აბრეშუმის გზა
რატომ იყო ვაუჩერიზაცია ბლეფი?!
ჭარმაგებს და ხნიერებს კარგად ახსოვთ ქართული ვაუჩერიზაცია. მოქალაქეებმა მიიღეს ვაუჩერები, რაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ აქტივებში წილს განსაზღვრავდა, საიდანაც ადამიანებს პერიოდულად დივიდენდი ანუ მოგების წილი უნდა მიეღოთ. მაგრამ ვერავინ ვერაფერი მიიღო. ადამიანები უნდა გამხდარიყვნენ კონკრეტული საწარმოს აქციონერები, მეპაიეები, მეწილეები. მათ კი ჰქონდათ ფასიანი ქაღალდი ხელში, რითაც იყვნენ მეწილეები ქვეყნის საერთო ქონებაში, მაგრამ ვერც ერთ საწარმოში ვერ განისაზღვრა მათი კონკრეტული მეწილეობა. მიზეზი იყო ერთადერთი, რომ მაშინ ქვეყანას არ ჰქონდა შექმნილი საფონდო ბირჟა. ბირჟის არსებობის შემთხვევაში ადამიანები საკუთარ ვაუჩერს წარადგენდნენ ბირჟაზე გამოტანილ სახელმწიფო საწარმოების აქციებში გადასაცვლელად. ანუ თავად ვაუჩერის მფლობელი მოქალაქე გადაწყვეტდა, რომელი ქარხნის, ფაბრიკის თუ ფერმის აქციებში გახდებოდა თანამესაკუთრე და პარტნიორი.
შესაბამისად მივიღეთ ასეთი შედეგი, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ქართველმა ფერმერებმა ვერ გააგებინეს ფრანგ ფერმერებს, თუ რას ნიშნავდა ტერმინი საერთო საძოვრები. ამ დროს საფრანგეთში არათუ საძოვრები, ტყეებიც კი ჯამში 70% კერძო საკუთრებაშია.
საბოლოოდ მივიღეთ საქართველოს ეკონომიკა - დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური და გვარით ქართული.
სხვათა შორის პირველი პრეზიდენტი წინააღმდეგი იყო სახელმწიფო ქონებების პირდაპირი წესით პრივატიზაციაზე. ის თვლიდა, რომ ჯერ უნდა შეიქმნას ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკა და მერე უნდა ჩატარდეს ქონებების განსახელმწიფოებრიობა. რადგან რეფორმის პროცესი ამ ფორმით იქნებოდა სამართლიანი. სწორედ პირველი პრეზიდენტის დროს დაიწყო ამისთვის ბირჟების შექმნაც, მაგრამ…
არავინ საუბრობს იმაზე, ვაუჩერიზაციის დროს დაშვებული შეცდომა გამოუცდელობის ბრალი იყო თუ შეგნებული, მაგრამ ახლაც ბევრად დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. გასათვალისწინებელია, რომ მთელი ეს წლები მოსკოვი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველოში საბაზრო ეკონომიკა არ გვქონოდა, რადგან ძლიერი საქართველო მის ინტერესებში არასდროს შედიოდა. დღეს კი უფრო დიდი გამოწვევა გვიდგას.
აბრეშუმის გზის აღდგენა ნიშნავს ფედერაციის დაშლას. ეს პროცესი დაწყებულია და ლიბერალურმა გლობალიზაციამ მანამდე უკვე შექმნა ოქსიდენტისა და ორიენტის მძლავრი პლატფორმები. აზიისა და ევროპის ვაჭრობას ჭირდება საფონდო, სასაქონლო და სპეციალიზებული ბირჟები, ოღონდ ეს ბირჟები უნდა იყოს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი. მის სტანდარტებს უნდა ადგენდეს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი სამთავრობო კომისია.
დღევანდელი გამოწვევა კი შემდეგი გვიდგას - საქართველოს გავლით წლიურად 39 ტრილიონი დოლარის კონტინენტური ტვირთბრუნვა უნდა შედგეს. ბირჟების მეშვეობით ქართულმა კერძო სექტორმა გლობალური ვაჭრობიდან 1%-ის დამატებითი ღირებულებაც რომ დააგენერიროს, ეს უკვე 390 მილიარდი დოლარია. საქართველოს ეკონომიკა ამ დროს სულ 25 მილიარდია.
30 წელია საუბრობენ ქართველი ექსპერტები და ანტრეპრენერები ინოვაციების, ტექნოლოგიების, სწრაფი განვითარების და მსგავსი თემების შესახებ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ ეკონომიკა არ იზომება მშპ-ს ან ტენდერების ან ფულადი გზავნილების მოცულობებით. ეკონომიკა იზომება საბირჟო ინდექსებით. ბირჟების გარეშე კი ვერანაირი საზოგადოებრივი კეთილდღეობა ვერ დადგება.
გამოუსწორებელი შეცდომა ერთხელ უკვე დავუშვით, ახლა მეორედ გვიდგას დიდი გამოწვევა. ლიბერალური წესრიგი საქართველოში გარდაუვალია, ეკონომიკა უნდა გახდეს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი. თან რომ გვკითხოს კაცმა, ილიას გზით უნდა ვიაროთ. მეორედ შეცდომას აღარავინ გვაპატიებს.
ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
გააზიარეთ :