აბრეშუმის გზა
როგორი სააღდგომო ტრადიციები აქვთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში?
აღდგომას საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ტრადიციები აქვთ, წითელ პარასკევს ყველა ოჯახში წითლად იღებება კვერცხები და ცხვება პასკები. საქართველოს ყველა ეკლესიაში შუაღამიდან საზეიმო წირვა-ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება. ამ დღეს ქრისტიანები ერთმანეთს ულოცავენ სიტყვებით- "ქრისტე აღდგა!- ჭეშმარიტად აღდგა!", აღდგომას ყველა ოჯახში იშლება საზეიმო სუფრა, მწვანე ჯეჯილი, წითლად შეღებილი კვერცხები, სააღდგომო პასკა და წითელი ღვინო ამ სუფრის განუყოფელი ნაწილია, ამას გარდა სუფრაზე შეხვდებით თევზეულსა და ხორცის კერძებს, ხაჭაპურს, ლობიან ქადას, სალათებს, თონის პურს და სხვადასხვა მადისაღმძვრელ ნუგბარს. ოჯახები საფლავზე გადიან და კვერცხს აგორებენ.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული სააღდგომო ტრადიციებია:

სამცხე-ჯავახეთში სააღდგომოდ ფურნეს ანთებენ და მესხურ ქადას, ხაჭაპურს, სომინ და თითიან პურებს აცხობენ. ყველა ოჯახში პარასკევს კვერცხებს წითლად ღებავენ და სუფრაზე ტრადიციულ კერძებთან ერთად აწყობენ. პასკა, კვერცხი და მესხური ნუგბარი სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია.

რაჭაში სააღდგომოდ მიცვალებულთა პატივსაცემად ცხვარს კლავდნენ. აღდგომის დილით ყველა ოჯახში პურის ფაფას აკეთებდნენ. აღდგომის მეორე დღეს კი გიორგონთობას ზეიმობდნენ, აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოჩხუანებს და ხარშავდნენ ხორცს.

სამეგრელოში აღდგომას ქვევრის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ, აცხობდნენ ყველიან და კვერცხიან კვერებს, ოჯახის უფროსი დილიდან მარხულობდა, შუადღისას ხონჩაზე დააწყობდნენ მამლის თავს, ღორის გულ-ღვიძლს, კვერებს, ქვევრს თავს მოხდიდნენ და დაილოცებოდნენ.

გურიაში აღდგომას ტრადიციული ლელო იმართება. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს ავსებენ ნახერხითა და სილით და აგუნას წვენს ასხამდნენ.აგუნა შავი ღვინის, ბროწეულის წვენი, თაფლის და კიდევ ერთი უცნობი ინგრედიენტის ნაზავია.

კახეთში სააღდგომო ბატკანს კლავდნენ, სასაფლაოზე გადიოდნენ და კვერცხს აგორებდნენ, ოჯახში იკვლებოდა ღორი, იშლებოდა დიდი სურა, მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქეიფობდნენ.

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სააღდგომო ტრადიციაა "ჭონა", ჭონა ალილოს წააგავს. აღდგომის დღეს რამდენიმე კაცი, რომლებსაც მეჭონეებს ეძახდნენ სოფელს ჩამოუვლიდნენ სააღდგომო სიმღერით და ხალხს დღესასწაულს ულოცავდნენ, დიასახლისები კი მათ კვერცხებით, ტკბილეულით, ხილით და ფულით ასაჩუქრებდნენ.

დღის ბოლოს ახალგაზრდობა შეგროვებულ ხორაგს შემოუსხდებოდნენ და ილხენდნენ.

ასევე ნახეთ:

| Print |