეთ :