აბრეშუმის გზა
,,სტუდენტური გაზაფხულის" შედეგები
მოგახსენებთ უშუალო პოლიტიკურ შედეგებს რაც მოიტანა ,,სტუდენტურმა გაზაფხულმა". ახალგაზრდა თაობამ როგორც შეეფერება გაზაფხულს სრულად "გადახნა" პოლიტიკური ველი.
1. უმკაცრესად გააფრთხილა პოლიტიკური სისტემა, რომ არც კი გაბედოს ვინმემ ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლა.
2. დაასრულა საზოგადოების ნაც-ქოცებად დაყოფა. ყველა ვართ საქართველოს მოქალაქენი.
3. დაასრულეს ვიწრო პარტიული ინტერესების პოლიტიკა და დააყენეს პოლიტიკური თამასა სახელმწიფოს და ხალხის მსახურების სიმაღლეზე, ვინც ამ თამასას ვერ მისწვდება პოლიტიკაში არაფერი ესაქმება.
4. პოლიტიკურ კლასს გამოუცხადეს სრული უნდობლობა და ამიერიდან პოლიტიკურ პარტიებს ცხრა ოფლი აქვთ მოსადენი და როგორც აქლემს ნემსის ყუნწში, ისე მოუწევთ გაძრომა ამ თაობის ნდობის და ხმების მოსაპოვებლად. აღარანაირად გამოვა ხმების ყიდვა, პროპაგანდით ხალხის მასობრივად დაბოლება და ყველა ის ხერხი, რამაც ამდენი წელი ოცნების რეჟიმი შეინარჩუნა.
5. ხალხი მიხვდა, რომ პოლიტიკოსებზე მაღლა დგას და პოლიტიკური კლასი უნდა იყოს ხალხის და ქვეყნის ინტერესების მსახურებაში. პოლიტიკოსების, ,,უფროსობის" შიში მოსპეს.
ვისაც გგონიათ, რომ ამ გოგო ბიჭებმა უნდა დაამხონ ხელისუფლება მწარედ ცდებით, მათ მკაფიოდ იციან თავისი კომპეტენცია. ამომრჩევლებმა პოლიტიკურ კლასს გვარიანად "შემოულაწუნეს" და ამით მათი მისია შესრულებულია.
ამ ყველაფრის შემდეგ პოლიტიკურ კლასს ხელისუფლებიან-ოპოზიციანად აქვს ერთადერთი გზა, აღასრულონ ევროპის 12 პუნქტიანი მოთხოვნები. პარტიებს, თუ ცალკე პოლიტიკოსებს, მოსწონთ თუ არ მოსწონთ არავის აინტერესებს, საქართველოს რაც სჭირდება ის უნდა გააკეთონ.
არ გააკეთებენ და შემდეგი "შემოლაწუნება" კიდევ უფრო უარესი იქნება. ამ ყველაფრის ფონზე ლიბერალური დასავლეთის წნეხიც გაძლიერდება და მართალი გითხრათ ნამდვილად არ ვისურვებდი ხელისუფლების ადგილას ყოფნას ორ ცეცხლს შუა - უროსა და გრდემლს შორის არიან.
თეიმურაზ ზაქრაძე
ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი,
აბრეშუმის გზის ასოციაციის დამფუძნებელი პარტნიორი
გააზიარეთ :