აბრეშუმის გზა
რეფორმა 6 X 6
1. შეიქმნას სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ფასიანი ქაღალდების კომისია, რომელიც კოორდინაციას გაუწევს საფონდო ბირჟების საქმიანობას. პირველი ექვსი წლის მანძილზე ბირჟებზე ვაჭრობის უფლება მიეცეთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, ემიგრანტებს და დიასპორებს. ექვსი წლის შემდეგ უცხოელებს;
2. ეკონომიკაში სუბსიდიების და გრანტების ნაცვლად სახელმწიფო პროექტები მიმართული იქნას სატრანზიტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. ქვეყნებს შორის რეიტინგში შესაბამისი ინდექსით საქართველო ამჟამად 119-ე ადგილზეა. მიზანი ათეულში გადასვლა უნდა იყოს.
3. ჩატარდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების (სავარგულების, ტყეების, ტბების, რკინიგზების) უფასო პრივატიზაცია ციფრული აუქციონის გზით. საქართველოს მოქალაქეებს გადაეცეთ ქონება საგნობრივად და არა ვაუჩერები. მნიშვნელოვან სტრატეგიული ობიექტების კაპიტალში სახელმწიფომ დაიტოვოს არასაკონტროლო, საბლოკო პაკეტის წილი;
4. შეიქმნას ქვეყნის გენერალური ლოგისტიკური რუკა, რომელიც კერძო სექტორისთვის იქნება საინვესტიციო ორიენტირი. ანაკლია და ახალქალაქი გამოცხადდეს წამყვან და მძლავრ ლოგისტიკურ ცენტრებად. პორტებთან დაკავშირებული ადგილობრივი კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა გადავიდეს მუნიციპალიტეტების მფლობელობაში, ხოლო ნავმისადგომები კერძო საკუთრებაში (მე-3 პუნქტის შესაბამისად);
5. ჩატარდეს ექიმების და პედაგოგების წოდებრივი რანჟირება კვალიფიკაციის შესაბამისად და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაში სრულად გადავიდეს მათი შრომის დაცვის მყარი გარანტიები;
6. სახელმწიფოს და მთავრობის მთავარ ფუნქციად გამოცხადდეს ქვეყნის უსაფრთხოება და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მართვა. სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა განისაზღვროს სუბიექტებისთვის ლიცენზირების, სერთიფიცირების და ნორმატივების შესრულების კონტროლით (სურსათის უვნებლობა, ეკოლოგია და სხვა).
რეფორმის 6 შედეგი:
1. შეიქმნება საშუალო კლასი და არა საშუალო ფენა;
2. საშუალო ანაზღაურება ექვსჯერ გაიზრდება, ექვს წელიწადში;
3. ექვს წელიწადში მოსახლეობა ექვს მილიონს მიაღწევს, რადგან ემიგრანტებს დიასპორებიც უკან გამოყვებიან;
4. მიღებულ კონკურენტულ გარემოში ყველა დარგის და პროფესიის როლი გაიზრდება;
5. ქვეყანაში დასრულდება სკამთაყვანისმცემლობა;
6. სოხუმიდან და ცხინვალიდან ადამიანები თავად მოვლენ საქართველოს დედაქალაქში.

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
| Print |