აბრეშუმის გზა
მთავარი
ნამდვილად დიდი სვლა იყო ბატონ ალიევის ვიზიტი საქართველოში. მართალია მუხრანში აუდიენცია რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩამდგარი და რუსული ჯვრის ორდენოსანის ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკის სურათის ფონზე შედგა, რამაც გარკვეული კითხვებიც გააჩინა, თუმცა არ დაგვავიწყდეს, მუხრანი ქეთევან დედოფლის პიროვნებასთანაც არის დაკავშირებული. ეს სხვა და ცალკე ამბავია.

ახლა მთავარზე გადავიდეთ. დიდი სიგნალები დატოვა ალიევმა. აბა რკინიგზები, აბა მილსადენები, აბა ელექტროსადენები, აბა დერეფნები, აბა პორტები, აბა ჰე და აბა ჰო… და გაიარა და წავიდა.

ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ მაღალი რანგის აუდიენციების შიდა სამზარეულო რომ მუდამ სხვაგვარია? კი მაგრამ, ამხელა ინფრასტრუქტურისა და ამხელა პროექტებისთვის ფული საიდან იქნება? საქმეც ისაა, რომ დიპლომატიურ ენაზე ამ ამბავმაც გასაგებად იელვა. აზერბაიჯანი დაფინანსებაში უკან არ დაიხევს. გასაგებად დატოვა ეს სიგნალიც ბაქომ.

ფულს ვინც იხდის, მუსიკაც…
ჰოდა, აი აქ შევჩერდეთ ერთი წამით. საქართველო რომ კონტინენტის კარიბჭე და პოლუსი სახელმწიფო ხდება, კარგად დავიწყებული ძველი და ახალი აბრეშუმის გზის მეშვეობით, ეს იცით უკვე. აქ უნდა შევჩერდეთ ცოტა ხანი და არანაირად არ ავჩქარდეთ. საქმე ისაა, რომ საქართველოს ძალიან მალე ძალიან ბევრი ქვეყნის პრეზიდენტი, მინისტრები, დეპუტატები, ინვესტორები, არქიელები და აითოლები ესტუმრებიან. და ეს სტუმრობები იქნება მუდმივად უწყვეტი.

არავისი ფულის ჩადება ამ ქვეყანაში არავინ არ უნდა გადაწყვიტოს. ამ ქვეყნის რკინიგზებიც, ამ ქვეყნის მილსადენებიც, პორტებიც, აეროპორტებიც, ჰესებიც და ავტოსტრადებიც ეკუთვნის ამ ქვეყნის მოქალაქეებს. შესაბამისად საქართველოში უნდა შეიქმნას სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საფონდო ბირჟა, სადაც ამ ქვეყნის სატრანზიტო სიმძლავრეებს აქციების სახით შეიძენენ პირველ რიგში ამ ქვეყნის მოქალაქეები. თუ არ ეყოფა მათი ინვესტიცია საქართველოს რკინიგზებს და პორტებს, შემდეგ შეუძლიათ აქციები შეიძინონ უცხოელებმაც – სოკარმაც, ჯეი პი მორგანმაც, როტშილდებმაც, აზერიინშაჰმაც, ბრიტიშ პეტროლიმმაც, მაიკროსოფტმაც და ა. შ.

უნდა ვიცოდეთ, რომ თუ გვინდა რომ ხალხმა მიიღოს სიკეთეები ამ ყველაფრიდან, სწორედ ხალხს უნდა მიეცეს აქციების შეძენის ხელმისაწვდომობის საშუალება და ეს მხოლოდ დამოუკიდებელი საფონდო ბირჟის მეშვეობით უნდა მოხდეს. ამას ქვია ლიბერალური წესრიგი და ნამდვილი საბაზრო ეკონომიკა. ხოლო თუ გაგრძელდება ისე, როგორც გრძელდება ეს ყველაფერი, ეს გააგრძელებს კონსერვატიულ წესრიგს.

ამ თემაზე ამ ერთხელ დავწერე და აღარ გავიმეორებ.

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
| Print |