რატომ ჩამოიშლება ფედერაცია
ზოგადად ქვეყნის ჩამოშლა ორ ძირითად გარემოებას უკავშირდება. ესაა ეკონომიკური და სამართლებრივი ნაწილები. როცა ეს ორი საფუძველი ქვეყანას საყრდენად აღარ გააჩნია, ის, როგორც ერთიანი სისტემა, აღარაფერზე დგას და ამიტომ იგი დაიშლება.
დავაზუსტოთ როგორ დაიშალა “სუსურუკუ”.
პირველი - ეკონომიკური ნაწილი: ლონდონი აკონტროლებდა საუდის არაბეთის ნავთობინდუსტრიების აქციებს. ნავთობის ფასები როგორც კი თავქვე დაეშვა, კრემლს გარე სამყაროსთან ურთიერთობის საყრდენი გამოეცალა. მას მოქმედების ეკონომიკური ბერკეტი მსოფლიო ეკონომიკაში აღარ გააჩნდა.
მეორე - სამართლებრივი ნაწილი: საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე მიღებული დამოუკიდებლობის აქტით, ზვიად გამსახურდიამ პირველმა გამოიყვანა “სუსურუკუ” სამართლებრივი სივრციდან. შემდეგ მოყვა სხვა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადებებიც.
ახლა გავიხსენოთ რა მოხდა სუსურუკუს დაშლის წინ და გავიხსენოთ მარგარეტ ტეტჩერის სიტყვა რესტორან - თბილისში, 1987 წელი:
"თქვენ, უეჭველია, ყველაზე ძველი ხალხი ხართ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, თქვენი კულტურა მსოფლიოშია ცნობილი. მე მითხრეს, რომ თქვენ გაქვთ რიტორიკის საუცხოო სკოლა, რომელიც ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში შეიქმნა, ესე იგი, ათას ხუთასი წლის წინ და რომ მის მოწაფეთა შორის ბევრი ბერძენი იყო. ის, ვინც გადააჭარბა ბერძნებს ორატორულ ხელოვნებაში, მართლაც განსაკუთრებული უნდა იყოს... თქვენი შესანიშნავი XII საუკუნის ეპიკური პოემა "ვეფხისტყაოსანი" ორასი წლით ადრე დაიწერა, ვიდრე ჩვენმა ჯეფრი ჩოსერმა გამოსცა თავისი კენტერბერიული მოთხრობები… მსიამოვნებს განვაცხადო, რომ ბრიტანეთის კონტაქტები საქართველოსთან შორეულ წარსულში დაიწყო. ჩვენს ქვეყნებს აქვთ ტრადიციები, რითიც ვამაყობთ და რასაც წმინდად ვინახავთ… ჩვენ მფარველიც კი ერთი გვყავს — წმინდა გიორგი. გთხოვთ აწიოთ ჭიქები ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალი თანამშრომლობის სადღეგრძელოდ. ნება მიბოძეთ ვადღეგრძელო დიდი ერი. გაუმარჯოს საქართველოს!"
ნავთობის ინდუსტრიაში დაწყებული კრიზისის და თბილისში ტეტჩერის ვიზიტის ფონზე, საქართველოში აქტიურ მოქმედებებზე გადადიან ზვიადი და მერაბი. საბჭოთა კავშირი დაიშალა.
გადმოვიდეთ ახლა დღევანდელობაში. გავითვალისწინოთ მსოფლიო ეკონომიკის წამყვანი ფინანსური ცენტრების მოქმედებები, რომელიც დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომთან. ესენია ნიუ-ორკის, ლონდონის, ციურიხისა და ტოკიოს საფონდო ბირჟები. თუ საბჭოეთის დაშლაში ლონდონის და ნიუ-ორკის ბირჟები განსაზღვრავდნენ ეკონომიკურ ნაწილს, არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს შვეიცარიაც კი გამოვიდა ნეიტრალური ზონიდან და შეუერთდა სანქციებს. იაპონიაც მოსკოვის საწინააღმდეგოდ არის მომართული.
