აბრეშუმის გზა
განათლების მეცენატობა
ფაქტი N1

აკაკი ხოშტარიამ დააფინანსა სტიპენდიები ათობით ქართველი სტუდენტისთვის პარიზის და ბერლინის უნივერსიტეტებში და 2,5 მილიონი ლარის ექვივალენტი შესწირა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს...

არ დაგვავიწყდეს, რომ პირველი რკინიგზა ირანში ააგო აკაკი ხოშტარიამ და ასევე, სარკინიგზო ხაზი ფოთიდან აბაშამდე მან დააფინანსა.

ფაქტი N2


ვარაზაშვილები ეხმარებოდნენ ბერლინში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებს, მათ შორის ვანო სარაჯიშვილი და კონსტანტინე გამსახურდია, მათი სააქციო საზოგადოების სტიპენდიით სწავლობდა.

არ დაგვავიწყდეს, რომ ივანე ვარაზი სამი მაგისტრალის - ბაქო-ჯულფას, ერზრუმი-სარიყამიშის და ირანი-ინდოეთის რკინიგზების მშენებელია. ბაკურიანის რკინიგზაც და წალკის ხიდიც მისი აშენებულია.

ფაქტი N3

ძმები ზუბალაშვილების მიერ დაწესებული სტიპენდიებით ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება უცხოეთში, მათ შორის იყვნენ: გერონტი ქიქოძე, ლეო ქიაჩელი, პავლე ინგოროყვა და სხვები. მეცენატი ძმების ფინანსური შემოწირულობებით დააარსა ილია ჭავჭავაძემ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და, ასევე, სათავადაზნაურო ბანკი.

არ დაგვავიწყდეს, რომ თბილისში იდგა ზუბალაშვილების ქარვასლა.

ფაქტი N4

დავით სარაჯიშვილის სტიპენდიებით მიიღეს განათლება საქართველოს კათოლიკოსმა კალისტრატე ცინცაძემ კიევში, ხოლო მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ ფლორენციასა და პარიზში…

არ დაგვავიწყდეს, რომ თბილისში მანამდე სარაჯიშვილების ქარვასლაც იდგა.

ფაქტი N 5

ივ. ჯავახიშვილი წერს: “სრული უეჭველობითა ჩანს, რომ VI-VII სს. საქართველოს ეკლესიას მსოფლიო კრებების ძეგლისწერათა წიგნი ჰქონია და ამგვარად ქართული კანონიკური მწერლობა, ამ შემთხვევაში მსოფლიო ეკლესიის კანონების თარგმანების სახით მაინც, უკვე არსებობდა”.

არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში პირველმა დიდმა ქარავანმა 568 წელს გაიარა.

ფაქტი N-ის გარეშე:


განათლება საქართველოში ყველაზე დიდად მაშინ დაწინაურდა, როცა ქართული კაპიტალი აბრეშუმის გზას მიჰყვებოდა და სატრანზიტო არტერიებს და ლოგისტიკურ სივრცეებს ქმნიდა.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ სულხან-საბა ერთი ხელით ”სიტყვის კონას”-ს წერდა და მეორე ხელით გილანისა და შემახიის პროვინციებიდან საფრანგეთისკენ სპარსული აბრეშუმის საქარავნე გზებს ხაზავდა.

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
| Print |