დრო მოვიდა
დრო მოვიდა კი არა, ქართველებმა დავაგვიანეთ კიდეც. იმ ლექსისა არ იყოს - მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი… და ქართველები რომ ბოლოს ეახლნენ.
საქმე ისაა, რომ როცა დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საბაჟოები გაიხსნა თურქეთთან, როცა მილსადენების პროექტები იწყებოდა, საზოგადოებას ჰქონდა მოლოდონი, რომ ხალხი ეკონომიკურად მოძლიერდებოდა. ეს არ მოხდა, პირიქით, ემიგრაცია იზრდებოდა და დღემდე ეს პროცესი მიმდინარეობს.
საქმე ისაა, რომ ეკონომიკა ხალხისთვის მაშინ მუშაობს, როცა ის სახელმწიფოსგან თავისუფალია, ანუ ეკონომიკაში სახელმწიფო არ ერევა, რასაც ჰქვია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა. ამისათვის საჭიროა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საფონდო და სასაქონლო ბირჟების შექმნა, რაც არ გაუკეთებია ჩვენ ქვეყანას დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ. ამაში კი, მოსკოვიდან წნეხის ფაქტორიც მონაწილეობდა, რადგან მერე ქართველი ხალხი ფინანსურად ბევრად გამართული იქნებოდა. ეს კი მოსკოვის ინტერესებში არასდროს შედიოდა.
საბაზრო ეკონომიკა ნიშნავს, რომ გლეხი ფერმერად უნდა ჩამოყალიბდეს. ანუ ნებისმიერ მწარმოებელს და დამსაქმებელს უნდა ჰქონდეს ხელმოსაწვდომობა, შეიძინოს საწარმოო საშუალებები (ნედლეული, მასალები) სპეციალიზებულ ბირჟებზე და წარმოებული საკუთარი პროდუქციაც გაყიდოს ამავე ბირჟების მეშვეობით თავისუფლად. ბირჟები ქმნის თავისუფალ ბაზარს.
როცა ვსაუბრობთ აბრეშუმის გზის თემაზე, ის პირველ რიგში მოიცავს თავისუფალ ბაზარს. რაზეც ილიაც ამბობდა, რომ ვაჭრობა უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი ბაჟისაგან და არ უნდა იყოს სახელმწიფოსგან შეხუთული. აღმაშენებლის დროსაც კი უცხოელ ვაჭრებს ჰქონდათ შეღავათები დაწესებული საქართველოში, ამიტომ მუშაობდა აბრეშუმის გზა. ჩინგიზ ყაენის დროს, სასტიკი სასჯელი იყო ქარავნების ძარცვისთვის დადგენილი. ანუ ეკონომიკას ამუშავებს თავისუფალი ხალხი თავისუფალ ბაზრებზე, ხოლო სახელმწიფო იცავს უსაფრთხოებას.
ჩვენში დიდი მოლოდინებია გაჩენილი შავი ზღვის ახალი ელექტრო სადენის გარშემო, ისევე როგორც ახალი საბაჟოების და ახალი მილსადენების გახსნას ახლდა საზოგადოების მხრიდან მაშინაც. ვერც ახალი მილსადენი და ვერც ახალი მწვანე სადენი ვერ მისცემს ადამიანებს შვებას, თუ არ გვექნება ბაზარი თავისუფალი. ერთადერთი რასაც იღებს რიგითი მოქალაქე ამ სატრანზიტო არტერიებიდან, არის ის, რომ იზრდება ქვეყნის უსაფრთხოების თამასა. რაც ცოტა ნამდვილად არ არის.
რუსული კაპიტალის ინდექსები სანქციების გამო თავქვეა დაშვებული, ფედერაციული ეკონომიკა რყევას განიცდის, მალე ნგრევა დაიწყება. ოქსიდენტი და ორიენტი, სხვა სიტყვებით TRACEKA და CAREC, ანუ დასავლეთი და აღმოსავლეთი ემზადება ახალი სატრანზიტო სიმძლავრეების გამოყენებისთვის. ჩვენ არ უნდა დავაგვიანოთ და შევქმნათ ფორმულა: საბაზრო ეკონომიკა = აბრეშუმის გზა.
ამ ფორმულის მხარდასაჭერად დასავლეთი დაიწყებს აუცილებლად მოქმედებას. დასავლეთიდან ამერიკელი დემოკრატები არიან სწორედ თავისუფალი ბაზრის კორიფეები. ჩვენ უნდა დავასწროთ, რადგან შემდეგ, ჩვენ ყველაზე მომგებიან პოზიციაში აღმოვჩნდებით, ხალხიც და სახელმწიფოც. ამის მერე მივიღებთ ქვეყანაში დაბრუნებულ ემიგრანტებს და ფუტკრებივით დატრიალებულ საქმიანი კაცების სიმრავლეს და ასევე შეკავშირებულ კავკასიას.
ხუთი ანაკლია რომ აშენდეს, ეს ხალხის ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის. თუ ხალხს ექნება საფონდო ბირჟებზე პორტების და რკინიგზების აქციების შეძენის შესაძლებლობა, ინვესტიციები გაიზრდება და ინვესტორები იქნებიან პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები, ემიგრანტები, დიასპორები. ფასიანი ქაღალდებიდან დივიდენდებსაც სწორედ ისინი მიიღებენ. ხალხი კი ყოველი დილიდან ფუტკრებივით დატრიალდება.
დრო მოვიდა. ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი