აბრეშუმის გზა
მოსკოვის იმპერიის მოსპობა "შიდაიმპერიული" საქმეა
საქმე იმაშია, რომ უმეტესწილად სწორედ კიევის რუსეთის, უკრაინის ხარჯზე გახდა მასკოვიის სამეფო ამხელა იმპერია და სწორედ უკრაინამ უნდა მოსპოს იმპერია და დაიბრუნოს საკუთარი გეოპოლიტიკური დამოუკიდებლობა.

ეს იმპერია არის ბოროტების წყარო და სწორედ შიგნიდან უნდა "აფეთქდეს" და მისი გავლენის ქვეყანამ უნდა დაამარცხოს. სასტიკია ომის კანონები, მაგრამ ვინაიდან ველურმა იმპერიამ ომის გზა აირჩია სწორედ ომი უნდა წააგოს იმასთან ვინც "ტახტს" ეცილება..

მოსკოვმა თავის დროზე კიევს გეოპოლიტიკური ადგილი და ფუნქცია წაართვა ევროპულ კონტინენტზე. ამიტომ სწორედ კიევმა თავისი ომით უნდა დაიბრუნოს და წაართვას მოსკოვს საკუთარი გეოპოლიტიკური ადგილი და ფუნქცია. გარედან ამ "ჩხუბში" ჩარევა ისევე არ შეიძლება როგორც რომელიმე ფინალურ მატჩში.

მესმის სასტიკად რომ ჟღერს, მაგრამ ასეა. როდესაც ქვეყანა საკუთარი ადგილის და დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად იბრძვის მსხვერპლი აუცილებლად უნდა გაიღოს. ზუსტად იგივე გვეხება ჩვენც.

საქართველომ მოსკოვს უნდა წაართვას ევრაზიული კონტინენტის გეოპოლიტიკური "ტახტი". ჩვენი წილი ომი და მსხვერპლი ჩვენ პირველებმა გავიღეთ და ჩვენი ომები წარმატებით დასრულდა, იმიტომ რომ დანარჩენმა მსოფლიომ მკაფიოდ გადაწყვიტა - ევრაზიული კონტინენტის მთავარი გზაჯვარედინის კონტროლი უნდა ეკუთვნოდეს საქართველოს და არა მოსკოვს.

სწორედ, ამიტომაც დაიწყო მსოფლიომ აბრეშუმის გზის გეოპოლიტიკური წესრიგის აღდგენა. ამ სიტუაციაში ქართველების მენტალობა ნამდვილად არ არის სახარბიელო. კატასტროფულია. იმის ნაცვლად, რომ ვიყოთ აღვსილი საკუთარი დამოუკიდებლობის შეგრძნებით და "ტახტის" დაკავების სურვილით. გარედან სანქციების იმედად მყოფი საკუთარი უსუსურობის განცდის საზოგადოებად გადაგვაქციეს.

ეროვნული სიამაყის გრძნობა გაგვითელეს, პატარა სოფელი ხართო გვითხრეს და უმეტესობას გჯერათ ეს ყოვლად დამამცირებელი "სოფლელობა". რაის სოფელი თუ ხალხი ხართ რა? ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე. პარიზიდან პეკინამდე. ლონდონიდან ბომბეიმდე.. ოღონდ გვირაბი კი არა გატკიცინებული "გზატკეცილი" კიევზე და თბილისზე გაივლის.

რაის მოსკოვი?

საქმეს მიხედეთ ქართველებო და მორჩით ამ გაუთავებელ წუწუნს. აბრეშუმის გზა არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული იდეა. პოლიტიკოსები ამაზე თუ არ საუბრობენ და რეალური დამოუკიდებლობისკენ არ მიჰყავთ ქვეყანა,  უფლება არ აქვთ პოლიტიკოსები ერქვათ და ქვეყნის მართვაზე ჰქონდეთ პრეტენზია.



თეიმურაზ ზაქრაძე

გეოპოლიტიკის მკვლევარი, აბრეშუმის გზის ასოციაციის პარტნიორი
| Print |