აბრეშუმის გზა
ბოლო ორ კვირაში
ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური დერეფნით ჩინეთიდან ევროპაში ტვირთს ჩაიტანენ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით.

ერევანი-თბილისის საჰაერო მარშრუტით სამგზავრო გადაზიდვებს პირველი სომხური ეროვნული ავიაკომპანია “Fly Arna” იწყებს.

ვითარდება „საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.

ქართულმა მხარემ მოლაპარაკება დაიწყო ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზეც.

საჯარო სერვისების დიგიტალიზაციის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გერმანული მხარის დაფინანსებით კიშინოვში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველო მონაწილეობდა.

საქართველოს რკინიგზა გენდერულ საკითხებზე მუშაობას EBRD-ის მხარდაჭერით იწყებს.

კონსტანცა-ფოთს შორის საბორნე მიმოსვლა 2023 წლის მაისიდან დაიწყება – პროექტს PONTOS MARITIME-ი განახორციელებს. ასევე რუმინეთისა და საქართველოს საბაჟო სამსახურების მონაწილეობით შეიქმნება სამუშო ჯგუფი ტვირთის მიმოსვლისთვის საჭირო დოკუმენტაციის ელექტრონული მიმოცვლის მიზნით.

თურქმენეთი კასპიის ზღვიდან საქართველოს გავლით ევროპისკენ მიმავალი გაზსადენის მშენებლობის პროექტს ავითარებს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აცხადებს, რომ ფოთის პორტი უკიდურესად არაეფექტიანია და ემსახურება ძალიან შეზღუდული რაოდენობის ფიდერულ გემებს, რის გამოც ის კიდევ უფრო ვიწრო ადგილს წარმოადგენს, ვიდრე ყაზახეთის პორტები.

სწორედ ამ დროს საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო ამბობს: ,,ეს ისაა, რასაც ბაზარი ითხოვს. მნიშვნელოვანია პოლიტიკური საკითხი, რადგან ვაჭრობა და ეკონომიკა, თავისი არსით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ ბევრ ინტერესს აჩენს. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ის, თუ რომელი საპორტო სისტემა მოემსახურება ამ მიზანს უკეთესად, ქართველებმა, ბაზარმა და საერთაშორისო ინვესტორებმა უნდა გადაწყვიტონ".

ალბათ ხვდებით, რომ გარესამყარო საქართველოსგან ლიბერალურ წესრიგს ანუ საბაზრო ეკონომიკას ითხოვს. რაც ნიშნავს, რომ ტენდერების და გზავნილების ეკონომიკიდან, ქვეყანა უნდა გადაეწყოს მაღალი სტანდარტის კერძო საკუთრების და თავისუფალი სავაჭრო ბირჟების სისტემაზე. ანუ სახელმწიფოს ფუნქცია იქნება უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა, ხოლო საინვესტიციო გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეებმა და ინვესტორებმა უნდა მიიღონ, ბაზრებზე და არა კაბინეტებში. ასე რომ საქართველოში ლიბერალური წესრიგი გარდაუვალია.

რუკაზე კარგად ჩანს, რომ საქართველოდან გამავალი ორი სატრანზიტო არტერია, შემდეგში ხუთ განშტოებად იტოტება. ნავთობისა და აირის მილსადენები კიდევ ცალკეა.
| Print |