აბრეშუმის გზა
დერეფანი თუ კარიბჭე?!
გეოპოლიტიკური დივერსიფიკაციის კომერციული სიცოცხლისუნარიანობა, ეს არის თანამედროვე ქვეყნების ინტერესები. გლობალური ცვლილებები ტექნიკურად ასე გამოიყურება - პირველ რუკაზე ჩანს ბრესტის და დოსტიკის რკინიგზის კარიბჭეები, სადაც ვაგონ-ურიკების შეცვლა ხდებოდა მატარებლების სხვა სტანდარტის ლიანდაგზე გადასასვლელად. მეორე რუკაზე ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის გასწვრივ მონიშნულია ახალქალაქი, სადაც და რომელსაც იგივე ფუნქცია ეკისრება. კონტინენტზე სწორედ სადგური ახალქალაქი წარმოადგენს რკინის აბრეშუმის გზის ახალ, მესამე კარიბჭეს.
უნდა გვესმოდეს, რომ დერეფანი და კარიბჭე სხვადასხვა რამეა. დერეფანში მოიაზრება გაზსადენები, ნავთობსადენები, ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები, ავტობანები, გვირაბები და ა. შ. ხოლო კარიბჭე ეს პორტები, აეროპორტები, სადგურები, ლოგისტიკური სივრცეები და ტერმინალებია.

მსოფლიო მშპ-ს 12% სწორედ ლოგისტიკაზე მოდის. ასე რომ საქართველო დერეფანი ქვეყანა არ არის, ის ბუნებრივად, ისტორიულად და გეოგრაფიულად ლოგისტიკური ქვეყანაა. ქვეყანა რომელსაც აღმოსავლეთიდან უერთდება შემომავალი სატრანზიტო დერეფანი და შემდეგ მისგან დასავლეთით იტოტება, ქვეყანა რომელსაც დანარჩენ მსოფლიო ბაზრებთან წვდომის ღია ზღვა და რკინიგზა გააჩნია.

ვიცით, რომ ბალტიის ქვეყნებმაც, ჩეხეთმაც და პოლონეთმაც ჩაკეტეს სამგზავრო მიმოსვლები ურდოსტანთან. ისიც ვიცით, რომ უკრაინამაც ჩაკეტა უნგრეთისთვის ენერგო მილსადენი. ჩაკეტვები გრძელდება და ალბათ ხვდებით, თუ საით გაიხსნება იგი.
კიდევ ერთ მინიშნებას მოგაწვდით. როცა ლომი (ბაიდენი) და ვეფხვი (ძინპინი) ერთმანეთში თანხმდებიან, მაშინ მოსკოვი კურდღელი ხდება. ახლა ხვდებით თუ არა, რომ ზუსტად და სწორედ ამ დროს, ევროკომისარი თბილისში რატომ ჩამოდის და საქართველოს “აყვავებულ ეკონომიკაზე” რატომ საუბრობს?

ბრიტანული ბლოკიც განვმარტოთ. ეს არის ქვეყნების ახალი ალიანსი ღერძით ლონდონი-ვარშავა-კიევი, ლუბლინის სამკუთხედით ბალტიასთან, კვადრიგა თურქეთთან და ტრიო მოლდოვა-საქართველოსთან. ანუ ალიანსის ბოლო გაჩერება თბილისია.

აბრეშუმის გზა გველაპარაკება და მის ენას უნდა დავეუფლოთ. კონტინენტის გეოპოლიტიკური დივერსიფიკაცია კომერციულად სიცოცლისუნარიანი რომ გახდეს, რაც “დიდი ბიჭების” ინტერესებშია, ამისთვის საქართველო კარიბჭედ უნდა იქცეს. საქართველო “პრახადნოი დვორი” არ არის. ის კონტინენტის კარიბჭეა. დერაფენი და კარიბჭე სხვადასხვა რამეა.
| Print |