აბრეშუმის გზა
ქართული ჯარი ქვეყნის ეკონომიკის სახეა
სამხედრო სამსახური უნდა იყოს საპატიო, დაფასებული და მაღალანაზღაურებადი. საყარაულოში გამოკეტილი, შესასვლელის ძელის ასაწევ-დასაწევად გაწვეული ქართველი ჯარისკაცი ვერასოდეს ვერ გახდება უსაფრთხოების გარანტი.

თავდაცვის სისტემა უნდა იყოს ორგვარი - პროფესიული ჯარი და ტერიტორიული რეზერვი. პროფესიული ჯარი ნიშნავს მაღალანაზღაურებად სამსახურს, სადაც ნებისმიერი წოდების ოფიცერი ნებისმიერ სამხედრო ტექნიკას მართავს მაღალპროფესიონალურად. ტერიტორიული რეზერვი უნდა იყოს სრულიად ნებაყოფლობითი, რადგან ნაძალადევად გაწვეული რეზერვი საჭირო დროს სანდო ვერ იქნება. ასეთ რეზერვში სამხედრო წვრთნების გარდა უნდა მიმდინარეობდეს სამხედრო განათლების გადაცემა, ფილმების ჩვენებით, სემინარებით, პრაქტიკული ტრენინგებით, როგორც სამხედრო ისტორიის, ასევე სამოქალაქო განათლების მიმართულებითაც. მართებული განათლების გადაცემით მოქმედი რეზერვი თავად დააინტერესებს და მოიწვევს სხვებს, ახალ რეზერვს. პროპაგანდა სხვა არაფერია, თუ არა რეზერვისთვის განათლების დონის ამაღლება მიზნობრივად. განათლებული რეზერვია სწორედ უსაფრთხოების გარანტი. პროპაგანდა კი აუცილებელია. არ დაგვავიწყდეს, რომ სანამ სტალინმა ქართველებისთვის გიორგი სააკაძის ფილმი არ გადაიღო, მანამდე ვერ აიღო რაიხსტაგი.

ეს ყველაფერი ჯდება ძალიან დიდი ფული, ამას ჭირდება სწორედ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა. რაც ნიშნავს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ბირჟების შექმნას და უფასო ციფრული პრივატიზაციის ჩატარებას. როგორც კი ამას გავაკეთებთ, მეორე დღესვე ვართ ნატოში. ეს რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა ლიბერალური რეფორმა და ლიბერალური წესრიგი. ნატო ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაცია არ არის, რომ მისი წევრობის შემთხვევაში მოვა და დაგიცავს. ნატოს წევრობას კონტრიბუცია ჭირდება, ანუ შენ უნდა შეიტანო საერთო ქვაბში შენი წილი ჯარითაც, რეზერვითაც, ტექნიკითაც და ტექნოლოგიებითაც. ამას კი ნამდვილად დიდი ფული ჭირდება, რომელიც ეკონომიკამ უნდა მოიტანოს. გვექნება საბაზრო ეკონომიკა? ვიქნებით ნატოში!

არ გვექნება ასეთი ეკონომიკა და გააგრძელოს მაშინ ქვეყანამ ახალგაზრდებისთვის ყარაულობის სტაჟი და მათი სურსათით უზრუნველყოფისთვის ტენდერები… კონსერვატიული წესრიგი ჰქვია მაგას და კიდევ 30 წელი მოგვიწევს ეს ამბავი, თუ არ შევიცვლებით ლიბერალური წესრიგისკენ.

პროფესიული ჯარის და რეზერვის ოდენობები თავდაცვის სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ. სპეციალისტები კი საკმაოდ ღირსეულები გვყავს.

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
| Print |