აბრეშუმის გზა
გზაგამტარები
არავის ეგონოს, რომ სუსურუკუ ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე რუსეთის ფედერაცია. სუსურუკუ 70 წლიანი პაკეტით შედგა, მოსკოვის იმპერია კი ხუთსაუკუნოვან ეპოქას ითვლის. არ დაგვავიწყდეს, რომ ზუსტად ხუთი საუკუნეა, რაც ოსმალეთმა შავი ზღვა ჩაკეტა და საქართველომ კარიბჭის ფუნქცია დაკარგა. მას შემდეგ კრემლიც და ოსმალეთიც გავლენებს ინაწილებენ შავ ზღვაზე. 1568 წლიდან 1918 წლამდე რუსეთსა და ოსმალეთს შორის 12 ომი მოხდა. და ყველა ომი აბრეშუმის გზის ხელში ჩასაგდებად ხდებოდა, სწორედ შავ ზღვაზე გავლენის სფეროებისთვის. ბოლოს დასავლეთმა, ჩერჩილის ხელმძღვანელობით თურქეთი გადაიყვანა დასავლურ ორბიტაზე. კავკასიაც და ცენტრალური აზიაც კვლავ მოსკოვის გავლენის სფეროში დარჩა. ახლა დასავლეთის ლიბერალურმა დემოკრატიამ, ჯონსონის მეთაურობით უკრაინა უნდა გამოგლიჯოს იმპერიას ხელიდან და კავკასიაც, ცენტრალურ აზიასთან ერთად უნდა გადართოს ცივილიზებული ბაზრებისკენ. თეთრი სახლის ლიბერალურ ადმინისტრაციებს ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებული აქვთ. 1961 წელს კენედის მიერ დაწყებული ინიციატივა, 1999 წელს კლინტონის დროს მიღებული კანონით “აბრეშუმის გზის სტრატეგიის შესახებ” დაგვირგვინდა. კენედის დროს დაუბრუნდა ყირიმი უკრაინას. მთელი გეოპოლიტიკური ცვლილებებიც ამის შემდეგ დაიწყო. თავიდან დაიწყო ენერგეტიკული მილსადენების პროექტი.

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელების ადმინისტრაციების დროს საქართველოს აბრეშუმის გზის იდეა ვერ წინაურდებოდა, საქართველომ მაინც მოახერხა ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზის გაყვანა, რომლის მშენებლობაც წესით დასავლური ინვესტიციებით უნდა შემდგარიყო, მაგრამ ეს არ მოხდა და პროექტის დაფინანსება აზერბაიჯანმა ითავა. შესაბამისად მის კონტროლსაც ბაქო თავად განახორციელებს. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანის სატრანზიტო სიმძლავრეებში ბრიტანულ კაპიტალს მნიშვნელოვანი წილი უკავია. ახალი ბრიტანული ალიანსის გავლენის სფერო კი საქართველოს სწვდება, სადაც აზერბაიჯანთან დაკავშირებული მილსადენები და რკინიგზა გადის.

ევროპა მიხვდა, რომ საქართველოსთვის ეს შანსები აქამდე უნდა მიეცათ და მთელი სატრანზიტო სიმძლავრეები დაეფინანსებინათ, რაც ისევ თვითონ გამოადგებოდათ. ახლა კი, როცა ბრიტანეთმა ბრექსიტის შედეგად ქოლგის ფუნქცია იკისრა ახალი ალიანსით, დააწინაურეს შავი ზღვის ენერგეტიკული სადენის პროექტი. ახლა არც მის დაფინანსებაზე იხევენ უკან.

შედეგად გამოვიდა ის, რომ შავ ზღვაზე საქართველოს კონტრიბუციით უნდა შეიცვალოს რუსეთ-თურქეთის გავლენის სფეროები. ეს თურქეთისთვისაც მისაღებია, რადგან მას უკვე აქვს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ცენტრალური აზიის ბაზრებთან წვდომის შესაძლებლობა. როგორც გითხარით დემოკრატებს მანამდე უკვე გაკეთებული აქვთ ამისთვის ყველაფერი.

