აბრეშუმის გზა
ელენეს წართმეული ოცნებები
ძველი, დამდნარი და გაცრეცილ კაბის ქვეშ შარვალი ჩაუცვამს, ბალახმა წვივები რომ არ დაუსუსხოს. კაბის კალთაზე ფოთლები აქვს აკრული... კეფაზე შეკრული თმით მოდის ელენე. ტალახის მოშორებას ცდილობს კალოშიდან. ბალახი დაუგლიჯავს და წინსაფარში აქვს გამოკრული.

რომ დამინახა მკლავით შუბლსა და საულვაშეზე ოფლის წვეთები მოიშორა და საკოცნელად წამოვიდა. არ შემზიზღებია, ხელები მოვხვიე. კისერთან ჩამოყრილ თმაში ბალახის სუნი ჰქონდა. მე რომ მიყვარს ის სუნი...

- როგორ ხარ? - მკითხა და უცებ უხერხულად ვიგრძენი თავი ჩემი ქუსლიანი ფეხსაცმლის, სალონში დალივლივებული თმის და სუნამოს გამო, რომელიც უაზროდ უადგილო მომეჩვენა იქ.

- მოგიხდა გათხოვება - მითხრა და ლამაზად გაიღიმა. - კარგი ოჯახი ქალს უკეთესს ხდის, ცუდი გარემო და პირობები კი ქალობას ართმევს, სახეში აფურთხებს და სრესს მატლივით. - აქ ხმა ჩაუწყდა და გაჩუმდა.

- ეს წიწილებისაა? - თემის შეცვლა ვცადე.

- ჰო წიწილებისაა, გამრავლდნენ ორასზე მეტი მყავს.

- ხატავ კიდევ? - პასუხი ისეც ვიცოდი, მაგრამ მაინც ვკითხე. გაეღიმა:

- ხატვის დრო ვის აქ ჩემო გოგო. ლანას გამოჰყვა მგონი ნიჭი, შავ ფანქარში კარგად გამოდის.

ლანა მისი მესამე შვილი იყო. უმამოდ ზრდიდა უკვე ათი წელია.

როცა მოსულა, ახალი რძლის ინტერესით ეზო გაივსო თურმე. კანჭ წვრილი, მაღალი ყირმიზა ელენეს სილამაზემ, სოფლის მთავარ კრიტიკოსს, ჭორიკანა თამარასაც ჩაუგდო ენა.

მაშინ სამხატვროზე სწავლობდა. სოფლის სახლში, ერთი ოთახი სახელოსნოდ გადააქცია და ამით ოცნება აისრულა. მთელ დღეებს იქ ატარებდა.

"თხიპნის" - ასე ამბობდნენ და იქავებდნენ ენას მერე, თვითონ მეტად უსაქმური "ბირჟავიკები"

- ეს რა არი, რა დაგიხატავს? - თავზე წამოსდგომოდა ნინა.

- უი, ნინა დეიდა, მობრძანდით - წამოხტა ელენე.

- უკვე მოვბრძანდი. - ჩაიქირქილა ქალმა.

უბნის დედამთილები სახელოსნოში რევიზორებივით გაიშალნენ, ვიღაც ფუნჯებს დაწვდა, ვიღაც უკვე დახატულს ათვალიერებდა, ვიღაცამ მაგიდაზე მტვერი შეამოწმა თითით.

- ეს რა არის? - იკითხა მეორედ ნინამ.

- ეს პეიზაჟია. - უპასუხა ელენემ

- რა? აა, ჰოო.. -თითქოს გაიგო, დაბნევა არ შეიმჩნია ქალმა.

- ანა სადაა ნინა დეიდა? რამდენი ხანია აღარ გადმოსულა.

- ანა? ანა თეთრეულს ხარშავს ეზოში. სად სცალია სასიარულოდ. შენსავით კი არ ზის. - სუსხი გაურია ქალმა და დამცინავად გახედა ელენეს.

- მე ვმუშაობ ნინა დეიდა. - წამოწითლდა ელენე.

- მუშაობს, ქალი რომ თხოვდება, შვილო, სახატავი და სათამაშო უნდა დაივიწყოს. ბარს და თოხს უნდა მოკიდოს ხელი და მხარში ამოუდგეს ოჯახსა მაშ. ძროხა მოწველოს, სახლს მიხედოს, მა შენ რა გეგონა გათხოვება, მარტო "კრაოტის" ჭრაჭუნი? - მიაჩერდა უტიფრად.

ხმა არ გაუღია, მაგრამ იმ წუთიდან სამუდამოდ შეიძულა ნინა.

მერე გიას, ელენეს ქმარს სიმსივნე აღმოაჩნდა და ყველაფერი გაყიდეს. ელენეს ნახატებიც. სახელოსნოს დარდი აღარ ჰქონდა ქალს.

ქმარს ვერ უშველა. ფუნჯი გადააგდო და ნინას ოცნება აუსრულა - თოხს მოკიდა ხელი.

- სახელოსნოს კარები წლებია აღარ შემიღია. ახლა მიზეზი, რის გამოც ჩემთვის მზე ისევ ამოდის, ჩემი შვილებია. გადმოდი ლანას ნახატებს გაჩვენებ. თვალები აენთო, სახე გაუნათდა და გააგრძელა:

- ხალხს ვეცოდები, არადა იცი რა ბედნიერი ვარ? გამომიარე გთხოვ, ნახე, რა გოგო მეზრდება.
| Print |