აბრეშუმის გზა
"თამარის სარკე" - კიდევ ერთი უცნობი ტბა მესხეთში
სამცხე-ჯავახეთში არაერთი ძეგლი, ადგილი თუ ღირსშესანიშნაობა თამარ მეფის სახელს უკავშირდება. რეგიონში მდებარეობს ტბა, რომელიც "თამარის სარკის" სახელით არის ცნობილი. ლეგენდის თანახმად, თამარ მეფე, რომელიც ამ მხარეს ხშირად სტუმრობდა, ტბის ანკარა წყალში იცქირებოდა და თმას ივარცხნიდა. ლეგენდის შესახებ, თითქმის ყველა ადგილობრივმა იცის და ისტორიას სიამაყით იხსენებს.

"თამარის სარკის" სახელით ცნობილი წუნდის ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1 539მეტრზე მდებარეობს. წყლის ზედაპირის ფართობი 0,034 კმ²-ა, უდიდესი სიღრმე კი - 19 მეტრი.

ტბა თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით საზრდოობს, იგი გაუდინარი და მტკნარია, ნაპირებისკენ შემოუყვება ლელიანი.

წარსულში ტბა აფეთქების კრატერად მიაჩნდათ. ტბის ქვაბული წარმოქმნილია ახალქალაქის ლავური პლატოს დასავლეთი პერიფერიის დამეწყვრის შედეგად მდინარე მტკვრის ხეობაში. ულამაზესი გარემო და გაშლილი ხედები ძალიან მიმზიდველს ხდის წუნდის ტბას ბუნებისა და ხეტიალის მოყვარულთათვის.

ტბასთან ახლოს მდებარეობს თმოგვის ციხე, რომელიც საქართველოს თავდაცვის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ძეგლია.
| Print |