საქართველოს აბრეშუმის გზაზე დივერსიფიკაცია გამოვიდა შემდეგი: ბრიტიშ-პეტროლიუმი აკონტროლებს აზერბაიჯანის სატრანზიტო სიმძლავრეებს. აზერბაიჯანი აკონტროლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას. ევროკავშირი გააკონტროლებს ევროპა-კავკასიის მწვანე სადენს. დარჩა ანაკლია.
ვიდრე უგვანო ფედერაცია უკრაინის ომის შემდეგ, შიგნით რყევებს არ დაიწყებს, მანამდე ანაკლია არ იქნება. არ დაგავიწყდეთ მილსადენების პროექტირებისას განხორციელებული ტერაქტები საქართველოს პრეზიდენტზე. არც ის დაგავიწყდეთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა სწორედ 2008 წელს დაიწყო. ეს წელიც არასოდეს დაავიწყდება საქართველოს.

ზევით ხსენებული რუსეთ-ოსმალეთის ომებიც ზუსტად იგივე მიზეზით ხდებოდა. ასე იყო 2008-შიც. ასე არის ახლაც უკრაინაში. ყოველდღე მცირდება ტვირთბრუნვა ჩინეთიდან რუსეთი-ბელორუსი-ევროკავშირის რკინიგზაზე და ცდილობს მოსკოვი შავ ზღვაზე დარჩენას. ამისთვის უნდა თეთრი ურდოს ყეენს ყირიმიც და მასთან დამაკავშირებელი რეგიონებიც.

განა არ შეეძლო ევროკავშირს მწვანე სადენის პროექტის აქამდე ინიციირება? ახლა არის სწორედ ზუსტი მომენტი. პროექტი საქართველომ კი არ დაიწყო, არამედ ევროპამ და მოსკოვს ახლა ევროპასთან ახალი დაპირისპირების მიზეზი ნამდვილად არ ჭირდება. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმაც განაცხადა, რომ შავი ზღვის კაბელის პროექტი საქართველოს ინიციატივა იყო. მოსკოვში კარგად იციან ვისი ინიციატივაც იყო და არის, მაგრამ ვერას გააწყობს. ისევე როგორც 1999 წელს ვერა გააწყო რა, როცა სტამბოლში აბრეშუმის გზის ქვეყნების ლიდერებმა პირველი მილსადენის პროექტზე მოაწერეს ხელი და ღონისძიებას თავად დემოკრატი კლინტონი ადგა თავს.

მოკლედ საქართველოში - აზერბაიჯანი გააკონტროლებს რკინიგზას, მწვანე კაბელს გააკონტროლებს ევროკავშირი, აეროპორტებს - თურქეთი. ვინ გააკონტროლებს ანაკლიას?

ანაკლია უნდა გააკონტროლოს, მისმა უდიდებულესობამ - ქართველმა ხალხმა. ამისათვის, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო - ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისია, რასაც მოჰყვება საფონდო ბირჟის ორგანიზება. სწორედ ამ ბირჟაზე უნდა შეიძინონ საქართველოს მოქალაქეებმა პორტის აქციები. გადახდილი ფულით უნდა დაფინანსდეს ანაკლიის პროექტიც და პორტამდე მისასვლელი, ახალი თანამედროვე რკინიგზის მშენებლობაც. რკინიგზაც და პორტიც იქნება საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში და მოგებიდანაც დივიდენდებს ისინი მიიღებენ. პორტის აქციებიდან სახელმწიფოს ექნება მხოლოდ საბლოკო პაკეტის წილი (და არა საკონტროლო პაკეტი).

როგორც სტამბოლის კონფერენციაზე, 1999 წელს საქართველოს პრეზიდენტს მოუწია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ცერემონიაზე მონაწილეობის მიღება, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს 2022-ში, ბუქარესტის სამიტზე მოუწია მსგავსად ჩართულობა და როგორც 2017 წელს, ბაქოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს სხვა ლიდერებთან ერთად მოუწია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ღონისძიებაზე, დიდი უროთი სალიანდაგო სოლის ჩაჭედება, ისე მოუწევს საქართველოს ნებისმიერ მთავრობას ანაკლიის პროექტის ინიციირება ქართულ საფონდო ბაზარზე. წესით ზევით ხსენებული ყველა ცერემონიალი თბილისში უნდა შემდგარიყო, მაგრამ დასავლეთი ბევრად ჭკვიანია და მომავალში ეს ასე იქნება.

ლიბერალური გლობალიზაცია იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას, რომლის ბედს გეოპოლიტიკა განსაზღვრავს, გეოპოლიტიკას კი აბრეშუმის გზა აზუსტებს.

მშვიდობიან 2023 წელს გისურვებთ.

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
| Print |