მსოფლიოს ოთხი წამყვანი ფინანსური ცენტრის პოზიციონირების შედეგია სწორედ ის, რომ დღეს
თურქეთის სრუტეებში რუსული სანავთობო ტანკერების საცობია შექმნილი. მოლაპარაკებებით ვერ გადაწყდა დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც გამოიწვია რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა.
რეალურად მსოფლიო კაპიტალის გადაწყობა მიმდინარეობს და ამას საშუალოვადიანი დრო დაჭირდება ბუნებრივია. სამართლებრივ ნაწილს რაც შეეხება, ცხადია ისიც, რომ სწორედ ზვიად გამსახურდიას მთავარი მოკავშირე ჩეჩნეთი იქნება პირველი, ვინც პირველი გამოიყვანს ფედერაციას სამართლებრივი სივრციდან.
ამ მოცემულობას არც აშშ-ს სენატის კომიტეტის რეზოლუცია აკლია უკრაინაში რუსეთის მოქმედების გენოციდად აღიარების შესახებ. რეზოლუცია მხარს უჭერს ტრიბუნალის შექმნას და საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ჩადენილი სამხედრო დანაშულებებისთვის რუსეთის ლიდერების პასუხისმგებლობაში მიცემისთვის.
ახლა დავუბრუნდეთ ტეტჩერის ნათქვამს: “მსიამოვნებს განვაცხადო, რომ ბრიტანეთის კონტაქტები საქართველოსთან შორეულ წარსულში დაიწყო.”
დიახ, ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი იყო დიდგორი და ახლა კი მსოფლიოს იმ ოთხი მძლავრი ფინანსური ცენტრის გადაწყვეტილებაა სწორედ კარგად დავიწყებულ ძველი და ახლებურად გადაწყობილი კონტინენტური კაპიტალის ბედი.
აქვე გავიხსენოთ ინგლისელი გეოპოლიტიკოსის ჯონ მაკინდერის მიერ საუკუნის წინ ნათქვამიც: “ვინც ფლობს აღმოსავლეთ ევროპას, ის ფლობს კავკასიას და ვინც კავკასიას ფლობს, ის ფლობს მსოფლიოს.”
არაფერი არ მოხდება საქართველოს გარეშე.
გავითვალისწინოთ, რომ გეოპოლიტიკას სამი ფაქტორი განსაზღვრავს. ესენია - ისტორიული კანონზომიერება, კაპიტალის გამოწვევა და უზენაესი სამართალი.
შესაბამისად, ისტორიული კანონზომიერებაა ჯვაროსნული, ანუ ქრისტიანული, ანუ თავისუფალი, ანუ ლიბერალური წესრიგი. კაპიტალის გამოწვევაა კასპიის ენერგომატარებლები საქართველოს გავლით და უზენაესი სამართალია ის, რაც ტეტჩერმა გასაგებად გვითხრა:
“თქვენ გაქვთ რიტორიკის საუცხოო სკოლა... ის, ვინც გადააჭარბა ბერძნებს ორატორულ ხელოვნებაში, მართლაც განსაკუთრებული უნდა იყოს...”
ტეტჩერის ამ დიპლომატიურ ჟესტს გავაქართულებ - ევროპასა და აზიას შორის ორატორობა საქართველოს საქმეაო.
გავითვალისწინოთ, რომ ბრიტანეთის ლიდერები იშვიათად დადიან ვიზიტებზე, უფრო მეტად მასპინძლობენ დანარჩენ მსოფლიოს. მითუმეტეს ვიზიტების დროს ჰაერზე არ საუბრობენ. მათ აუდიენციებს გამყარებული გადაწყვეტილებები უძღვის წინ.
ჩვენ გასათვალისწინებელი გვაქვს ტეტჩერის კიდევ ერთი ნათქვამი - ეკონომიკური თავისუფლების გარეშე ყველა სხვა თავისუფლებაც მიუღწევადია.
სწორედ ქვეყნების თავისუფალი ეკონომიკები ქმნიან აბრეშუმის გზას, რომელიც საბოლოოდ დაანგრევს რუსეთის ფედერაციას.
ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი