აბრეშუმის გზა
სოლომონ მეორეს ტრაგიზმი გარდაცვალებამდე და მის შემდეგ
მთელი საქართველოს ისტორია ხომ ერთი დიდი ტრაგედიაა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც გარდაცვალების შემდეგ უარესი ტრაგიზმი სდევდათ თან.

რუსების მიერ დაპატიმრებულმა უკანასკნელმა ქართველმა მეფემ სოლომონ II-მ ციხიდან გაქცევა და ტრაპიზონში დამკვიდრება მოახერხა იმ იმედით, რომ სამშობლოში დაბრუნებას შეძლებდა, მაგრამ 1815 წელს იქვე გარდაიცვალა. იგი ტრაპიზონის წმ. გრიგოლ ნოსელის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში დიდი პატივით დაკრძალეს და მის საფლავზე მდიდრული ეკვდერი ააგეს.

საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებისას ზოგიერთმა "პოლიტიკოსმა" ამ თემით ქულების დაწერა გადაწყვიტა და სოლომონის ნეშტის გადმოსვენების მიზნით 1990 წლის შემოდგომაზე ტრაპიზონში ჩავიდნენ, მაგრამ ტრაპიზონში ჩასულ ქართველებს ადგილზე აღარც საფლავი დახვდათ და აღარც ეკლესია. 1930-იან წლებში ის ადგილი ააფეთქეს და სანაპიროდან ქალაქის ცენტრამდე (მეიდანი) დამაკავშირებელი გზა გაიყვანეს.

ბუნებრივია, ამ ცენტრალურ გზას მათ არავინ გაათხრევინებდათ (აზრიც არ ჰქონდა, რადგან იქ უკვე მთელი კლდე იყო მოჭრილი), მაგრამ არც ბოლომდე მოიმდურეს და იქვე ახლოს მდებარე სკოლის ეზოში პატარა სკვერის გათხრის უფლება მისცეს.

ტრაპიზონი კი უძველესი ქალაქია (დაარსებულია ძვ.წ. 756 წ.) და სავსეა ისტორიული ნაშთებით. ამიტომ, როგორც თვითმხილველი, ცნობილი თურქოლოგი ნოდარ ჯანაშია იხსენებს, გათხრისას სკვერში იპოვეს ერთად ჩაყრილი 5 თავის ქალა და ძვლები. აქედან ერთ-ერთი ქალა აარჩიეს (ძვლებს ვერაფერი გაუგეს და შეეშვნენ), დაარქვეს სოლომონი და საქართველოში დიდი ზარ-ზეიმით გადმოასვენეს.

ცხადია, დღეს DNA-ს ანალიზი რომ ჩატარდეს, ადვილად გამოჩნდება, რომ ამ თავის ქალის პატრონს არავითარი კავშირი არ აქვს ბაგრატიონებთან. არც სოლომონის საფლავზე მდგარი მდიდრული ეკვდერის კვალი ან საძირკველი უნახავთ სკვერში იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი სულ სხვა ადგილას მდებარეობდა.

ამხელა ტყული კი ითქვა და შემდეგ მთელი ქვეყანა დააჯერეს ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ერთდღიანი პიარისთვის.

საქართველოს ეკლესიამ სოლომონი წმინდანად შერაცხა. 20 თებერვალს მისი გარდაცვალებისა და ხსენების დღეა.

უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ თქვენი მონა-მორჩილის წიგნში "ქართველები ოსმალური პერიოდის ტრაპიზონში."
| Print |