აბრეშუმის გზა
წერეო ხომ მითხარით
მოგზაურობის განვითარების ისტორია დაკავშირებულია ვაჭრობის განვითარებასთან. უძველეს დროში ყველაზე უფრო ცნობილი ვაჭრები ფინიკიელები იყვნენ, რომლებიც აგებდნენ დიდ და მცირე ხომალდებს ღია ზღვაში სამოგზაუროდ. მიწების, რესურსების ფლობისა და ვაჭრობის სურვილი ყოველთვის უბიძგებდა კაცობრიობას სხვა ადგილებში, ქვეყნებსა და კონტინენტებზე მოგზაურობისაკენ. ვაჭრობის შემდგომი გაფართოება მოითხოვდა უფრო მეტ ცოდნას სხვადასხვა ქვეყნისა და მათი მოსახლეობის, აგრეთვე ამ ხალხების წეს-ჩვეულებების შესახებ. ამ მიზნით შორეულ მოგზაურობაში მიემგზავრებოდნენ ძველბერძენი მეცნიერები.

ევრაზიის დერეფნის ბუნებრივი ფუნქციით საქართველო წარმოადგენდა „დიდი აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვან მონაკვეთს, ქართლის სამეფოს აღწერისას ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი (ძვ. წ. 64-63, ახ. წ. 23-24) ამბობს, რომ ოთხი გზა თავს იყრიდა ქართლის სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში. მისივე ცნობით, ხალხი მეურნეობასა და მრეწველობას მისდევდა და მარტო თავის მოსახმარად კი არ აკეთებდა, არამედ უცხოეთში გასაყიდადაც. როგორც ივანე ჯავახიშვილი წერს: „ეტყობა აღებ-მიცემობას ფეხი მაგრად ჰქონდა მოკიდებული. კოლხეთში რამდენიმე განთქმული სავაჭრო ადგილი იყო“. დიდი სავაჭრო გზა, აბრეშუმის გზად ცნობილი, კვეთდა მთელი მსოფლიოს უდიდეს ნაწილს, დაწყებული ჩინეთიდან, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით, აღმოსავლეთის ქვეყნებისაკენ.

ეს იყო საქონლის, ადამიანებისა და იდეების ტრანსპორტირება ევრაზიის ქვეყნებს შორის. 12 000 კილომეტრზე გადაჭიმული გზა, წარმოადგენდა დამაკავშირებელ არტერიას მსოფლიოს უდიდეს ცივილიზაციებს შორის - ჩინური, მონღოლური, ინდური, სპარსული, რომაული, ბერძნული, ბიზანტიური, მესოპოტამიური და ეგვიპტური. იგი ერთმანეთთან აკავშირებდა თანამედროვე მსოფლიოს 16 სახელმწიფოს: იაპონიას, სამხრეთ კორეას, ჩრდილოეთ კორეას, ჩინეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, პაკისტანს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, ირანს, თურქეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, საბერძნეთს, ეგვიპტეს.

ამ დროიდან იწყება საქართველოში სასტუმროების ტიპის სახლების მშენებლობა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო საქართველოს მდებარეობით. უამრავ ვაჭარს თუ უბრალოდ, მოგზაურს უხდებოდა საქართველოში და საქართველოს გავლით გადაადგილება. საქარავნე გზებზე ყოველი ერთი დღის სავალზე შენდებოდა სასტუმროს ტიპის სახლები. სახლები, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელწოდებით ფუნქციონირებდნენ: იამი, მანძილი, ასპინძა, მილიონი, ფუნდუკი, ქარვასლა, სასვენია, ხანი, სამადლო. აქედან ქართულია სასვენია, ხანი და სამადლო, ფუნდუკი - ბერძნული, იამი - მონღოლურ-თურქული, მანძილი - არაბული, ქარვასლა - სპარსული.

1795 წელს ერეკლე II-მ რაფიელ დანიბეგაშვილი სპეციალური დავალებით მიავლინა ინდოეთში, ქ. მადრასში, სადაც ცხოვრობდა ერთი სომეხი დიდვაჭარი; მას კომერციული ურთიერთობა ჰქონდა თბილისთან. დანიბეგაშვილმა მოგზაურობას 18 წელი მოანდომა და დაწერა თხზულება “მოგზაურობა ინდოეთში”. XIX საუკუნეში საქართველოსა და მთელი კავკასიის სავაჭრო ცენტრი იყო თბილისი. ამ დროს თბილისში იყო ორი მთავარი ბაზარი, 704 დუქნით, რომლებიც უმთავრესად სომეხ, თათარ და ქართველ ვაჭრებს ეკუთვნოდათ. რუს ვაჭართაგან ძალიან ცოტას ჰქონდა საკუთარი საწყობი ბაზარშივე. შუა ბაზარში გამართული იყო სხვადასხვანაირი სახელოსნო: ერთი ქუჩა ეჭირა მხოლოდ მეწაღეებს, მეორე – მექუდეებს, მესამე – მჭედლებს, მეოთხე – ზეინკლებს და ა.შ. ოქრომჭედლები, აბრეშუმის მქსოველნი, მესაჭურვლენი (მეიარაღენი) – ყველა სხვა ხელობის ოსტატები აქ ხალხის თვალწინ მუშაობდნენ. წყარო: nplg.gov.ge

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩვენ როდის უნდა გავითავისოთ, რომ საქართველო მუდამ წარმოადგენდა კონტინენტის ჰარმონიული გლობალიზაციის კარიბჭეს, რომლის არტერია გადაჭრა და სახელმწიფოებრიობას საძირკველი მთლიანად გამოაცალა მოსკოვმა.

ივანე ჯავახიშვილი კომუნიზმის ეპოქაში მეტს ვეღარაფერს დაწერდა. იმდენი და ისეთი ფორმით დაწერა, რაც გადარჩებოდა, არ გაანადგურებდნენ და ჩვენამდე მოაღწევდა. დანარჩენს მომავალი თაობები უნდა მიმხვდარიყვნენ.
თვალით ვუყურებ წლებია, რომ ოქროს აქტივებზე დგას ეს ქვეყანა და…

წერეო მეუბნებით. ცოტას კიდევ დავწერ. მერე ალბათ მეც გავჩერდები. განა წერა მეზარება.
| Print |