აბრეშუმის გზა
არავის ეგონოს საქართველო პატარა სოფელი! - ზურაბ მაღრაძის საავტორო ბლოგი
იცით რატომ არის საქართველო დიდი?! ჯავარდენივით იელვებდა მისი დიდებულება, ქართველ კაცს კარგად რომ ცოდნოდა საკუთარი ფუნქცია. უმალ დაგიდებთ საბუთს, თუმცა არასრულად, რადგან ყველაფრის თქმა არ შეიძლება, ჯერ-ჯერობით.

ეგვიპტეში საბანკო საქმიანობა 4700 წლის წინ დაიწყო, ხოლო კოლხეთსა და იბერიაში 2600 წლის წინ არსებობდნენ ზარაფები და მონეტების მომჭრელი ზარაფხანები. რომაული და ბიზანტიური მონეტების ინდო-ჩინურ მონეტებზე კონვერტაცია კი სწორედ ქართული ვალუტის მეშვეობით ხორციელდებოდა. 26 საუკუნის წინ ასრულებდა კოლხური თეთრი იმ ფუნქციას, რასაც დღეს მწვანე ქაღალდები ასრულებენ. თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ რატომ არის დღეს საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყანა? ან რატომ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული, მთელ რეგიონში მხოლოდ საქართველოს კონტინენტის ორ უზარმაზარ ბაზრებს - ევროკავშირსა და ჩინეთს შორის?

იტყვიან ხოლმე ჩვენში, რომ ევროპა არ მიგვატოვებს, არ გაგვიშვებს ხელიდანო… არისტოკრატიული ღიმილი მოგაწვება ხოლმე კაცს ამ ნათქვამზე. განა მარტო ევროპა?

აზიაც ბევრს ფრთხილობს საქართველოსთან. ყაზახეთის პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის იდეას, საქართველოს ოკუპაციის არაღიარებაც ზედ მიაყოლა თეთრი ურდოს ყეენთან. ახლახანს კი რუსეთის გვერდის ავლით, ნავთობის ექსპორტზე გატანის პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა ტრანსკასპიური მარშრუტი, რომელიც საქართველოს გზით შავ ზღვაზე გადის.

2200 წლის წინ ხმელთაშუა ზღვის არეალში მევახშეობას მისდევდნენ ფეოდალები, ვაჭრები და მონასტრები. დიახ, მონასტრები მართავდნენ სავახშო კაპიტალს.

11600 ისტორიული ციხე და მონასტერი დგა საქართველოს, რაც გადარჩა აქამდე. ციხე-მონასტრებს გარდა თავდაცვითი და კულტურული დანიშნულებისა, საინფორმაციო დანიშნულებაც ჰქონდათ. გზად ქარავანმა გაიარა თუ არა, ინფორმაცია ტაძრების გალავნებიდან და ციხე-კოშკებიდან იკრიბებოდა საქართველოს სამეფო კარს. რატომღაც ხერთვისის ციხიდან გაიჟღერა 6 ივლისს, ისტორიული ციხე-ქარვასლების აღდგენის იდეამ.

სწორედ 11600 ქარვასლა გაიმართება ახალ საქართველოში და ევროპა-აზიის ცივილიზაციის ბედიც, სწორედ აქ დაიწერება და თანაც ყველაზე სამართლიანად.

აბრეშუმის გზა თვითონ შეკრავს ყველა კვანძს და ვისაც საკუთარი სახელმწიფოებრიობა ეპატარავება, ამ უსტარით გიგზავნით შეტყობინებას - საკუთარ სიმცირეს მოერიეთ და საქართველოს სიდიდეს დაინახავთ..

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის მკვლევარი
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
| Print |