აბრეშუმის გზა
ის რაც ითქვა 2016 წელს, დაიწყება 2023 წელს
2016 წლის ოქტომბერში ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის თავმჯდომარემ ფრედ სტარმა განაცხადა: “როცა აბრეშუმის გზაზეა საუბარი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს გზა მხოლოდ ჩინეთსა და ევროპას აკავშირებს. არსებული მდგომარეობით ეს შეიძლება ასე იყოს, მაგრამ მდგომარეობა მალე შეიცვლება. ჩვენ ვიცით, რომ 20 წელში ინდოეთის მოსახლეობა ჩინეთზე 2-ჯერ მეტი იქნება. ასევე ვიცით, რომ ინდოეთის მოსახლეობა ჩინეთზე გაცილებით ახალგაზრდა იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდოეთის სამუშაო ძალა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ჩინეთისას. პაკისტანსა და ბანგლადეშშიც მოსახლეობის ბუმია მოსალოდნელი. მოსახლეობის ასეთი სწრაფი ზრდა ამ ქვეყნებში, რომლებსაც უკვე საკმაოდ მოქნილი საექსპორტო ბაზრები აქვს, მათ წარმოებას კიდევ უფრო განავითარებს და სავაჭრო კავშირებს კიდევ უფრო გაზრდის. თბილისში დღეს იმაზე უნდა ფიქრობდნენ, როგორ გაიხსნას სავაჭრო გზები სამხრეთ აზიის ქვეყნებთან. ამ თემებზე ჯერ არავინ საუბრობს, მაგრამ ეს ბუმი გარდაუვალია... სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში და ვიეტნამიც კი - საქართველოს გავლით თავისუფლად შეიძლება აწარმოებდეს ევროპასთან ვაჭრობას. ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც თბილისმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოიყენოს. 2030 წლისთვის გლობალური ვაჭრობა ახალი მარშრუტების გახსნას მოითხოვს და ეს აუცილებლად მოხდება. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ახალ რეალობაში თავი მნიშვნელოვან მოთამაშედ დაიმკვიდროს.”

2016 წლის ოქტომბერში ამერიკის მაუწყებელთა საბჭოს წევრმა ენდერს ვიმბუშმა განაცხადა: “საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ბევრი დიდი ქვეყნის მნიშვნელოვანი ინტერესები ერთმანეთს კვეთს. აბრეშუმის გზაზე საქართველოს პოტენციალიც ამას უკავშირდება. ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია იყოს ცენტრი პროექტში ჩართული ყველა ქვეყნისთვის. თუ საქართველო სწრაფად იმოქმედებს, მოგება ძალიან დიდი იქნება და ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებას დააჩქარებს. მთავრობამ დიდი გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღოს.”

2016 წლის 26 მაისს აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტონი ბლინკენმა განაცხადა: “თქვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზასაყარზე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი ახალი აბრეშუმის გზის პოლიტიკისათვის. შეერთებული შტატები მყარად უჭერს მხარს საქართველოს რეგიონულ ლიდერობას ტრანსკასპიური დერეფნით ევროპული და აზიური ბაზრების დასაკავშირებლად. ვაჭრობისა და ენერგეტიკის მიმართულებითაც საქართველო უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ევრაზიის მასშტაბით ვაჭრობის დივერსიფიკაციის პროცესში”.

„ევრაზიის შუა დერეფანი: ბილიკიდან მაგისტრალამდე“, - ასე ჰქვია დავოსის “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში ჩანიშნულ პანელურ დისკუსიას, რომელშიც საქართველოს მთავრობა მიიღებს მონაწილეობას 19 იანვარს. ეს უკვე 2023 წლის 19 იანვარია.

დღეს კი მსოფლიოში ცნობილმა ეკონომისტმა და ინვესტორმა რეი დალიომ, საუბრისას მსოფლიო ეკონომიკაში დოლარის დომინირების დასასრულის შესახებ განაცხადა.

„დოლარებით დომინირებული მსოფლიო წესრიგისა და გლობალიზებული ეკონომიკის ერა მთავრდება. ახლა მთავარი ძალები და მათი მოკავშირეები ქმნიან ეკონომიკურ, ფინანსურ და სამხედრო ბლოკებს“, - აღნიშნა რეი დალიომ. მან დაასახელა ყველაზე დიდი პრობლემა აშშ-ის, იაპონიის და ევროკავშირის ფინანსურ სისტემებში. ესაა უზარმაზარი ვალები და ძლიერ დამოკიდებულება საკუთარ ცენტრალურ ბანკებზე. დალიომ ასევე მისცა რჩევა ადამიანებს. მისი აზრით, უმჯობესია ფულის ინვესტირება სტაბილური ფინანსური სისტემის მქონე სახელმწიფოების ეკონომიკაში. ასეთ ქვეყნებს შორის დალიო მოიაზრებს ინდოეთს, რომელმაც 2023 წელს მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო, ასევე ვიეტნამი და ინდონეზია.

ახლა 2023 წლის იანვრის ამბები შეადარეთ ფრედ სტარის, ენდერს ვიმბუშის და ტონი ბლინკენის 2016 წლის განცხადებებს.

ფოტოზე: საფოსტო მარკა

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
| Print |