რელიგია
მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ
მართლმადიდებელი სამყარო 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაული მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ლიტურგია სრულდება. 

წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული.

იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აღამაღლა.

იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება ქრისტიანებისთვის სულიერი ამაღლების მაგალითია.

27 სექტემბერს ჯვართამაღლებას მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ.
გადმოცემის მიხედვით, ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. წმინდა ელენე დედოფალი დაინტერესდა, თუ სად იყო მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც გაეკრა კაცობრიობის მხსნელი. ის გაემართა იერუსალიმისკენ და დაიწყო ამ ჯვრის ძიება.

იერუსალიმში იმ დროს ჩავიდა, როდესაც ქრისტიანული თემი აღარ არსებობდა. დედოფალმა ებრაელ რაბინებში მოიკითხა გოლგოთის მთის მდებარეობა. როდესაც მითითებულ ადგილს მიაგნეს, ყველაფერი მიწით დახვდათ დაფარული.

იქაურობა გაასუფთავეს და ნახეს სამი ჯვარი, რომლებზეც ორი ავაზაკი და მაცხოვარი იყვნენ გაკრულნი, მაგრამ ეს ჯვრები თანმიმდევრობით განლაგებული არ იყო, ამიტომ საჭირო იყო, გაერკვიათ რომელი იყო მაცხოვრის ჯვარი.

იქვე ახლოს სამგლოვიარო პროცესია მიმდინარეობდა. გადაწყვიტეს, რომ მიცვალებულები რიგრიგობით სამივე ჯვარზე დაესვენებინათ. მართლაც, მაცხოვრის ჯვარზე შეხებისას გარდაცვლილი მკვდრეთით აღსდგა.

გაკვირვებული და გახარებული ადამიანები შემოიკრიბნენ ელენე დედოფლისა და ჯვრის გარშემო. ეს სასწაული ყველასათვის ცნობილი გახდა. ერის სიმრავლის გამო, ქრისტეს ჯვარი ელენე დედოფლისა და სასულიერო პირთა გადაწყვეტილებით აამაღლეს.
| Print |