აბრეშუმის გზა
კარიბჭე საქართველო
მოსაზრება, რომ პოლიტიკა გადამწყვეტია და არა ეკონომიკა, მცდარია. ეკონომიკური ბერკეტებით და ეკონომიკის გამოწვევებით იწრთობა გეოპოლიტიკა.

ძვ. წ. აღ. VI საუკუნეში აბრეშუმის გზის მთავარ საფრთხედ ჩრდილოეთიდან ქარავნების მძარცველი ტომები განიხილებოდა. სწორედ იმ პერიოდში მცირე აზიიდან კავკასიისკენ გადმოსახლდნენ მესხები (მუშქები) და დაიწყო კავკასიაზე ჩრდილოეთიდან გადმოსასვლელების ჩაკეტვა და მისი კონტროლი, აზიიდან ევროპამდე მომავალი ქარავნების უსაფრთხოებისთვის. იმ პერიოდში შემოდის კონტინენტური გაცვლის ვალუტა - კოლხური თეთრი.

მე-15 საუკუნიდან კი შავი ზღვა იქცა რუსეთ-თურქეთის გავლენის ვექტორად. მას შემდეგ საქართველომ დაკარგა სახელმწიფო ფუნქცია და ის გახდა სამი იმპერიის საჯიჯგნი, უბრალოდ ტერიტორია. ხუთი საუკუნე დასავლეთის ინტერესები კავკასიაში თითქმის არც არსებობდა, რადგან რეგიონი მოსკოვის გავლენის სფეროში მოექცა. ამიტომ არც პირველ რესპუბლიკას ეწერა წარმატება. ამ მოცემულობას დაემატა 1801 წლიდან დაწყებული რუსეთის რკინიგზის, როგორც დიდი სახელმწიფოს შემაკავშირებელი სისტემის მშენებლობა მოსკოვის გავლით, ჩინეთის საზღვრიდან ევროპის საზღვრამდე. საქართველომ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე სრულიად დაკარგა ისტორიული სახელმწიფო ფუნქცია და კარიბჭე ქვეყანას მიენიჭა აგრარული დანიშნულება, სადაც გლეხებს სამკურნალო მცენარეები უნდა მოეგროვებინათ და რუსეთის ბაზარი მოემარაგებინათ.

საბჭოეთის დაშლის შემდეგ კი ლიბერალური დასავლეთი ცდილობდა კონკურენციის განვითარებისთვის თავისუფალი ვაჭრობის არტერიების (სხვადასხვა გზების) მხარდაჭერას, ხოლო კონსერვატიული დასავლეთი ცდილობდა ფედერაციის შენარჩუნებას პარტნიორობისთვის და ამასთანავე, მის დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნისთვის. რაც არ გამოვიდა და არც გამოვიდოდა.

დადგა ახალი გეოპოლიტიკური ფაზა, რომელშიც ცალსახად გამოჩნდა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა არ არსებობს, არსებობს ინტერესები. დიდი ინტერესები კი დიდ გეოპოლიტიკას ბადებს, რომელიც სამ მთავარ ფაქტორზე დგას - ისტორიული კანონზომიერება, კაპიტალის გამოწვევა და უზენაესი სამართალი. ამ მოცემულობაში კი საქართველოს სახელმწიფოს გეოპოლიტიკური სტატუსის თამასა ზევით ავიდა და ის კიდევ უფრო ზევით წავა.

ტრასეკას რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო საქართველოა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ყველაზე მეტი ხელშეკრულებები გააჩნია ტოკიოდან ლონდონამდე და ციურიხიდან სინგაპურამდე. ამასთანავე, ის აზიისა და ევროპის უზარმაზარ ბაზრებს შორის ბუნებრივად, გეოგრაფიულად შუაშია მოქცეული და მას გასასვლელი გააჩნია ღია ზღვაში.

ჩინეთს, კორეას, ყაზახეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, ირანს, ავღანეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ბანგლადეშს, ვიეტნამს სჭირდებათ ევროპის ბაზრებზე წვდომა, რომელიც საქართველოს პორტებიდან უკრაინის, რუმინეთის და ბულგარეთის პორტების გავლით შედგება. აზიურ ქვეყნებს სავაჭრო-საქარავნე გზები ასევე სჭირდებათ მცირე აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აპენინის და ბალკანეთის ქვეყნებთან, რომელსაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უზრუნველყოფს. ამ ყველაფერს დავამატოთ რევერსული ტვირთები ევროპიდან. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები კი კარიბჭე ქვეყანას მიმზიდველს ხდის ყველასთვის, რადგან ბაზრებს შორის ტრანზიტებს შეღავათებს უწესებს. ახლად შექმნილი ბრიტანული ალიანსიც პირდაპირ კავშირშია გეოეკონომიკურ გამოწვევასთან, რომ კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების დერეფანზე ძირითადი ტვირთების გენერირებას მოახდენს პეკინი, ხოლო დერეფნის კონტროლი იქნება ლონდონის.

კონტინენტური ეკონომიკა ბადებს ახალ, კარგად დავიწყებულ ძველ გეოპოლიტიკას. მწარმოებლებს და დიდ კორპორაციებს საქართველოსგან სჭირდებათ მხოლოდ ერთი რამ და ეს არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, რომლის ლოკომოტივიც იქნება დამოუკიდებელი საფონდო ბირჟა. საქართველოს მოუწევს ამის გაკეთება, ფედერაციის დამარცხების გაფორმების შემდეგ.

დაბოლოს, სული უნდა უბეროს ყველამ საქართველოს, რადგან თუ საქართველო კარგად იქნება, თვითონაც კარგად იქნებიან - თურქებიც, აზერბაიჯანელებიც, სომხებიც, ყაზახებიც, ჩინელებიც, ირანელებიც, ინდოელებიც და ევროპელებიც.

ზურაბ მაღრაძე

აბრეშუმის გზის ასოციაციის მმართველი პარტნიორი.
| Print |