აბრეშუმის გზა
საჰაერო გათხრები
გამჭვირვალობას რომ ითხოვ შენ, იცი თუ არა რომ ამის უფლება არც გაქვს. ჯერ ერთი ფინანსური ანგარიშვალდებულება გრანტის მიმღებს აქვს დონორის მიმართ, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. და ეს ხელშეკრულება ისე გაფორმდა, რომ შენთვის არც არავის უკითხავს, არც მერე შეგეკითხებიან. მიუხედავად ამისა მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას უწერია ბუკლეტზე, ბანერზე, ვებ-საიტზე…

შენ, როგორც მოქალაქეს უფლება გაქვს ფინანსური ანგარიშები მოსთხოვო სახელმწიფო საწარმოებს, რატომ? იმიტომ რომ გადასახადებს იხდი და შენი გადახდილი ფულით ფინანსდებიან ისინი.

თუ ვერ გაიგე სხვაგვარად აგიხსნი. კერძო კომპანიამ აიღო ბანკში სესხი და მიმდგარხარ ახლა შენ ამ კომპანიას და რაში დახარჯე ფული ხომ უნდა ვიცოდეო…

ასე იქნებ გაიგო.

უცხოელი ფინანსური დონორები საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იარაღით ვაჭრობას, ტერორიზმს, სეპარატიზმს და ნარკოტრასას ისეც არ აფინანსებენ. ვერც დააფინანსებენ ასეთს.

თუ გათვითცნობიერებული არა ხარ, იცოდე რომ შენი მოთხოვნა ნიშნავს შემდეგს - დავეწიოთ და გავასწროთ ჩრდილოეთ კორეას.

მოკლედ, ჰაერს თხრი და დროს კარგავ.

მოთხოვნები თუ გაწუხებს და არ იცი რა მოითხოვო, მოგცემ რჩევას.

სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საფონდო ბირჟების შექმნისთვის კანონი მოითხოვე. ასეთი კანონით შენც და შენი თანამოქალაქეები გახდებით ფინანსურად დამოუკიდებლები. თუ არ იცი რას ნიშნავს ფინანსური დამოუკიდებლობა, მაშინ ასე აგიხსნი - კრედიტებიდან გადახვალ დანაზოგებზე, შემდეგ ინვესტიციებზე.

მერე იცი რა მოხდება?

მთელი ჩვენი ემიგრაცია უკან მოაწყდება უკლებლივ. ეგ კი არა და დიასპორებიც უკან გამოჰყვებიან. და ნებისმიერი ევროპელი მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას უბრალოდ ინატრებს.

თუ შენ გონზე არ მოხვალ, საჰაერო გათხრების შემდეგ, ცოცხალი ზებრების ღებვას დაგაწყებინებენ და კიდევ 30 წელს დაკარგავ.

გაეშვი რა!

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
| Print |